რა ხდება ყირგიზეთში?

48 საათზე უფრო ნაკლებ დროში ყირგიზეთი ფართო მასშტაბის პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გახდა - გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რასაც მოჰყვა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები, ბოლოს კი საქმე რევოლუციამდე მივიდა. ვითარება ცვალებადია, მაგრამ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია.

1. ამ მომენტისთვის ვინ მართავს ყირგიზეთს?

როგორც ჩანს, ყირგიზეთში ხელისუფლების ფაქტობრივი ვაკუუმია, ვინაიდან ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, სხვა მსხვილ სამთავრობო შენობებთან ერთად ხელში ჩაიგდეს მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის და სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობები.

6 ოქტომბერს დილით ყირგიზეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს ეს.

გამოსვლების მსვლელობისას გადადგნენ ბიშკეკის მერი აზიზ სურაკმატოვი და რამდენიმე ოლქისა და რაიონის გუბერნატორები, ასევე მთავრობის რამდენიმე ოფიციალური პირი. ძველმა პარლამენტმა უარი თქვა 6 ოქტომბერს საგანგებო სხდომის გამართვაზე და განაცხადა, რომ არ არის კვორუმი.

ამასობაში ოპოზიციურმა პარტია „მეკენჩილმა“ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი დასაკავებლად აყენებს ახლახან გათავისუფლებული ნაციონალისტი პოლიტიკოსის, სადირ ჯაპაროვის კანდიდატურას.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ოპოზიციური პარტია „ბუტუნ კირგიზსტანის“ ლიდერი ომურბეკ სუვანალიევი დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად. ამ პოსტზე მან შეცვალა ოროზბეკ ოპუმბაევი, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია.

ფინანსთან სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აჩერებს ყველა საფინანსო ოპერაციას „კანონიერი ხელისუფლების განკარგულებამდე“ და დასძინა, რომ ის „ხალხის ხელისუფლებას აღიარებს“.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლებმა კენჭისყრით ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ფინანსთა მინისტრად კიიალბეკ მუკაშევის დანიშვნას.

2. რა არის საკოორდინაციო საბჭო?

ოპოზიციური პარტიები შეეცადნენ შეევსოთ გაჩენილი ვაკუუმი და 6 ოქტომბერს გამოაცხადეს ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ. უცებ შექმნილი ორგანოს თავმჯდომარედ დაინიშნა „ბუტუნ კირგიზსტანის“ ლიდერი, ადალხან მადუმაროვი.

ამჟამად საბჭოში შედის რვა პარტია: „ატა-მეკენი“, „ბუტუნ კირგიზსტანი“, „ზამანდაში“, „სოციალ-დემოკრატები“, „ბირ ბოლი“, „ორდო“, „რესპუბლიკა“ და „რეფორმა“. მასში სხვა ჯგუფებიც მიიწვიეს.

საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, მან ძველ პარლამენტს მოუწოდა, საგანგებო სხდომა გამართოს და ახალი სპიკერი დანიშნოს, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდებოდეს.

3. რა არის პრეზიდენტ სოორბაი ჟეენბეკოვის ამჟამინდელი სტატუსი?

პრეზიდენტ სოორბაი ჟეენბეკოვის ოფისი აცხადებს, რომ ის ვითარებას აკონტროლებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ის ყოველ ღონეს ხმარობს კანონისა და წესრიგის აღსადგენად“ ყირგიზეთში. იურიდიული თვალსაზრისით, ჟეენბეკოვი კვლავაც ხელისუფლებაშია.

მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის ყირგიზეთის სამხრეთში, თავის მშობლიურ პროვინცია ოშში გაიქცა.

6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჟეენბეკოვი საპროტესტო გამოსვლებს ახასიათებს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობად. მაგრამ მან მზადყოფნა გამოთქვა, გაუქმდეს საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგები. ამის შესახებ მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გამოაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უშედეგოდ ეცადნენ პრეზიდენტთან დაკავშირებას და შეხვედრის გამართვას.

ამასობაში სოცქსელებში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო. მასში ნაჩვენები არიან დემონსტრანტები, რომლებიც ბიშკეკში, თეთრ სახლში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შედიან, აზიანებენ ავეჯს და ურტყამენ პრეზიდენტის პორტრეტს. არსად ჩანს პოლიცია ან უშიშროების ძალები.

6 ოქტომბერს დილით თეთრი სახლის ზოგიერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა, მის ჩასაქრობად მეხანძრეებს გამოუძახეს.

4. საით მიემართება ყირგიზეთი?

როგორც ჩანს, საკოორდინაციო საბჭო ცდილობს პროცესები კვლავ პოლიტიკურ კალაპოტში მოაქციოს. მისი განცხადებით, „დროა დასრულდეს ქუჩის დემოკრატია“ და სახელმწიფო საქმეები პოლიტიკური გზით გადაწყდეს.

„ატა-მეკენის“ ლიდერმა, იანარ აკაევმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს, რათა მოხდეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალიზება.

„ავირჩევთ პარლამენტის ახალ სპიკერს და მთავრობას, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს,“ თქვა აკაევმა 6 ოქტომბერს.

ვარაუდობენ, რომ პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ საბჭომ შეიძლება ჟეენბეკოვი აიძულოს გადადგეს. ასეთი სცენარის შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის სპიკერი გახდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

მაგრამ ყირგიზეთში, სადაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ორი რევოლუცია მოხდა, როგორც წესი, ძნელია პოლიტიკური პროგნოზების კეთება.