ყარაბაღი არ არის შორს - ინტერვიუ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მეცხრე დღეა გრძელდება და ჯერ ომს დასასრულის პირი არ უჩანს. მრავალწლოვანი კონფლიქტის ისტორიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა. ბოლოს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 2016 წელს განახლდა და მაშინ დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა.

  • რატომ იფეთქა ამჯერად კონფლიქტმა და რა გახდა ხელახალი ომის დაწყების მიზეზი?
  • რას ნიშნავს რუსეთის დუმილი?
  • რა შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას?
  • რა საფრთხის წინაშე დგას და რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?

ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ბექა კობახიძესთან, რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბექა, რამ განაპირობა ამჯერად მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება?

ბექა კობახიძე: სწორედ ახლა შეიქმნა აზერბაიჯანისთვის უნიკალური მომენტი, როცა საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არის ხელსაყრელი: რუსეთი მზადაა ჯერჯერობით მაინც დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, თურქეთი მზადაა, აზერბაიჯანს დაეხმაროს, ამერიკა დაკავებულია ძალიან მწვავე შიდავითარებით და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით, ხოლო ევროკავშირს არაფერი ძალუძს.

აქ მთავარი ფაქტორი მაინც არის რუსეთის ახლებური მიდგომა სომხეთისადმი. 1990-იანი წლებიდან, რუსეთი იყო სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი და ფორმალურად, დღესაც ამად რჩება. სომხეთი არის უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და რუსეთს აქვს მის დაცვის ვალდებულებები. თუმცა ფორმალურად, მთიანი ყარაბაღი ამ ორგანიზაციის არეალში არ შედის და არც რუსეთს აქვს ოფიციალური ვალდებულება, სომხეთს დაეხმაროს.

მიუხედავად ამისა, ათწლეულების მანძილზე, მაშინ, როდესაც ე.წ. „ყარაბაღის კლანი“ მართავდა სომხეთს, აზერბაიჯანს მკაცრად ჰქონდა წითელი შუქი ანთებული, რომ მას არ უნდა გადაელახა გარკვეული ზღვარი სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან მიმართებით. იყო შეტაკებები, მათ შორის, ყველაზე ხანგრძლივი, 2016 წელს, ოთხდღიანი შეტაკება, მაგრამ ამაზე შორს პროცესი არ მიდიოდა.

მაშ, რამ შეცვალა ვითარება?

ვითარება იცვლება 2018 წლიდან, მას მერე, რაც ხელისუფლების სათავეში რევოლუციის შედეგად მოდის ნიკოლ ფაშინიანი. მან ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რაც რუსეთისათვის იყო მიუღებელი და რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი „დასჯის“ მიზეზი. რუსეთს კი, როგორც ცნობილია, არ უყვარს მის ახლო სამეზობლოში რევოლუციური პროცესები, რაც გადამდებია და ამ ფერადმა რევოლუციებმა, ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთშიც შეაღწიოს.

ამას გარდა, ფაშინიანმა დასვა კითხვები რა სარგებელი ჰქონდა სომხეთისათვის უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, შეზღუდა რუსული ენის მოხმარება სომხურ სატელევიზიო სივრცეში, დაიჭირა პრორუსი პოლიტიკოსები, დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან და რუსულ კაპიტალს აღარ ჰქონდა ისეთ გასავალი სომხეთში, როგორც ადრე.

ასევე, ფაშინიანი არის პირველი ლიდერი, რომლის დროსაც, სომხეთი ხმას არ აძლევს საქარველოს წინააღმდეგ, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე, როცა საკითხი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას ეხება. მოკლედ, ფაშინიანმა დაიწყო დამოუკიდებელი თამაში - ხოლო რუსეთმა უთხრა - თუ შენ გსურს იყო დამოუკიდებელი, მაშინ იყავი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და თურქეთისგან თავდაცვის სფეროშიც. ამასთან, რუსეთი არის ე.წ. „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე და ამ კონფლიქტის მედიატორი და მხარეს არ უნდა იჭერდეს. მაგრამ, ცხადია, ეს არის ფორმალური მიზეზები. ეს ვითარება ხელსაყრელი იყო აზერბაიჯანისთვის.

არის კიდევ ერთი საკითხიც, რატომაც ახლა გამწვავდა ეს კონფლიქტი - გასაგებია, რომ ფაშინიანს სურს თავისი ქვეყნის დემოკრატიზაცია და მოდერნიზაცია, მაგრამ ის შევიდა ველზე, სადაც მისი ეს სურვილები წინააღმდეგობაში მოდიან სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებთან.

რა შემთხვევაში ჩაერევა პროცესში რუსეთი? შეიძლება თუ არა ამის მიზეზი გახდეს, მაგალითად ის, რომ რომელიმე ჭურვი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდეს?

ამ ეტაპზე ჯერ რუსეთისთვის არ არის მომგებიანი ჩარევა. ხალხი დარაზმული და გაერთიანებულია ფაშინიანის გარშემო, ამ მომენტში რომ ბრძოლა შეწყდეს, ეს არ იქნება მიღებული როგორც სომხეთის დამარცხება. სომხეთმა უნდა იწვნიოს მძიმე შედეგები, სანამ რუსეთი ჩაერევა. რა შეიძლება ეს იყოს ეს? აზერბაიჯანმა მინიმუმ 2 რაიონი ან მეტი უნდა დაიკავოს, მე ვიტყოდი, 2-დან 6 რაიონამდე დიაპაზონში აზერბაიჯანს ექნება საშუალება, რომ თავისუფლად იმოქმედოს, ასევე, საფრთხე შეუქმნას ლაჭინის გადასასვლელს, რომელიც მთიან ყარაბაღს დანარჩენ სომხეთთან აკავშირებს.

ეს კი ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღი იქნება იზოლაციაში და დანებების გარდა, გზა აღარ დარჩება. შეიძლება საფრთხე დაემუქროს შუშასა და სტეფანაკერტს. ეს უკვე სომხეთში აღქმული იქნება ძალიან მძიმე მარცხად. ან თავად ფაშინიანს მოუწევს კაპიტულაცია მოსკოვის წინაშე და მისი ნებისმიერი პირობის მიღება, ან სომეხ ხალხს მოუწევს ფაშინიანზე უარის თქმა.

ეს კი იქნება სამუდამო გაკვეთილი სომხების და სომხური პოლიტიკური ელიტისთვის, რომ მათი არსებობის გზა გადის მოსკოვისადმი უსიტყვო მორჩილებაზე. სანამ არ იქნება ასეთი რეალობა, მანამდე მოსკოვი აქტიურ ქმედებას არ დაიწყებს ომის შესაჩერებლად.

რა რეალური შიდა და გარე საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის ამ კონფლიქტის ფონზე?

საფრთხეების და თეორიული სცენარების დიაპაზონი მრავალგვარია - ერთი, ეს არის ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვა ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს შორის. არის მთელი რიგი რაიონები, სადაც ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ და იქ მეტია ასეთი საფრთხე.

საფრთხეა ყალბი ამბების გავრცელებისა, რაც იწვევს შუღლის გაღვივებას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ჩვენი სპეცსამსახურები. შეიძლება იყოს სპეკულაცია სამხედრო ტვირთების გატარების მხრივაც და აქაც, ჯერ ერთი, საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და არც ერთი მიმართულებით არ უნდა გაატაროს სამხედრო ტვირთი, და მეორე, აქაც შეიძლება გავრცელდეს ყალბი ინფორმაცია, რომ ეს მაინც გააკეთა საქართველომ. ამ საინფორმაციო ომსაც უნდა მუდმივად ადევნოს თვალი ქართულმა მხარემ.

მე არ მგონია ეს მოხდეს, თუმცა ყოველთვის არსებობს რუსეთის მხრიდან სატრანსპორტო კორიდორის მოთხოვნის საფრთხე. ასევე არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება სამხედრო კონფრონტაციამდე მივიდეს ვითარება, რადგან როცა რუსეთი ჩაერევა, აზერბაიჯანი თავად შეწყვეტს აქტიურ მოქმედებებს. ასეც რომ არ იყოს, რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს გიუმრის სამხედრო ბაზაზე იმისათვის, რომ მომარაგება და ზურგი არ დასჭირდეს უშუალოდ რუსეთის მხრიდან.

არის კიდევ დავით-გარეჯის გადაუწყვეტელი საკითხიც...

დიახ, ამ ომის ბედზე და შედეგებზე ისიც იქნება დამოკიდებული თუ რა „ხასიათზე“ გამოვა ამ საბრძოლო მოქმედებებიდან აზერბაიჯანი, რა დამოკიდებულება ექნება საქართველოსთან და რამდენად მოქნილი იქნება ის დავით გარეჯის საზღვრების განსაზღვრის პროცესში.

მაგრამ ამ ყველაფერზე მთავარი არის ის, რომ ამ ომის შემდეგ, რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება რუსეთის გავლენა, რაც განპირობებული იქნება შემდეგით: თუ აზერბაიჯანმა მოახერხა ორიდან ექვს რაიონამდე დაკავება, ეს იქნება სომხეთისთვის მკაფიო სიგნალი, რომ მას უსიტყვო მორჩილება უნდა ჰქონდეს რუსეთისადმი და უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, მომადლიერებული აზერბაიჯანი დაინახავს იმ სიკეთეებს, რაც მას რუსეთთან დაახლოებამ მოუტანა და მასთან ურთიერთობას არ გაამწვავებს.

მეტიც, გარკვეული ენერგოპროექტებიც კი შეიძლება განხორციელდეს ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის დერეფანზე.

რამდენად მოახერხებს საქართველო ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას მეზობელ ქვეყნებთან?

საქართველო, ვფიქრობ, ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას წარმატებულად ახერხებდა 1918-1921 წლებშიც. ქართულ-სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გარკვეულია პოზიცია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მხარს უჭერს ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნებას, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან საქართველოსაც იგივე საკითხი უდგას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამას სომხური მხარე გაგებით ეკიდება.

რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სთხოვოს საქართველოს სომხეთთან სატრანსპორტო კორიდორის დაკეტვა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ამას მას ვერავინ მოსთხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში დაიწყოს ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან მას დღეს საზღვარი ისედაც დაკეტილი აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. საქართველო კი მისთვის ერთადერთი ფანჯარაა. ამიტომ არ მგონია, რომ საქართველო ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავა.

ჩემი აზრით, ასევე კონსტრუქციული შეთავაზება წამოვიდა საქართველოს პრემიერისგან, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს თბილისში, ეს ცხადია თბილისის, როგორც რეგიონული ცენტრის ფუნქციას გაამყარებდა, თუმცა, არა მგონია, რომ ეს თბილისში მოხდეს. საქართველო ვერ შეასრულებს მხარეებს შორის მოდერატორის ფუნქციას, ასეთი ძალა შეიძლება იყოს დასავლური სახელმწიფოები.

მაგრამ ცხადია, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ გაუბედავენ სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერები რუსეთს, რომ ის ამოაგდონ მოლაპარაკებათა პროცესიდან. თეორიულად, თბილისურ მოლაპარაკებებში რუსეთიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული, მაგრამ რატომ აირჩევს რუსეთი თბილისს მოლაპარაკების ადგილად? ეს სრულიად წარმოუდგენელია.

რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი ამ ომში? რამდენჯერმე ახსენეს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მიტანის ვერსიაც.

სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრად უარესი სცენარებიც არის შესაძლებელი. სომხეთის ატომური სადგურის დაბომბვის გარდა, სომხეთს შეუძლია მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვა, რაც წალეკავს აღმოსავლეთ აზერბაიჯანს, არცახის არაღიარებულ რესპუბლიკას და თავად სომხეთსაც აქვს სამხედრო არსენალი, რომლითაც მათ პირდაპირ ბაქოს და თუნდაც პრემიერის სასახლის დაბომბვა შეუძლიათ. ხოლო აზერბაიჯანს კიდევ უფრო ადვილად შეუძლია ერევნის დაბომბვა. ანუ კატასტროფის გამომწვევი ტექნიკური საშუალებები ამ კონფლიქტს ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ასეთ თავზეხელაღებულ შემთხვევებზე პოლიტიკური ფასი იქნება იმხელა, არავის არის მზად ამის გადასახდელად.

საერთაშორისო საზოგადოება ჯერჯერობით დუმს - ვის და როგორ შეუძლია დღეს ამ ომის შეჩერება?

დასავლეთს ახლა არანაირი რესურსი არა აქვს ამ კონფლიქტის შესაჩერებლად. აქ არის ერთი მხარე, რომელიც უტევს - აზერბაიჯანი. სომხეთი არ არის საბრძოლო მოქმედებების განხორციელების და გაგრძელების მომხრე, მას ხელს აძლევდა ის სტატუს-კვო, რაც 26 წლის მანძილზე იყო.

კითხვა ასე უნდა დაისვას: ვის რა რესურსი აქვს, რომ აზერბაიჯანს აიძულოს ცეცხლის შეწყვეტა? ამას ის თავად არ გააკეთებს, რადგან აქვს სამხედრო უპირატესობა, თურქეთი მას ამას არ აიძულებს. დასავლეთს შეუძლია სანქციები დააწესოს, მაგრამ ვერ დააწესებს, იმიტომ, რომ სამართლებრივი და მორალური უპირატესობა დღეს არის აზერბაიჯანის მხარეს.

ეს ქვეყანა 26 წლის განმავლობაში არ შედიოდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში, ცდილობდა დიპლომატიური გზით დაერეგულირებინა ეს კონფლიქტი. მიღებული იყო „მადრიდის ფორმულა“, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები - არაფერი არ შესრულდა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მხრიდან.

ეს ტერიტორია საერთაშორისო აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად. მაშინ, რატომ დაუწესებენ აზერბაიჯანს სანქციებს? თუ მან არ ჩაიდინა გაუაზრებელი, კაცობრიობის წინაშე დანაშაული, რასაც მოჰყვება მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დახოცვა.

რჩება მხოლოდ ორი ფაქტორი, რამაც შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვიოს - ერთი, ეს არის სომხეთის სამხედრო გამარჯვება. თუმცა ეს არ ჩანს რეალისტურად დღეს და მეორე - რუსეთის მკაფიო ჩარევა ამ პროცესში და სახელობითი მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.

ასეთ მოწოდებას კი, რუსეთი არ გააკეთებს მანამ, სანამ სომხეთისგან სრული ლოიალობის გარანტიას არ მიიღებს.