საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინა უკვე შეძენილია და ვაქცინის პირველი ნაწილი მომავალი ერთი კვირის მანძილზე იქნება შემოტანილი:
„ვაქცინა რა თქმა უნდა არის შეძენილი. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ შევიძინოთ დამატებითი რაოდენობა ვაქცინის, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმის, რომ ისინი იყვნენ აცრილები და შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი ვაქცინის იქნება ქალაქში და აქედან გამომდინარე დავიწყებთ უკვე მოსახლეობის ვაქცინაციას“, - განაცხადა მინისტრმა კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საერთო ჯამში იგეგმება 250 000-ზე მეტი ვაქცინის შეძენა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გარდაცვლილია 53 ადამიანი.