სომხეთი და აზერბაიჯანი გამოთქვამენ მზაობას მინსკის ჯგუფთან თანამშრომლობაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს - ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრებს - მოუწოდა გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად. ალიევი ამ განცხადებით ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში გამოვიდა 3 ოქტომბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა მინსკის ჯგუფის ერთობლივ მოწოდებას კონფლიქტის დასრულებისკენ.

მინსკის ჯგუფი შუამავლობას უწევს სამშვიდობო ძალისხმევას მთიან ყარაბაღში მას შემდეგ, რაც ადრეულ 1990-იან წლებში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება იქნა მიღწეული.

2 ოქტომბერს სომხეთმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს ეუთოს ეგიდით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში.

მინსკის ჯგუფმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდა "დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსობრივი მოლაპარაკების განახლებაში, გულწრფელად და პირობების გარეშე". მოლაპარაკება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით უნდა წარიმართოს.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე კვირაში იფეთქა შეტაკებებმა ქვეყნების ძველ დაპირისპირებაში, რამაც გაზარდა შიში სრულმასშტაბიანი ომის და მასში რეგიონული მოთამაშეების, რუსეთის და ნატოს წევრი თურქეთის ჩართვის შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 3 ოქტომბერს უარყო "ზედაპირული" მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ და განაცხადა, "ისინი ამჯერად არ იქნება გამოსადეგიო" - იუწყება სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.