მაშველებმა ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გაუჩინარებული ორი ადამიანის გვამი იპოვეს

ცოტა ხნის წინ მაშველებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში 16 საათიანი სამძებრო სამუშაობის შედეგად იპოვეს, ჩამოწოლილი მეწყრის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანის გვამი აღმოჩნდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ეძებენ კიდევ სამ ადამიანს.

მდინარე მეჯინისწყალში ეძებენ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს. მაშველებმა მდინარიდან წუხელვე ამოტანეს ავტომობილი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა სახლი მოიყოლა. დაზუსტებული ინფორმაციით, სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. გზების დანგრევის გამო გართულებული იყო სტიქიის ზონამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორასამდე მეწყრული კერა გააქტიურებული.