დეა კულუმბეგაშვილის გამარჯვება სან-სებასტიანის კინოფესტივალზე; მანამდე, სამი კვირით ადრე, “ოქროს ლომი” - ქლოი ჩჟაოს ვენეციის კინოფესტივალზე და ბერლინალეს პრიზი, “ვერცხლის დათვი”, თებერვალში - ელიზა ჰიტმანს ფილმისთვის “არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის” - 2020 წელს სამი დიდი კინოფესტივალი მოეწყო და სამივე ფესტივალი ქალი რეჟისორების ტრიუმფით დასრულდა. დღეს სქესის ხაზგასმა უკვე უხერხულად ითვლება (“ბერლინალემ” ქალისა და მამაკაცის როლების შემსრულებლებისთვის განკუთვნილი “დათვები” საერთოდ გააერთიანა), მაგრამ ქალების წარმატების აღნიშვნას ვერავინ დამიშლის. მით უმეტეს, რომ წლებია უკვე დიდ კინოფესტივალებზე რეჟისორი ქალების ფილმებს ან არ აჩვენებენ, ანდა, მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობისთვის რთავენ კონკურსში... და, როგორც წესი, ამ ფილმებს ეტყობათ, რომ ზრდილობის გამო უჩვენებენ.
ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონი, რომელიც აბორტის სისხლის სამართლის დანაშაულად გადაქცევას ითხოვს. კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების” დეპუტატი ალექსანდრე ერქვანიაა. მამაკაცები უკვე მერამდენად მოითხოვენ აბორტის აკრძალვას (ხაზს ვუსვამ - მამაკაცები!) და არამარტო საქართველოში. აბორტი სერიოზული პრობლემაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით სწორედ დღევანდელ, ტრამპის ამერიკაში. თუმცა ჰოლივუდი წლების მანძილზე ერიდებოდა ამ თემას. ითვლებოდა, რომ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ პოზიციის ღიად გამოხატვა ფილმს, უბრალოდ, დააკარგვინებდა მაყურებელს.
ელიზა ჰიტმანის ფილმი ე. წ. “მცირებიუჯეტიან კინოს” მიეკუთვნება. მის ავტორს ნამდვილად არა აქვს პრეტენზია კომერციულ წარმატებაზე. სხვათა შორის, მცირე ბიუჯეტი პრობლემებსაც უქმნის რეჟისორს - “არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის” გარკვეული თვალსაზრისით “როუდ მუვია”. ფილმის გმირი 17 წლის ქალია, რომელიც თავის ბიძაშვილთან ერთად პენსილვანიიდან (სადაც აბორტი აკრძალულია მშობლების ნებართვის გარეშე) ნიუ-იორკში მიემგზავრება აბორტის გასაკეთებლად. კინოსთვის, რომელშიც ამბავი გადაადგილებაზეა აგებული, გარემოს ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა რეალური ფონის გამოხატვა ჰიტმანის ფილმში მაინცდამაინც ვერ ხერხდება: მასშტაბი მეტისმეტად ვიწროა, რაც, საბოლოო ჯამში, სურათს ევროპული “არტ ჰაუზის”, ანდა ამერიკული “ინდი-კინოს” სტანდარტებში აქცევს. აქტუალური თემა, მინიმალისტური სტილი, მგრძნობიარე, ძალიან ცოცხალი კამერა და მშვენიერი მსახიობები ევროპამ მოიწონა - ელიზა ჰიტმანის ფილმი ბერლინის კინოფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზით, “გრან-პრით” აღინიშნა. თუმცა მანამდე მოიწონა ამერიკამ - ფილმი წარმატებით უჩვენეს სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც შეაფასეს როგორც “ამერიკული ნეორეალიზმი”.
არადა, თუ რომელიმე მიმართულებასთან არ აკავშირებს ჰიტმანის ფილმს არაფერი, ეს სწორედ ნეორეალიზმია. რეჟისორს სურვილიც კი არა აქვს სოციალური თუ პოლიტიკური პათოსით გაამდიდროს ფილმის თემა - ქალის უფლება მართოს საკუთარი სხეული. მთელი ეს კამპანიები აბორტის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის - შუა საუკუნეები იქნება თუ ჩაუშესკუს კომუნისტური რუმინეთი (გახსოვთ, ალბათ, კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორ კრისტიან მუნჯუს ფილმი “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”), კათოლიკური პოლონეთი თუ აგერ, “ოცნების” დეპუტატის ინიციატივა - უამრავ ქალში იწვევს ბრაზს და აგრესიას. ამიტომ ბუნებრივიციაა ის პათეტიკა, რომელიც თან ახლავს აბორტის თემაზე გადაღებულ ქალთა უფლებების დამცველთა ფილმებს. ფილმში “არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის” ხაზგასმით, პრინციპულად უარყოფილია ხმამაღალი, “პუბლიცისტური” ინტონაციები. სურათის სათაური გამოხატავს ანკეტას, რომელსაც უნდა უპასუხოს 17 წლის ქალმა. მოკლე პასუხები -“არასოდეს”, “იშვიათად”, “ზოგჯერ”, “ყოველთვის” (ერთი სიტყვა ამ ოთხიდან) - არსებითად ჰიტმანის ფილმის სტილს ასახავს. სურათი, რომლის ნახვასაც ამ კვირაში გირჩევთ, უფრო ოქმია, რომელიც გვიჩვენებს არასრულწლოვანი ქალის უხმაურო ბრძოლას საკუთარი სხეულისთვის. ვისგან უნდა გააჩინოს შვილი ახალგაზრდა ქალმა? იქნებ ძალადობის მსხვერპლია? იქნებ შეცდომა დაუშვა? იქნებ მოატყუეს? რატომ უნდა გახდეს იმ ბავშვის დედა, რომლის მამა შესაძლებელია მოძალადე იყოს?
ელიზა ჰიტმანი აღნიშნავს, რომ ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო ირლანდიელი ქალის, სავიტა ჰალაპანავარის, ამბავი - ტრაგიკული ცხოვრება ქალისა, რომელსაც 2012 წელს დუბლინელმა ექიმებმა უარი უთხრეს აბორტის გაკეთებაზე (ირლანდიაში აბორტი აკრძალული იყო). სავიტა გარდაიცვალა. მის დაღუპვას მოჰყვა ქალთა უფლებების დამცველთა მანიფესტაციები ირლანდიასა და ინგლისში. ირლანდიის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა კანონი.
მაგრამ მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები საერთოდ არაა მნიშვნელოვანი ჰიტმანის ფილმში. მთავარი, რასაც აკეთებენ რეჟისორი და მსახიობები, ინტიმურ, განტვირთულ გარემოში ადამიანის გრძნობების ჩვენებაა. უფრო სწორად, არა გრძნობების, არამედ გრძნობების ნიუანსების. დიახ, ამ მინიმალიზმში ვნებები შენიღბულია, ემოციები “მოთოკილი”... და რაც უფრო მეტად იკავებს თავს სურათის გმირი, რაც უფრო უემოციოდ, უსიტყვოდ უპასუხებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ მის არჩევანში, აზრი შეაცვლევინონ, მით უფრო პოეტური, უფრო სახიერი ხდება 17 წლის ქალის მარტოობა. კი, აქ, ისევე როგორც კრისტიან მუნჯუს ფილმში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ფილმის მთავარ გმირს, ეხმარებიან, ცდილობენ გაუგონ... მაგრამ კონფლიქტი, რომელმაც ფილმის დრამატურგია უნდა შექმნას, არაა აგებული კონსერვატორებისა და ლიბერალების დაპირისპირებაზე, როგორც აბორტის თემაზე გადაღებულ სხვა ფილმებში. ჰიტმანის ფილმი საერთოდ არაა დაპირისპირებაზე. ესაა ფილმი მარტოობაზე.
“არასოდეს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის” გადაიღო ცნობილმა ფრანგმა ოპერატორმა ელენ ლუვარმა. სიცოცხლის ბოლოს მასთან ანიეს ვარდა თანამშრომლობდა - ლევარი ვიმ ვენდერსის, ალიჩე რორვახერის ფილმების ოპერატორი. ჰიტმანის ფილმი კინოს მოყვარულებს აუცილებლად გაგახსენებთ ვარდას ესთეტიკას, განსაკუთრებით სურათს “უსახლკარო” - კამერულ დრამას მოხეტიალე ქალზე, რომელსაც აღარაფერი რჩება საკუთარი სხეულის გარდა. აბორტის მოწინააღმდეგეები ქალებს ამასაც კი ართმევენ - საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლებას. სხვები კითხვებს სვამენ და არჩევანის წინაშე მყოფი ქალებისგან კონკრეტულ პასუხს, მხოლოდ ერთ სიტყვას მოითხოვენ: უნდა თქვა ან “არასოდეს”, ან “იშვიათად”, ან “ზოგჯერ”, ანდა “ყოველთვის”! სხვა სიტყვა არაა ანკეტაში. არადა, ცხოვრება სწორედ სხვა სიტყვებითაა მდიდარი. გრძნობებითაა მდიდარი. იმ გრძნობებით, რომლებსაც იხილავთ ელიზა ჰიტმანის ფილმში.