გედევან ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას

გედევან ფოფხაძე

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ მისი პარტიის პოტენციური ამომრჩევლები არიან ადამიანები, რომელთაც მობეზრდათ წლების განმავლობაში უსამართლო ჩაგვრა და თავიანთ ქვეყანაში მდგმურების როლში არიან.

„ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ "გირჩს", უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ. წლების მანძილზე ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ რომ მოვიდნენ ქვეყანაში რომ ჩემზე იბატონონ.

მე ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ „პარაშაზე“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რომლის თქმითაც, მნიშვნელობა არ აქვს რამდენია ამ ხალხის პროცენტული რაოდენობა. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას აქვს პრეტენზია, რომ ხალხს თავისუფლებას მოუტანს:

„იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის კითხვას იმასთან დაკავშირებით, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ვისთან შექმნიდა ალიანსს, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ პარტია პოლიტიკური კონიუნქტურის კი არა, პოლიტიკური პრინციპებისა და ფასეულობების კარნახით იმოქმედებს და არანაირ გარიგებაზე არ წავა:

„პოლიტიკურ კონიუნქტურას მე ჩემი პრინციპები არ მინდა შევწირო. ჩვენ არ გვინდა არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული ოცნება. რას ვიზამ თავს არ მოვიკლავ თუ ოპოზიციაში უნდა ვიყო, ვერც ოპოზიციაში ყოფნაში ვერ ვხედავ ტრაგედიას ამ შემთხვევაში. ჩვენთვის პრინციპული არის დავიცვათ ის პრინციპები, რის გამოც წამოვედით ქართული ოცნებიდან. რის გამოც ვართ პოლიტიკაში, რის გამოც მივედით და შესაბამისად თუ მე ამ პრინციპებს არ ვიცავ, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი. თუ მე ვერთიანდები ირაკლი ოქრუაშვილთან ვერთიანდები "გირჩთან", რომელთანაც არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არა მაქვს, მარტო იმიტომ რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მოიტანა ეს ყველაფერი, მაშინ ჩემი ყოფნის მორალური და პოლიტიკური ფასი პოლიტიკაში არის ნული“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ "დილის საუბრებში".

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა, მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვება უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას.