2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში 118 გვერდი რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან პირიქით, საზიანოდ მუშაობდა. კვლევა "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოაქვეყნდა და ამ გვერდების 14 290 პოსტი შეისწავლა.
პირველი შუალედური ანგარიშით გამოიკვეთა, რომ არსებობს:
- ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
- მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;
- ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
- ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
- ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
- ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.
- დაკვირვების ქვეშ იყო "პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.
"საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივება. დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამი) უფრო მაღალია", - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. მათი ძირითადი სამიზნე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". ისინი ასევე ეწევიან "ევროპული საქართველოსა" და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების, თუმცა არა "პატრიოტთა ალიანსის", დისკრედიტაციას.
"რიგ შემთხვევებში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISFED-მა გამოავლინა 10 ცრუ მედიაგვერდიც, რომელიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ:
"დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცრუ მედიაგვერდები საკუთარ პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და Facebook-ის რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ".
მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391 491 წევრი ჰყავთ. "ქართულ ოცნებასთან" კი აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369,172 წევრით. "სტრატეგია აღმაშენებელს" 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20 334-ის ტოლია.
მავე კვლევის ფარგლებში "სამართლიანმა არჩევნებმა" სახელმწიფო უწყებების ოფიციალური Facebook-გვერდები გამოავლინა, სადაც მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნეოდა.
"მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც ეხმიანება "ქართული ოცნების" მხარდამჭერ Facebook გვერდს "რა კეთდება", რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი "ქართული ოცნება" არის მითითებული", - ვკითხულობთ ანგარიშში.