ზალკალიანი გარეჯზე: გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. „რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - ამბობს მინისტრი.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას განიხილეს ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.

„ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაჟღერებული თემატიკა, ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. ამის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა, სად ვართ, რა მოცემულობა გვაქვს და რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ პოზიციები", - თქვა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა მოძიებული ახალი კარტოგრაფიული მასალების, დოკუმენტების და ექსპერტული დასკვნების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.

„მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემ მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა ზალკალიანმა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

„ცეცხლთან თამაში" უწოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა.