ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, 5 ოქტომბრიდან ქვეყანაში ხელმეორედ გამოცხადდეს საგანგებო ვითარება COVID-19-ის შემთხვევათა ზრდის გამო.
ჯანდაცვის მინისტრმა რომან პრიმულამ 30 სექტემბერს, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მინიმუმ პირველი ორი კვირის განმავლობაში შეიზღუდება შენობაში 10 ადამიანზე მეტის, გარეთ კი 20-ზე მეტის შეკრება. იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, იხურება საშუალო სკოლები და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს საავადმყოფოებში დასახმარებლად გამოიძახებენ.
მისი თქმით, თეატრები და კინოდარბაზები კვლავაც იმუშავებს, მაგრამ შეწყდება მიუზიკლები და საოპერო წარმოდგენები. სპორტული ღონისძიებები კვლავაც გაიმართება, მაგრამ მაყურებლის გარეშე.
კორონავირუსის შემთხვევათა მკვეთრი ზრდის მიხედვით ჩეხეთი ამ თვეში ევროპაში მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით. სექტემბერში ინფიცირების 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, დღეის მონაცემებით, 10,5-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 67843 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 636.
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 33,7 მილიონზე მეტი და გარდაცვლილია მილიონზე მეტი.