საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ ისრაელში დროებით დამხმარე პერსონალად დასაქმება ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და /ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადების თანახმად, დღეს, 30 სექტემბერს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბი აშკენაზსა და საქართველოს ელჩს ისრაელში, ლაშა ჟვანიას მიერ ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.
ხვალ, 1 ოქტომბერს კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.
„დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.
„ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის“, - აღნიშნავს ისრაელის საელჩო საქართველოში.