„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება. პარტიის წევრის, კობა კვარაცხელიას ინფორმაციით, დღეს საუბნო საარჩევნო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები არიან.
ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, ეს თანამდებობები წინასწარ არის განაწილებული „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში. კვარაცხელიამ ზუგდიდში, საოლქო კომისიასთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საუბნო კომისიის წევრებიც წინასწარ არიან გაფრთხილებული ხმა ორგანიზებულად მისცენ კონკრეტულ პირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების სახით დატოვეს დოკუმენტი, სადაც მათი მტკიცებით, გაწერილია კომისიებში თანამდებობებზე ასარჩევ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირთა ვინაობა.
„მოვუწოდებთ, რომ პირველი სხდომების დამთავრების შემდეგ, როცა შემოვა უბნებიდან პირველი სხდომების ოქმები, მოხდეს შეჯერება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ოქმების ინფორმაციის. თუ ეს ინფორმაცია, აქ მითითებული სახელი და გვარები და თანამდებობები დაემთხვა ოქმებში მითითებულ თანამდებობებს და სახელს და გვარს, მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყოს მათზე კანონით მინიჭებული მოქმედებები“, - განაცხადა კობა კვარაცხელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საოლქო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია კონკურსით, კანონის სრული დაცვით და ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, ნათესაური კავშირი ჰქონოდა, არ იღებდა მონაწილეობას არც კონკრეტული აპლიკანტის და არც შესაბამისი უბნის წევრების კენჭისყრაში. მირანდა მესხი დარწმუნებულია, რომ უბნებზეც თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს კანონის დაცვით აირჩევენ.
მესხის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კონკურსში სულ 693 პირი დარეგისტრირდა, საიდანაც ავტომატურად მოიხსნა 38.
„ისინი გამოეთიშნენ პროცესს, ვინაიდან ბოლო, 2019 წლის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყვნენ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები. მე ნათესაური ურთიერთობების კვლევა არ მევალება. კონკრეტულად კომისიას ეს არ ევალება. ყველამ მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე და იმ პრიორიტეტების საფუძველზე, რაც განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ეს კი გახლავთ საარჩევნო გამოცდილება, პასუხისმგებლიანობა, ბოლო 2 წლის განმავლობაში დისციპლინური სახდელის არქონა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა“, - განაცხადა მირანდა მესხმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრეტენზიებით 29 სეტემბერსაც იმყოფებოდნენ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ საარჩევნო კომისიიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა და არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა. ეს ბრალდება საოლქო კომისიაში უარყვეს.
29 სექტემბრის ინციდენტის გამო, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.