პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებას

გიორგი გახარია, ოლივერ ვარჰეი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა“ და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელს ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს.

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. გაიმართა მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტისას გიორგი გახარია შეხვედრებს მართავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან და ევროკომისიის და ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან.