14 წლის ლუკა ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვთა აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და რის გამოც მისი ადგილი არც ერთ დღის ცენტრში არ მოიძებნა, ამ დრომდე კი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რჩებოდა, სახლში დაბრუნდება.
ასევე ნახეთ სად არის ლუკას ადგილი?28 სექტემბერს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი ადვოკატების, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა: სანამ ქვეყანაში ლუკას დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური სარეაბილიტაციო სერვისი შეიქმნება, მოსამართლე დავით წერეთელმა სახელმწიფო დაავალდებულა ლუკას გამოუყოს თერაპიული კომპეტენციის მქონე 2 დამხმარე, დღეში 12 საათის განმავლობაში, ყოველდღე, უქმე დღეების და დასვენების დღეების ჩათვლით.
Your browser doesn’t support HTML5
ეს ნიშნავს, რომ ლუკას მშობლებს ბავშვის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან წამოყვანა უახლოეს დღეებში შეეძლებათ.
„ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, ბავშვი გამოვა ფსიქიატრიულიდან, სადაც მისი ადგილი არ არის და მეორე - როცა სასამართლო აკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნას, ის აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს. ესე იგი, თუ სახელმწიფო კიდევ ათი წელი არ შექმნის სარეაბილიტაციო სერვისს, ლუკას აქვს უფლება ამ ათი წლის განმავლობაში ჰყავდეს ეს დამხმარეები. და ჩვენ ამას მოვითხოვთ სხვა ბავშვების შემთხვევაშიც, ვისაც ეს სჭირდება. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს სერვისს და უფრო ადრე, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ანა არგანაშვილმა.
ლუკა ღარიბაშვილის პრობლემის შესახებ რადიო თავისუფლებამ პირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერა - მაშინ მის დედას, ნინო მხეიძეს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, თუ როდის დააბრუნებდა შვილს სახლში. დღეს ამ კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს.