სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდში, 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 61 შესაძლო დარღვევა აღმოაჩინა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი დარღვევების არსებობა ხელს უშლის არჩევნებში ჩართულ პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს.
"მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს. ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას... უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
გამოვლენილი დარღვევების ტიპოლოგია:
- სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24;
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 1;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13;
- არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის - 8;
- სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.
ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები:
- 28 სექტემბერს სოფელ სადახლოში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებენ.
- 27 სექტემბერს ბოლნისში, მმართველი პარტიის და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატების წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც.
- ზუგდიდში, "ლელოს" წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუკზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით.
- რამდენიმე მინიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს მხარდამჭერებზე ზეწოლას და მათი გადაბირების მცდელობებს. პოლიტიკოსთა განცხადებით, ამის გამო მათ უჭირთ ადგილზე კადრების მოძიება, ხოლო მათი მხარდამჭერები და წარმომადგენლები უარს ამბობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
- სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც.
- აბაშაში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ასევე, 300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში მუნიციპალუტეტის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის, 1 032 100 ლარით გაზარდა.
- საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლები.