მთიანი ყარაბაღის რეგიონში მეორე დღეა გრძელდება სისხლიანი შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თავშეკავებისკენ საერთაშორისო მოწოდებების ფონზე.
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს მძიმე არტილერიის გამოყენებაში, არის ცნობები ათობით დაღუპულზე, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის, დაჭრილია ასობით ადამიანი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში. ბრძოლა 27 სექტემბერს განახლდა და გააჩინა შეშფოთება, რომ კონფლიქტში ჩარევა მოუწევთ მსხვილ რეგიონულ მოთამაშეებს, რუსეთს და თურქეთს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 28 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ბაქო აცხადებს, რომ შეტაკებების დაწყების შემდეგ დაიღუპა ექვსი აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ოჯახის ხუთი წევრი, და დაიჭრა 19 პირი.
აზერბაიჯანში ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული, სეპარატისტული ანკლავი, მთიანი ყარაბაღი 28 სექტემბერს აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებთან წინა დღეს მომხდარ შეტაკებებს შეეწირა მისი 32 მებრძოლი.
სტეპანაკერტში და ერევანში სამხედრო სფეროს წარმომადგენლებმა 28 სექტემბერს თქვეს, რომ 59 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო მისი თქმის საჰაერო და საარტილერიო შეტევა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში ამბობს, რომ „ინტენსიური ბრძოლა ღამის განმავლობაში გაგრძელდა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 28 სექტემბრის განცხადებაში წერს, რომ „სომხეთის შეიარაღებული ძალები ესვრიან ქალაქ ტარტარს“, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება.
შეტაკებების პირველ დღეს ორივე მხარემ გამოიყენა ვერტმფრენები, საფრენი აპარატები, ტანკები და არტილერია.
ძალადობის ესკალაციას მოჰყვა მყისიერი მოწოდებები ევროპის სახელმწიფოების, რუსეთის, გაეროს და აშშ-ის მხრიდან, რომლებიც ორივე მხარეს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები და დიალოგი დაიწყონ.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს განცხადებით, მას სომხეთის მთავრობამ მიმართა თხოვნით აზერბაიჯანს წარუდგინოს სასწრაფო ინსტრუქციები, რათა მან შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, ისევე, როგორც სამხედრო სვლა სომხეთის და მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებზე.
თურქეთი აცხადებს, რომ მხარს თავის ტრადიციულ მოკავშირეს, აზერბაიჯანს დაუჭერს.
მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.
1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.