კოვიდინფიცირებულ 57 წლის მამაკაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუმარტა რადიო თავისუფლებას, პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ პაციენტს ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და იმყოფებოდა დიალიზზე:
„პლიუს ამას თანმხლები ჰქონდა დიაბეტი, გართულდა პნევმონიით, ერთი პერიოდი სუნთქვითი კომპონენტი გასწორდა, უკეთესად იყო, მაგრამ მერე ისევ გადავიდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამ დილისთვის სუნთქვის კომპონენტი ისე გაუარესდა, რომ ვეღარ ხერხდებოდა მისი უაპარატოდ მართვა. გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, თუმცა მალე გული გააჩერა და სამწუხაროდ ვეღარაფრით დავეხმარეთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ. მისი თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხოლო დღის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 4 შეადგინა.
20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი.
COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.