სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. პოსტში იგი განმარტავს, რომ მისი ეს პოზიცია სრულიად ნათელია და სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება. ამავე პოსტში იგი აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს იმ ადამიანების უფლებები, ვინც აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ:

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი პოსტში, რომლის თანახმადაც საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრული ურთიერთობებით. მისი თქმით, ამ ქვეყნების მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებისაა:

„მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ!..“ - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. იგი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

ორ მეზობელ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა, სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.