სომხეთში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა

მთიან ყარაბაღში დღეს გახსნილი ცეცხლის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა..სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას სამშობლოს დაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი.

საომარი მდგომარეობა გამოაცხადა თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ არუთინიანმაც და ყველა სრულწლოვან კაცს მობილიზაციისკენ მოუწოდა.

პარალელურად, სომხეთის მთავრობა აზუსტებს ცნობებს შეტაკებების შედეგად მსხვერპლის შესახებ. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ფეისბუკზე წერს, რომ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია 2 დაღუპულ ადამიანზე ვრცელდება, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია და ერთი ქალი. არიან დაშავებულებიც. შუშან სტეფანიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვისას დაზიანდნენ სკოლებიც, მათ შორის სტეპანაკერტში. სომხეთი ამ მონაცემებს ყარაბაღის დე-ფაქტო ომბუდსმენზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებულ სამხედრო მოქმედებებს ყარაბაღში ადასტურებს აზერბაიჯანიც, რომელიც პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 27 სექტემბერს თქვა, რომ "სომხეთი უნდა გაჩერდეს" და მას აზერბაიჯანი აუცილებლად გააჩერებს.

BBC-ის რუსული სამსახური წინა დღეებში იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანში რეზერვისტთა მოულოდნელი გაწვევა და სამხედრო სწავლებები დაიწყეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთი ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე დღის წინ, 21 სექტემბერს გააკეთა. რამდენიმე თვით ადრე, 22 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა თავდასხმაში სასაზღვრო ტავუში რეგიონში.

როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს.

ყარაბაღში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას .

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.