ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე, ჯეიხუნ მუჰამედალიზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო“. ინფორმაციას "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვის საფუძველზე, ბოლნისის საკრებულოს წევრის, ვუგარ ისაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა, 17 სექტემბერს მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიხუნ მუჰამედალის, ბოლნისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვუგარ ისაევი დაემუქრა და ხელი შეუშალა, ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის გაშუქებაში.
პროკურატურამ ჩვენი მიმართვის საპასუხოდ გვაცნობა, რომ 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონის სამმართველოში დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ჩვენ ბოლომდე დავაკვირდებით ამ პროცესს, რათა დამნაშავე პირი სათანადოდ დაისაჯოს“ - ნათქვამია "სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებაში.
16 სექტემბერს, დმანისში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ნახიდურში მოსახლეობას ხვდებოდა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, კახა ოქრიაშვილი. მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა ადგილობრივ საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვუგარ ისაევმა „მთავარის არხის" ჟურნალისტს, ჯეიხუნ მუჰამედალის.
19 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურასთან, ჯეუხუნ მუჰამედალის მხარდამჭერი აქცია გამართეს სტუდენტებმა და უწყებას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.
ჟურნალისტი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, 21 სექტემბერს გამოიკითხა. ჯეიხუნ მუჰამედალი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აქვს იმედი, რომ გამოძიება სათანადოდ წარიმართება და დეპუტატს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება:
"როდესაც ვკითხე გამომძიებელს, რატომ დამიბარეს გამოკითხვაზე ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ და რატომ დაიწყეს გამოძიება დაგვიანებით, გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩვენ გამოძიება მაშინვე დავიწყეთ, მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზეო. გამოიკითხა თუ არა დეპუტატი, ამის შესახებ ინფორმაცია, არ მაქვს. არ მაქვს იმედი, რომ საქმე ბოლომდე მივა. ეს გამოძიებაც ფორმალურად დაიწყეს, რომ დაენახებინათ ხალხისთვის, აი, საქმეს ვიძიებთო".