ჯერ ადამიანებზე, მერე ღმერთებზე

“ადამიანებსა და ღმერთებზე” (2010, საფრანგეთი, გრან-პრი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რეჟისორი ქსავიე ბოვუა, Des hommes et des dieux)

ამ კვირაში გარდაიცვალა მაიკლ ლონსდალი, დიდი ფრანგი მსახიობი, რომელმაც ორასამდე როლი შეასრულა კინოში. თითქმის ყველა ეს როლი ეპიზოდურია, მაგრამ ლონსდალმა მოახერხა და უამრავ კინოს მოყვარულს დაამახსოვრა თავი. მის გარეგნობას, რაღაცნაირ მაგიურ გამოხედვას, მიმიკისა და ჟესტის სიმკაცრეს არაერთმა დიდმა რეჟისორმა მიაქცია ყურადღება. 89 წელი იცოცხლა და მოასწრო ეთამაშა ორსონ უელსის, ფრანსუა ტრიუფოს, ალენ რენეს, ბერტრან ბლიეს, სტივენ სპილბერგის ფილმებში. მორწმუნე კაცი იყო და სიცოცხლის ბოლოს როლებს ძალიან ფრთხილად ირჩევდა. ამიტომ ნაკლებად ჩანდა ეკრანზე. თუმცა როცა ასაკში შევიდა, როცა ხშირად ავადმყოფობდა, როცა განაცხადა, რომ სურს სიბერეში მაინც “დაასვენოს სული”, სწორედ ამ დროს ითამაშა თავისი საუკეთესო როლი ქსავიე ბოვუას ფილმში “ადამიანებსა და ღმერთებზე”. მამა ლუკის, მართლაც რომ გმირი მონაზვნის და, ამავე დროს, ექიმის როლის შესრულებისთვის ლონსდალი დაჯილდოვდა ფრანგული “სეზარით” , ხოლო თავად ფილმი ჯერ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრით აღინიშნა, შემდეგ კი ამერიკული “ოსკარის” ფინალურ ნომინანტებს შორის მოხვდა როგორც საუკეთესო უცხოენოვანი სურათი.

ფილმის მოქმედება 1996 წელს ალჟირში ხდება. 8 ფრანგი კათოლიკე მღვდელ-მონაზონი მშვიდობიანად ცხოვრობს ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად. ალჟირში თავიანთი მრევლი არა ჰყავთ. ცხოვრობენ ლოცვასა და მარხვაში, საუბრობენ ქრისტეზე, პასკალზე, წმინდანებზე. გალობენ, ეხმარებიან ადგილობრივებს. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბი სოფელი, უბრალოდ, ვერ იარსებებს მონასტრის მამების დაუხმარებლად. ასე, მშვიდობიანად გრძელდება მათი ყოფა, სანამ მონასტერში არ შემოიჭრება ცხოვრება. უფრო სწორად, პოლიტიკა. კიდევ დავაკონკრეტოთ? სანამ მონასტერში არ შემოიჭრება ძალადობა და სისასტიკე.

ამბავი, რომელსაც გვიყვება რეჟისორი, რეალურია. 1991 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ალჟირის არჩევნებში “ისლამისტურმა გადარჩენის ფრონტმა” გაიმარჯვა, ქვეყნის მართვა, ფაქტობრივად, დაიწყეს სამხედროებმა, რომლებმაც ხალხის მიერ არჩეული პარტია აკრძალეს. მაგრამ რადიკალები ამან არ შეაჩერა. პირიქით, აკრძალვამ კიდევ უფრო პოპულარული გახადა ისლამისტების დაჯგუფებები, რომლებიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში პირდაპირ ტერორზე გადავიდნენ. 1996 წელს მათ თიბირინის კათოლიკური მონასტრის 7 ბერი გაიტაცეს. ალჟირისა და საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში ტერორისტები იმუქრებოდნენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძევლებს თავებს დააჭრიდნენ...

ამ ისტორიამ მაშინ მთელი მსოფლიო შეძრა. “ISIS”-ი ჯერ შექმნილი არ იყო და ტერორისტული აქტების მთელი სერია ფრანგებს წინ ელოდათ. მაგრამ რადიკალებმა შიში უკვე დათესეს. ტრაგედია ალჟირში საბაბი გახდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული დისკუსიისა “კულტურული კოლონიალიზმის” განსხვავებულ ფორმებზე: რას აკეთებდნენ კათოლიკე ბერები ალჟირში? იყო თუ არა მათი მოღვაწეობა ის, რასაც დღეს “პროპაგანდას” უწოდებენ? შეიძლება თუ არა ცისტერციანელი ბერების მოღვაწეობის მაგალითზე საუბარი კოლონიალიზმზე?

მოსალოდნელი იყო, რომ ქსავიე ბოვუას ფილმს ფრანგი მემარცხენეები დაგმობდნენ ან იქილიკებდნენ მორწმუნე რეჟისორზე, ანდა, უბრალოდ, არ მიაქცევდნენ ყურადღებას ფილმის პრემიერას. ბოვუამ ხომ კინემატოგრაფისტთა წრეებში (და არამარტო) არაპოპულარული (პოლიტკორექტულობას მოკლებული) მოსაზრების ხელახლა დამკვიდრებას თუ არა, სადისკუსიოდ გამოტანას შეუწყო ხელი - შეიძლება თუ არა ალჟირის მთებში აშენებული მონასტერი, მთელი ეს ცისტერციანული ორდენი, ფიზიკური შრომისა და ასკეტური ცხოვრების კულტით, წარმოვადგინოთ როგორც მაღალი კულტურის (დასავლური კულტურის!) სიმბოლო, ხოლო ტერორისტები, რომლებმაც 30 წუთში ჩაატარეს ოპერაცია, მოვნათლოთ ველურებად, არაადამიანებად? აგერ, ადგილობრივი ჩინოვნიკი ბოვუას ფილმში ხომ პირდაპირ ამბობს, ალჟირი საზარელი ქვეყანაა, ლატენტური ძალადობა ალჟირის ისტორიის ნაწილია, ფრანგულმა კოლონიალიზმმა, უბრალოდ, შეაჩერა მისი გავრცელება და დროებით დაასუსტაო.

როგორც კი კინოში ამ თემის - “დასავლეთი-აღმოსავლეთის”- ინტერპრეტაციას მოინდომებს ვინმე, ევროპის კინემატოგრაფიული ელიტა, საავტორო კინოს თაყვანისმცემლები, “კაიე დიუ სინემას” კლასტერი მაშინვე შეახსენებს ხოლმე მაყურებელს, რომ ევროპული კულტურის, დასავლური ქრისტიანობის ხან ცეცხლით და მახვილით გავრცელება, ხანაც მისიონერობის ნიღბით და ხანაც კეთილშობილი იდეით - განათლებით და აღზრდით, არსებითად კოლონიალიზმის ფორმებს გამოხატავს ... ამ ყველაფრის ფონზე ქსავიე ბოვუა ლამის დიდი კულტურის მსახურებად წარმოგვიდგენს კათოლიკე ბერებს! რატომ არ შერისხა ეს ფილმი მეინსტრიმმა, რატომ არ დაგმეს ბოვუას “ევროცენტრიზმი”? რატომ არ დაუსტვინეს კანში თუნდაც ისე, როგორც უსტვინეს მორის პიალას ფილმისთვის “სატანის მზის ქვეშ”?

იმიტომ, რომ “ადამიანებსა და ღმერთებზე” კარგი ფილმია. ემიჯნება რა პოლიტკორექტულ კლიშეებს, ბოვუა ახერხებს ახლებურად წარმოგვიდგინოს კინოში თითქმის ყოველთვის მომგებიანი არჩევანის თემა. ბერ-მონაზვნებს აქვთ შანსი დატოვონ მონასტერი და ასე გადაირჩინონ თავი. ცუდ კინოში რეჟისორი დიდ დროს დაუთმობდა სწორედ არჩევანის ამ პროცესს - როგორ ყოყმანობენ, როგორ უჭირთ, როგორ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. მაგრამ, ვიმეორებ, “ადამიანებსა და ღმერთებზე” (მიაქციეთ ყურადღება სათაურს ორიგინალში - ჯერ ადამიანებზე და მხოლოდ შემდეგ ღმერთებზე!) კარგი კინოა - მორწმუნე ადამიანი არჩევანს აკეთებს ყოყმანისა და ეჭვის გარეშე. ამ ხალხმა უკვე აირჩია - ესაა მოწამებრივი ცხოვრება. უცნაურია, არა, თანამედროვე კინოსთვის? მორის პიალას სწორედ ასეთი პოზიციის გამო დაუსტვინეს კანში, სადაც ჟიურიმ მთავარი “პალმით” არა თენგიზ აბულაძის “მონანიება”, არამედ პიალას “სატანის მზის ქვეშ” აღნიშნა.

“ადამიანებსა და ღმერთებზე” ძალიან ლამაზი ფილმია - კლასიკური მხატვრობის გაცოცხლებაა კინოს ენით; ფილმის ოპერატორმა, კაროლინ შამპეტიემ, დღევანდელი ფრანგული კინოს ნომერმა პირველმა ოპერატორმა, კანში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყველა პორტრეტი გადაღებულია რემბრანდტის სტილში, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში ცდილობდნენ აღედგინათ იმ ფრანგი მხატვრების ესთეტიკა, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნეში აღმოსავლეთის ქვეყნებში იმოგზაურეს და ჩანახატები აკეთეს. შამპეტიეს აზრით, ენგრის და დელაკრუას სურათებში აღმოსავლეთი უკვე სრულიად მოკლებულია ეგზოტიზაციას. ესაა უფრო დასავლელი ადამიანის სასოწარკვეთილი სურვილი ჩასწვდეს იმას, რაც არ ესმის და რაც ასე იზიდავს... და სწორედ იმიტომ, რომ ეს არ გამოდის, ფრანგი კლასიკოსების აღმოსავლური სერიები უსაშველოდ სევდიანია ხოლმე.

არ გამოდის ეს ნეტარება - ლოცვა, წმინდანების ცხოვრების განხილვა, მშვიდი ჟღურტული ადგილობრივ მუსლიმებთან და იმის განცდა, რომ “ადამიანი ყველგან ადამიანია - დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც”... არ გამოდის და მორჩა! ცხოვრება იჭრება ამ დასავლურ-აღმოსავლურ ლივლივში. ცხოვრება. ..კიდევ დავაკონკრეტოთ? ცხოვრება, ანუ ძალადობა და სისასტიკე.