პროკურატურა გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების გამოძიებას გეგმავს, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი საქმეში ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს, წყარო კი, ვინც მიხეილ რამიშვილს სატელიტის ჩანაწერები მიაწოდა, თავის მხრივ, გამოძიებას თავის ინფორმატორს უსახელებს, ჟურნალისტებს კი უმტკიცებს, რომ „ტოტალურად გაყალბებული” ფოტოების ნამდვილობას დაამტკიცებს.
- ვინ არის დავით ფურცხვანიძე და როგორ აღმოჩნდა ის ბაჩალიაშვილის საქმეში?
- რა ტიპის გამოცემები წერენ ბაჩალიაშვილის შესახებ ფურცხვანიძეზე დაყრდნობით?
- რა ახალ გარემოებებეზე ლაპარაკობს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ დასახელებული წყარო, რომელმაც მას თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ჩანაწერები მიაწოდა, დავით ფურცხვანიძეა. ის მაგისტრმა მოსამართლემ უკვე დაკითხა. მტკიცებულებების გაყალბებისა და დავით ფურცხვანიძესთან კავშირის შესახებ გამოიკითხა მიხეილ რამიშვილიც.
დავით ფურცხვანიძე ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის საქმე მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი გამოძიებისა, რომელსაც ის სხვადასხვა პირსა და ორგანიზაციასთან ერთად, უკვე თვეებია, ატარებს და რომელიც დიდ, საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულს შეეხება, რომელშიც კავკასიის ქვეყნებთან ერთად ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და დიდი ბრიტანეთი. ფურცხვანიძე ამბობს იმასაც, რომ გამოძიებას მან მიაწოდა საქმისთვის ყველა ინფორმაცია და ასევე დაუსახელა წყარო, რომლისგანაც, როგორც თვითონ ამბობს, მიიღო სატელიტიდან გადაღებული ფოტოები. ფურცხვანიძის წყარო, მისი თქმით, ძირითადად დიდ ბრიტანეთში მცხოვრები პირია, რომლის გვარს და სახელსაც მედიასთან მისივე უსაფრთხოების დაცვის მოტივით არ ამხელს, თუმცა თანახმაა, გამოძიებამ მისი ჩვენება, რომელიც ამ ინფორმაციას შეიცავს, გაასაჯაროოს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფოტოები გაყალბებულია, ამასვე ამბობს ინტერნეტპლატფორმა Zoom Earth, რომლის ინტერფეისიც აქვს ბაჩალიაშვილის საქმეში 8 სექტემბერს გამოჩენილ გრაფიკულ მასალას.
ასევე ნახეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეშიფურცხვანიძე თავისი სიმართლის დასადასტურებლად დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, გეგმავს ასევე სხვა თანამგზავრებიდან მოიპოვოს სოფელ მაწევნის ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა იმ თარიღებით, როცა სამართალდამცველები თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდნენ და ამით დაამტკიცოს, რომ საქმე არა თვითმკვლელობასთან, არამედ მკვლელობასთან გვაქვს. ის არ ამბობს, ვინ დგას კონკრეტულად თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის უკან, თუმცა არგუმენტაციის გარეშე ლაპარაკობს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელზეც წვდომა ჰქონდა გარდაცვლილს, ახსენებს სპეცსამსახურებს და მის კავშირებს ფრანგულ უნივერსიტეტებთან და ირწმუნება, რომ კომპანია „ზეგის“ მფლობელი, აბრაჰამ რეიხბახი, იმ დიდი ფინანსური დანაშაულის მნიშვნელოვანი მონაწილეა, რომელსაც ის იძიებს.
ასევე ნახეთ ბაჩალიაშვილის აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს - პროკურატურა
რა თქვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დავით ფურცხვანიძემ
ამბები, რომელსაც დავით ფურცხვანიძე 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ჰყვება, არ შეიცავს მტკიცებულებებს და თავად ფურცხვანიძეც დამაზუსტებელი კითხვების პასუხად ამბობს, რომ ამ ამბებით არაფერს ამტკიცებს. ასე მაგალითად, მან თქვა, რომ ის სასწავლებლები საფრანგეთში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი თსუ-ს გაცვლითი პროექტით იყო რამდენიმე თვის განმავლობაში სასწავლებლად, თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან და ასრულებენ მათ დავალებებს, კერძოდ, ამუშავებენ მათთვის საინტერესო დიდ მონაცემებს კვლევების ფარგლებში. ამ ინფორმაციას ფურცხვანიძე ამტკიცებს, როგორც ამბობს, თამარ ბაჩალიაშვილის linkedin-ზე დაყრდნობით და საფრანგეთის ამ კონკრეტულ სასწავლებლებში მივლენილი კერძო დეტექტივის მიერ მოტანილი ინფორმაციის მიხედვით, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის კავშირი რაიმე სპეცსამსახურებთან არ იკვეთება.
ასევე ნახეთ რა ვიცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებფურცხვანიძე ამბობს იმასაც, რომ ბაჩალიაშვილი არა იმდენად ძლიერი პროგრამისტი, არამედ ძლიერი მონაცემების ანალიტიკოსი იყო, ფლობდა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას და კომპანია „ზეგშიც“ მონაცემების ანალიზით იყო დაკავებული, რაც შესაძლოა კავშირში ყოფილიყო იმ ფულის გათეთრების დანაშაულებრივ სქემასთან, რომელსაც თვითონ იძიებს, თუმცა რა ტიპის მონაცემთა ბაზებთან ჰქონდა გარდაცვლილ პროგრამისტს შეხება, ვერ აკონკრეტებს.
„დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ფიგურანტია ბატონი აბრაამ რეიხბახი, რომელზეც ჩვენ, დაახლოებით, ერთი წელია, გვაქვს ინტერესი. ჩვენი კოლეგები, 6-7 წელია, სწავლობენ მის საქმიანობას და რაკი მას თავისი სტრუქტურები აქვს საქართველოში, მაგალითად, კომპანია „ზეგ“ და თამარ ბაჩალიაშვილიც იქ მუშაობდა, ამიტომ ჩემი ინტერესი კონცენტრირდა ამ საკითხზე.
ეს კომპანია [„ზეგ“] შემხებლობაშია იმ ინფორმაციული ველის შექმნაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა ემსახურებოდეს იმ დანაშაულებრივ სისტემას”, - თქვა დავით ფურხვანიძემ, რომელსაც კომპანია „ზეგის“ იურისტები საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ და არ გამორიცხავენ მის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას.
ასევე ნახეთ რას საქმიანობს კომპანია, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდაკომპანია „ზეგის“ მიმართ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე პრეტენზიები ჰქონდა ოჯახს. გარდაცვლილის მამა ამბობდა, რომ სამსახურის გამო თამარი ხშირად იყო გაღიზიანებული, შეწუხებული და ნერვიული, დედა კი აღნიშნავდა, რომ ოჯახში მისი სამუშაოს სპეციფიკაზე არასოდეს საუბრობდა და არც ოფისის ზუსტ ადგილმდებარეობას ამბობდა, რაც მას ეჭვებს უჩენდა.
კომპანიის პროფილზე აქცენტს აკეთებდა ბაჩანა ლობჟანიძეც, ბაჩალიაშვილის საქმის მოწმე და, მისი თქმით, გარდაცვლილის შეყვარებული, და ლაპარაკობდა „ზეგის“ კავშირებზე პორნოინდუსტრიასთან. ორგანიზაციის განმარტებით, მათ მართლაც ჰქონდათ შეკვეთა პორნოსაიტისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გაკეთებაზე, თუმცა ეს იყო მხოლოდ ტექნიკური მხარე და „კონტენტთან“ არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
საქმეში არსებობს ჩვენებებიც, სადაც საუბარია თამარის ცალმხრივ სიყვარულზე ამ კომპანიის დამფუძნებლის და ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გეჯაძის მიმართ.
ვინაა დავით ფურცხვანიძე
დავით ფურცხვანიძე დაკავშირებულია რამდენიმე ორგანიზაციასთან, არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის” დამფუძნებელი. მას ეკუთვნის ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი”, მის სახელზეა რეგისტრირებული „სპუტნიკ ტვ”, „გრუსს.ჯი“ და Europe Studies Labor (ESL) Georgia.
ამ უკანასკნელმა 2020 წელს გამოსცა წარმოშობით ბანგლადეშელი ავტორის წიგნი „ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი”.
თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს, ფურცხვანიძემ განმარტა, რომ „სპუტნიკ ტვ“ არანაირ კავშირში არ არის რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „სპუტნიკთან“, თუმცა ამ ორგანიზაციით გეგმავდა რუსული კონტენტის მქონე საერთაშორისო ონლაინგამოცემის გაკეთებას და ჯერაც იმედი აქვს, რომ ამ გეგმას განახორციელებს. ფურცხვანიძემ ასევე განმარტა თავისი ორგანიზაციის მიერ ვლადიმირ პუტინზე წიგნის გამოცემის მოტივაცია და თქვა, რომ ეს კომერციული პროექტია და ამგვარი წიგნების გამოცემა იგეგმება მსოფლიოს სხვა ლიდერებზეც, მათ შორის, დონალდ ტრამპზე, ნურსულთან ნაზარბაევსა და ბიძინა ივანიშვილზეც.
ფურცხვანიძემ საკუთარ საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტს, მათგან ერთ-ერთია საერთაშორისო პროექტი Safe Nation, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამა არის „უსაფრთხო კავკასია”.
„ამ პროექტის ძირითადი ფიგურა იქნება საქართველო, საქართველო იქნება მომრიგებელი სეგმენტი, აქ შეიძლება განხილული იყოს ყველა კონფლიქტი - არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეზობლებისაც, სომხეთის და აზერბაიჯანის. ჩვენივე სტრუქტურებით, სარეკლამო შემოსავლებით ვაფინანსებთ ამ პროექტს”, - უთხრა 21 სექტემბერს ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა მონაწილემ.
ის, რაც 21 სექტემბერს დავით ფურცხვანიძეს არ უთქვამს, იყო დეტალები მისი გამოძიების შესახებ - რომელი გამოცემებისთვის ამზადებდა „მსხვილ, საერთაშორისო გამოძიებას დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ”, სად გამოქვეყნდა მისი გამოძიების ანონსები, სად აპირებდა სხვა ნაწილების გასაჯაროებას, ვინ არის მის გარდა ამ პროცესში ჩართული. თქვა ის, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს წასვლას ამ საქმის დასამთავრებლად 10 დღით და რომ მისი გამოძიების ანონსი სხვადასხვა დასავლურმა გამოცემამ - მათ შორის, “now live news”-მა, “American Reportior”-მა, “London Tv”-მ - დაბეჭდა.
ამ გამოცემებმა მართლაც დაბეჭდეს თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ მასალები, რომლებშიც დავით ფურცხვანიძე, როგორც უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი და მათი წყარო, ისე იხსენიება. ამ გამოცემებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ყალბი ექაუნთის მქონე ჟურნალისტების მასალებს აერთიანებენ და ამ ყალბი ექაუნთების მიღმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ავატარები დგანან. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გადაამოწმა ერთ-ერთი ასეთი გამოცემა, The London Diarly, რომელიც არარსებულ მისამართზეა რეგისტრირებული და მითითებული აქვს არარსებული ტელეფონის ნომერი. მისი ჟურნალისტი, დანიელ ატკინსონი, რომელიც ბაჩალიაშვილზე მომზადებული მასალის ავტორია, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ავატარს იყენებს. ავტორთა უმეტესობა ამ საიტზე ამგვარი ავატარით სარგებლობს.
საინტერესოა გამოცემები The American Reporter და The USA Reformer. ორივეში სტატიების ავტორად რიჩარდ ბრაუნი იხსენიება, განსხვავებული ავატარით და ბიოგრაფიით, თუმცა ანალოგიური ტექსტით და ვიზუალური მასალით, რომლითაც სტატიებია გაფორმებული.
ყველა იმ სტატიას, რომელშიც ფურცხვანიძის მიერ ჩატარებული გამოძიება ან კომენტარი იძებნება თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ, აქვს საერთო შინაარსი, აქცენტი კეთდება კომპანია „ზეგის“ მფლობელის, აბრაამ რეიხბახის, კავშირებზე პორნოინდუსტრიასთან და თამარ ბაჩალიაშვილზე, როგორც დიდი მონაცემების უბადლო ანალიტიკოსზე.
რა თქვა ახალი 21 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა
მტკიცებულების გაყალბების ფაქტსა და დავით ფურცხვანიძესთან ნაცნობობის შესახებ, პროკურატურაში მისულმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, მედიას უთხრა, რომ საქმეში არსებობს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ასრულებდა იმ მითითებას, რომელსაც სუს-ის თანამშრომლისგან იღებდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს” გადასცემდა წლების წინ და მითითებებს აძლევდა, დღეს უსაფრთხოების სამსახურში აღარ მუშაობს, იგი გამოძიებას 3 აგვისტოს ჰყავს დაკითხული და მისი უსაფრთხოება დასაცავია.
„მე ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია, და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება. ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა, დაკავებული იყო იმ სფეროთი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს“, - თქვა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან.
არც მიხეილ რამიშვილსა და არც დავით ფურცხვანიძეს 21 სექტემბერს სატელიტიდან გადაღებულ და ყალბ ფოტოებზე საუბრისას აღარ უხსენებიათ ვერსია, რომელზეც ბაჩალიაშვილის ოჯახის დაცვის მხარე ამ ვიზუალური მასალის გასაჯაროების შემდეგ ლაპარაკობდა.
„ევროკავშირის კორპორაციული პროგრამაა, ერთ-ერთი პროგრამა, აქვს განხორციელებული ვადიანი პროგრამები, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ამ მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო 4 ძირითადი ქვეყანა ევროკავშირის და ასევე შედიოდა დამატებით 10 ქვეყნის ინტერესი, იყო გარკვეული სასწავლო პროგრამა და ევროკავშირის ამ კორპორაციული პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ამ ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ და მოიპოვეს ეს ფოტოსურათები და ასევე პასუხისმგებლობა აიღეს იმაზე, რომ ეს ფოტოები ნამდვილად იმ თარიღით და იმ ადგილის არის [გადაღებული], რაზეც ბატონმა მიშამ გააკეთა განცხადება.
ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუ სახელმწიფოს ნება იქნება, შეუძლია დაუკვეთოს ევროკავშირს ეს ფოტოები და ისინიც მიიღებენ ამ ფოტოებს”, - ასე განმარტა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა 9 სექტემბერს სატელიტური ფოტოების წარმომავლობა.
ასევე ნახეთ Zoom Earth: სატელიტის ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეზე ტოტალურად ყალბია23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.
ასევე ნახეთ: ექსპერტიზის პასუხები ცნობილია - რა გავიგეთ ახალი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები: სწორ გზას ვადგავართ და ამ სწორ გზას ბოლომდე გავიყვანთ
FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე
ბაჩალიაშვილი ფეისბუკზე აღარ იძებნება - როგორ შეიძლება წაიშალოს გარდაცვლილის ანგარიში