ამ დღეს ოკუპირებული რეგიონის დედაქალაქში სტუმრები თვითაღიარებული აფხაზეთის, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან ჩავიდნენ. სამხედრო აღლუმში კი რუსეთის ფედერაციის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ. - ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის ეს არის ისტორიული თარიღი.
„დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 30 წელი შესრულდა. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატების მიერ მიღებულ იქნა დადგენილება და დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
რა მოხდა 30 წლის წინ?
1990 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინა პერიოდში ქართულ–ოსური ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა.
20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის XIV სესიამ მიიღო დეკლარაცია “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”. აღსანიშნავია, რომ საბჭოს არ ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სათანადო კომპეტენცია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება იყო ცალმხრივი და ეწინააღმდეგებოდა სსრკ კონსტიტუციას. 1990 წლის 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება გააუქმა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა. 16 ოქტომბერს ცხინვალში მოიწვიეს ავტონომიური ოლქის საბჭოს მე-15 სესია, რომელმაც კვლავაც დაადასტურა გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”, გარდა ამისა მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩვენების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები. ამასთანავე ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები. დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რის შემდეგადაც საქართველოს ხელმძღვანელობამ ცხინვალისა და ჯავის რაიონებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გააგზავნა შსს კურსანტი თანამშრომლები. ოსურ სეპარატისტულ მოძრაობას იარაღით რუსეთის სამხედრო ბაზებიდან ამარაგებდნენ. 1991 წლის 4 იანვარს სეპარატისტებმა სცემეს ქართველი პოლიციელი და პოლიციის განყოფილებას მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება 24 საათის განმავლობაში. 5 იანვარს საღამოს ცხინვალში შევიდა საქართველოს იმდროინდელი შსს 3 000-კაციანი ჯგუფი, რომელმაც სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებს მისცა 24-საათიანი ვადა იარაღის დასაყრელად.
6 იანვარს ცხინვალში დაახლოებით შუადღის 4 საათზე ოსებმა საქართველოს მაშინდელ მილიციას ცეცხლი გაუხსნეს და ცხინვალის და ჯავის რაიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, 7-ში მოხდა ცეცხლის შეწყვეტა 2 საათით, მაგრამ ოსებმა შეტაკებები კვლავ განაახლეს, მაშინდელი შსს ქართულმა ნაწილმა დატოვა ჯავის რაიონი. ქართული მილიცია ძირითადად აკონტროლებდა ცხინვალის ცენტრს და შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებს. ქართულმა მილიციამაც ნელ-ნელა დაიწყო ცხინვალიდან გამოსვლა, რადგან მათ მხოლოდ ქალაქის ცენტრის რამოდენიმე შენობა ეჭირათ, ქართული მოსახლეობა კი უკვე გასული იყო ქალაქიდან, პოზიციების შენარჩუნება კი არახელსაყრელი იყო, რადგან ყველა მხრიდან ცეცხლში იყვნენ მოქცეულნი.
კონფლიქტი წლების განმავლობაში ცხელ ფაზაში გადადიოდა, რუსეთიდან კი იარაღის შეტანის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის პასპორტიზაცია დაიწყო. მოგვიანებით რუსეთის ფედერაცია ამ კონფლიქტში როგორც მშვიდობის დამცველი ისე ჩაერთო, თუმცა შეტაკებები მუდმივად გრძელდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ეგრეთ წოდებული თვითგამორკვევა და სამართლებრივი აბსურდები
30 წლის წინ ცხინვალში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობის „ადამონ ნიხასის“ მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ოსი ხალხი თვითგამორკვევის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით სარგებლობდა. მას შემდეგ ამ უფლებაზე აქცენტს დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა ხელმძღვანელი აკეთებდა, მაგრამ 90-იანი წლების კონფლიქტიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში არაერთხელ ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხით. პირველი - 1992 წელს, ხოლო მეორე - 2006 წელს. რუსეთთან მიერთების სურვილით ე. წ. სამხრეთ ოსეთში კიდევ ერთი, რიგით მესამე, რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკი 2014 წლის დასაწყისში პოლიტიკური პარტია ”ედინაია ოსეტიას” თაოსნობით დაიწყო და, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ლაპარაკმა გარკვეული აქტუალურობა მართლაც შეიძინა. თუმცა მაშინ ამას მოსკოვის მხრიდან აქტიური შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მთავარი საარჩევნო დაპირებაც რუსეთთან შეერთებაა. ამრიგად, ორჯერ, 1992 და 2006 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის მიხედვით, თავად ოსებმა რუსეთთან შეერთების სურვილი გამოთქვეს და ამით საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარი თქვეს. ამიტომ ოკუპირებული რეგიონი სრულ სამართლებრივ აბსურდში ცხოვრობს და ამ ე.წ. დამოუკიდებლობას ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს.
„თან დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნა გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის და ამავე დროს რეფერენდუმებით გამოხატული ხალხის ნება, რუსეთთან სრული შერწყმის შესახებ აბსურდია. ცხინვალში ცოტა აქტივისტი თუ დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე უნდა განვითარდეს. არასწორმა საგარეო პოლიტიკამ და ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო დონეზე სამხრეთ ოსეთს რუსეთის 3 სატელიტის გარდა არავინ ცნობს. რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეები ამბობენ, რომ ერთადერთი გადარჩენის შანსი მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემთხვევაშია შესაძლებელი. კი, შეიძლება ფიზიკურად ცოტა ხნით გადავრჩეთ, მაგრამ როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ისე აქაც იდენტობის, ენის, კულტურის სრულ დაკარგვამდე მივალთ ამ ასიმილაციით და ამის ნიშნები უკვე სახეზეა.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო, რომელიც ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან შეერთების წინააღმდეგია.
რატომ მოუწოდეს ბიბილოვს არ ჩაეტარებინა აღლუმი?
„პრეზიდენტი ბიბილოვი სხვებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს, თვითონ კი მასშტაბურ აღლუმს ატარებს. რუსეთთან საზღვარს ხსნის და აფხაზეთიდან, სადაც ასევე ყოველდღე ფიქსირდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შეიარაღებული დანაყოფი შემოჰყავს ჩვენს აღლუმში მონაწილეობის მისაღებად და ამით ოსურ საზოგადოებას საფრთხის წინაშე აყენებს. მით უმეტეს ჩვენი ამორტიზებული ჯანდაცვის სისტემის პირობებში. მაშინაც, როცა ჩაკეტილები ვიყავით, რუსეთის სამხედრო ბაზის თანამშრომლები და ოფიცრები მიმოდიოდნენ საზღვარზე დაუბრკოლებლად, მიდიოდნენ რუსეთში და უკან ბრუნდებოდნენ და არანაირ საკარანტინო ზომებს არ ემორჩილებოდნენ, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები ყველაფერს იჭირვებდნენ საკუთარი ჯანმრთელობის გადასარჩენად. მას (ბიბილოვს) პოლიტიკური კრიზისი აქვს და ცდილობს ათასი ხერხით გადაფაროს ეს. ხალხი კი უფრო ბრაზდება.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ.
აღლუმამდე ორი დღით ადრე კი ანატოლი ბიბილოვს საზოგადოების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს და ცხინვალის იზოლატორში, ცემით მოკლული ინალ ჯაბიევის ორმოცამდე ყველა სადღესასწაულო ღონისძიების გადადებისკენ მოუწოდეს. მიმართვის ტექსტს ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს. განცხადების ტექსტში წერია:
„რესპუბლიკისთვის ამ სამგლოვიარო დღეებში, ამ უსამართლობაში, ჩვენ არ გვინდა არც დღესასწაულები, არც აღლუმები. არ განვიცდით მცირე სურვილსაც კი ვიმხიარულოთ ღირსშესანიშნავი თარიღებით, როცა სამართალდამცავების ხელით კვდებიან და წამებას განიცდიან ჩვენი უდანაშაულო შვილები. ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ თქვენს კონცერტებს, ჩაატარეთ ისინი თქვენთვის და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის, რომლებსაც შეგიძლიათ დაავალოთ, რომ გამოცხადდნენ ამ ღონისძიებებზე.“ - განცხადებას ხელს აწერს 62 ცხინვალელი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ე.წ სადღესასწაულო აღლუმზე არც ის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები მისულან, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან. ოპოზიცია დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას და ცხინვალის იზოლატორში ცემით და წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.