კარანტინში მყოფი ახალციხელები ტესტის პასუხებს ელოდებიან

ახალციხეში 200-მდე პირი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. კარანტინში არიან გადაყვანილები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სალონის თანამშრომლები. ყველა ერთი პირის, სომხეთიდან დედის დაკრძალვაზე ჩამოსული კაცის "კონტაქტია".

ინფიცირებული კაცის დედის გასვენება 13 სექტემბერს იყო. გასვენებაში იყო სამცხე-ჯავახეთის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ედუარდ აივაზიანი. ის ახლა ტესტის პასუხს ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში ელოდება.

"დაავადებულ კაცს ტელეფონით ვესაუბრე და ვკითხე რა მოხდა. მან დამიდასტურა, რომ კორონავირუსი მაქვსო. მე როდესაც ვნახე დაკრძალვაზე, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა", - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ედუარდ აივაზიანი.

კოვიდინფიცირებულ კაცთან კონტაქტის გამო, ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გელა დემეტრაძე და პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილი.

"მე ვიყავი გასვენებაზე. მარტო ხელი ჩამოვართვი, კი ვერიდებოდი. ქელეხზე არ ვყოფილვარ. თბილისში ყოფილა და იქ გაუშლია სუფრა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული ყოფილან. ისიც ითქვა, რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე რომ ვიყავი სამძიმარზე, იქნებოდა 50 ადამიანი. ჩემს გარდა, გუშინ სამი 40 კაციანი ავტობუსი ჩამოიყვანეს აქ, კარანტინში", - ამბობს დავით ბალიაშვილი.

ტესტების პასუხის მოსვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დროებით დახურულია. ახალციხეში დროებით დაიხურა ასევე ერთ-ერთი სილამაზის სალონიც. თანამშრომლები ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. როგორც სალონის მეპატრონე ამბობს, სომხეთიდან ჩამოსული კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი 13 სექტემბერს მათთან სალონში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ფიზიკური კონტაქტი არავისთან ჰქონია, თუმცა თანამშრომლები თავის დაზღვევის მიზნით კარანტინში მაინც გადავიდნენ.

2 ათასი ლარით დაჯარიმდა ახალციხის ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ინფიცირებული მამაკაცმა დედის ქელეხი გადაიხადა. ობიექტის დირექტორი ირწმუნება, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, რადგან მას მხოლოდ 10-კაციანი სუფრის შეკვეთა ჰქონდა და აქედან რესტორანში მხოლოდ 6 კაცი მივიდა.

"სუფრა 13-ში გაიშალა და წუხელ, ღამის 12 საათისთვის მოვიდნენ ჯარიმის დასაწერად, ორასკაციანი სუფრა გქონდა გაშლილიო. ფიზიკურადაც ვერ მოვასწრებდი სუფრის მომზადებას", - აცხადებს რესტორნის დირექტორი.

ტესტის პასუხის მოლოდინის პარალელურად გრძელდება ინფიცირებული კაცის კონტაქტების მოძიება.