გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის ხელისუფლება ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით მრავალრიცხოვან აღმაშფოთებელ დანაშაულს სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ. მათი დასკვნები მოცემულია ანგარიშში, რომლის შინაარსი უკვე გააკრიტიკეს ოფიციალური კარაკასის ტრადიციულმა მოკავშირეებმა - კუბამ და რუსეთმა. ამასობაში მადურომ, რომელიც ვერ უმკლავდება ქვეყანაში მზარდ COVID-19-ის ეპიდემიას, დაიწყო ინფიცირებულების, განსაკუთრებით მიგრანტების დადანაშაულება „უცხოეთის დაკვეთით ბიოტერორიზმში“. COVID-19-ით დაავადებულებს ძალით ათავსებენ იზოლატორებში, ექიმებისა და მედიკამენტების და ზოგჯერ - წყლისა და საკვების გარეშეც.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვენესუელაში ათასობით ადამიანის მკვლელობას, წამებას, გატაცებასა და მსგავს ბოროტმოქმედებებს სწავლობს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სპეციალური კომისია. მისი დასკვნები ცალსახაა - კომისია დარწმუნებულია, რომ პირდაპირი დამნაშავეები არიან ნიკოლას მადურო და მაღალი რანგის პირები მისი გარემოცვიდან, რომლებიც ბრძანებებს გასცემდნენ. ამასთან, გაეროს თანამშრომლებს ეკრძალებოდათ ვენესუელაში შესვლა. ადრე ასევე მოიქცნენ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა სირიაში და მიანმარის ხელისუფლება, რომელსაც როჰინჯას ხალხის წინააღმდეგ გენოციდში ედება ბრალი.
კერძოდ, გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ვენესუელის უშიშროების სამსახურები 2014 წლიდან მონაწილეობდნენ ძალადობის სისტემატურ აქტებში, რაც მიზნად ისახავდა „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას და მთლიანობაში მოსახლეობის ტერორიზებას“. მოიპოვება დიდი რაოდენობით მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობს, რომ მადურომ და მისმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა არა მარტო იცოდნენ ამ დანაშაულებების შესახებ, არამედ თავად გასცემდნენ ბრძანებებს მათ ჩასადენად, კოორდინაციას უწევდნენ ოპერაციებს და ამისთვის საჭირო რესურსებს გამოყოფდნენ.
„კომისია სრულიად დარწმუნებულია, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა 2014 წლიდან მოკიდებული დაგეგმეს და ჩაიდინეს ადამიანის საბაზისო უფლებების უმძიმესი დარღვევები, მათ შორის, გაუსამართლებლად მკვლელობები და წამების სისტემატური გამოყენება. ყოველივე ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია“, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, მარტა ვალინიასმა. „ეს დანაშაულებები არ იყო ერთეული შემთხვევები, ისინი კოორდინირებული და ჩადენილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, არმიისა და პოლიციის მეთაურებისა და სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეების ცოდნით ან მათი პირდაპირი მხარდაჭერით“.
მაგალითად, პირადად მადურო თათბირებზე გენერალ-ანშეფ (general-en-jefe) გუსტავო გონსალეს ლოპესს, თავისი „ბოლივარული დაზვერვის“, ფაქტობრივად კი საიდუმლო პოლიციის, SEBIN-ის შეფს, უსახელებდა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უნდა დაეპატიმრებინათ. უფრო ხშირად კი მადურო განკარგულებებს გასცემდა შუამავლების მეშვეობით ბოროტმოქმედებების ჩასადენად.
ფოტო ტვიტერში - ნიკოლას მადურო გუსტავო გონსალესს გენერალ-ანშეფის წოდებას ანიჭებს, 2017 წ.:
გაეროს კომისიის ანგარიშში მოყვანილია სხვა მაგალითიც, თუ როგორ მოქმედებენ მადუროს „ბოლივარული“ სპეცსამსახურები, რომელთა შორის მთავარი და ყველაზე საშინელი რეპუტაციის მქონე არის SEBIN-ი. რაიონში, რომლის მცხოვრებლები ოპოზიციის მხარდამჭერებად მიიჩნევიან, სპეცსამსახურები წინასწარ ფარულად აწყობენ იარაღის სამალავს. ამის შემდეგ იგივე სპეცსამსახურები ამ სამალავს „აღმოაჩენენ“ და ხვრეტენ ახლო-მახლო შემთხვევით მყოფ ადამიანებს, ან აკავებენ მათ და მოგვიანებით კლავენ. გაეროს დოკუმენტი შეიცავს მადუროს მომხრეთა მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის ჩამონათვალს, მათ შორის - მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევას და დაკავებულთა საშინელ წამებას.
ფეისბუკის პოსტი, რომელშიც ვენესუელის ოპოზიციური მოძრაობა „ხალხის ნება“ მადუროს რეჟიმს ბრალს სდებს გასული წლის განმავლობაში მინიმუმ 5094 ადამიანის მოკვლაში:
გაეროს კომისიის დასკვნები ემყარება 223 კონკრეტული საქმის განხილვას. ანგარიშის ავტორთა თქმით, კიდევ 3 ათასამდე მოწმემ დაადასტურა ადამიანის უფლებების მსგავსი დარღვევები და ბოროტმოქმედებები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მადუროს მხარდამჭერმა გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა, „კოლექტივოებმა“ ჩაიდინეს. გაეროს კომისიის ანგარიში მომავალ კვირაში სრული სახით გაეგზავნება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრ ქვეყნებს. ოფიციალურ კარაკასს ასევე მომავალ კვირაში ექნება შესაძლებლობა, პასუხი გასცეს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
გარდა ამისა, მადუროს ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, მათ შორის, ქუჩის მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკეს, წამებასა და ცემას - სწავლობს გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში, რომლის წარმომადგენლების თქმით, ისინი უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოიტანენ განაჩენს.
ახლახან მეცნიერებმა კარაკასის ანდრეს ბელიოს კათოლიკური უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს დამოუკიდებელი ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია ცხოვრების დონე 2019-2020 წლებში. ანგარიშის თანახმად, ვენესუელაში იმდენად გაღრმავდა სიღატაკე, რომ ის, სავარაუდოდ, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა და ამ მაჩვენებლით ჰაიტისაც კი გაუსწრო. გასულ წელს ვენესუელაში საშუალო შემოსავალი დღეში 72 ამერიკული ცენტი იყო.
ამ დროს ქვეყანაში სულ უფრო მეტად იკრებს ძალას COVID-19. მის წინაშე სრულიად უსუსურია მადუროს რეჟიმი, რომელმაც მთლიანად დააქცია ეროვნული ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ კარაკასმა მაინც მოიფიქრა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „ნოვატორული“ მეთოდები. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებამ დაავადებულთა და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა წინააღმდეგ კამპანია გააჩაღა და მათ „ბიოტერორისტებად“ მოიხსენიებს. ამასთან, ის ღიად მოუწოდებს მოსახლეობას, დააბეზღონ ინფიცირებულები. გარდა ამისა, სამხედროები და სპეცსამსახურები აპატიმრებენ და აშინებენ ექიმებსა და მეცნიერებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პრეზიდენტისა და მთავრობის პოლიტიკას ეპიდემიის საკითხში.
მძიმე დღეში აღმოჩნდა ათასობით ვენესუელელი, რომელმაც საკარანტინო შეზღუდვების გამო უცხოეთში სამსახური დაკარგა და კვლავ შინ ბრუნდება - ძირითადად კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან. მადუროს რეჟიმი მათ ძალით აკავებს დროებით ცენტრებში იმის შიშით, რომ შინ დაბრუნებულები შეიძლება ინფიცირებული იყვნენ. ისინი გამოკეტილი ჰყავთ რეკვიზირებულ ყოფილ სასტუმროებში, მიტოვებულ სკოლებში, ჯარისკაცების მიერ ალყაშემორტყმულ ავტოსადგურებში. მათ აიძულებენ იცხოვრონ სრულიად შეუფერებელ პირობებში, მათ განკარგულებაშია საკვების, წყლისა და სამედიცინო პირბადეების ძალზე მცირე მარაგები.
საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი ამყოფებენ ასეთ ბანაკებში. მათ უკეთებენ ტესტებს და შეუმოწმებელი მედიკამენტებით მკურნალობენ. ყოველივე ეს ცნობილია მრავალი ადამიანის მონათხრობიდან, ინტერვიუებიდან და ვიდეოებიდან, რომლებსაც თავად დაკავებულები იღებენ მობილური ტელეფონებით, და სახელმწიფო დოკუმენტებიდანაც კი.
ვენესიულის ხელისუფლების ტვიტი, რომელიც შეიცავს მოწოდებას, დაასმინონ „ბიოტერორისტები“, ანუ უცხოეთიდან დაბრუნებული მეზობლები:
ერთ-ერთ საზღვრისპირა ქალაქ სან-კრისტობალში მმართველი პარტიის აქტივისტები სპეციალური ნიშნებით აღნიშნავენ იმ ადამიანების სახლებს, რომლებიც ვირუსით დაავადებაში არიან ეჭვმიტანილი და მათ დაპატიმრებით ემუქრებიან. ქალაქ მარაკაიბოში კი პოლიცია ქუჩებში სპეციალურად პატრულირებს უცხოეთიდან უნებართვოდ დაბრუნებულ ვენესუელელთა გამოსავლენად.
ნებართვის მოპოვება კი ერთობ რთულია. კოლუმბიის მთავრობის ინფორმაციით, მარტიდან მოყოლებული სამშობლოში დაბრუნდა 95 ათასი ვენესუელელი, კიდევ 42 ათასი საზღვარზე ელოდება რიგს. კოლუმბიიდან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით კვირაში მხოლოდ 1200 ადამიანს აქვს უფლება, ვენესუელაში შევიდეს. დანარჩენები თვეობით იცდიან რიგში - დროებით მოწყობილ იმპროვიზებულ სასაზღვრო ბანაკებში. ვინც უკიდურეს ნაბიჯზე მიდის და სხვა გზებით ცდილობს საზღვრის გადაკვეთას, მათ „რევოლუციისა და ერისთვის“ საფრთხედ აცხადებენ.
შინ დაბრუნებულთა მიერ გადაღებული ვიდეოები მოწმობს, რა არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს სასაზღვრო ბანაკებში. „სოციალურ დისტანცირებაზე“ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგალითად, მრავალრიცხოვანი მონაყოლი მოწმობს, რომ რამდენიმე ადამიანს ერთ პირბადეს აძლევდნენ ბანაკში ყოფნის მთელი ხნის განმავლობაში. ხალხს არ ეუბნებიან, რამდენ ხანს მოუწევთ ამ მდგომარეობაში გაძლება.
დევნა და დამცირება, რასაც განიცდიან სამშობლოში დაბრუნებული ვენესუელელი მიგრანტები, მკვეთრ კონტრასტშია იმ თავისუფლებასთან, რომლითაც სარგებლობს მმართველი პარტიული ელიტა. საკარანტინო იზოლაციას ისინი ატარებენ კომფორტულ სასტუმროებში კარიბის ზღვის კუნძულებზე, საკუთარ ვილებსა და ფეშენებელურ რესტორნებში, სადაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით შეიძლება შესვლა. ავადმყოფობის შემთხვევაში მადუროს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს ემსახურება კარაკასის დახურული სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ჰყავთ კარგი ექიმები და მოეპოვებათ თანამედროვე აღჭურვილობა. შინ დაბრუნებულ მდიდარ ვენესუელელებს, ამ კატეგორიას კი მხოლოდ მადუროს მომხრეები განეკუთვნებიან, რამდენიმე ათას დოლარად შეუძლიათ საერთოდ გვერდი აუარონ კარანტინს და პირდაპირ სახლში დაბრუნდნენ. საამისოდ მადურომ სპეციალურ განკარგულებასაც კი მოაწერა ხელი.
ოფიციალურად ვენესუელაში კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ კონტინენტზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებიდან ხუთი თვის შემდეგ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა არ აჭარბებდა დღეში 12 ადამიანს, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი დღემდე 511 რჩება. რა ხდება რეალურად ვენესუელაში, განსაკუთრებით სოფელ რაიონებსა და ქალაქების უღატაკეს უბნებში, ჯერჯერობით არავინ უწყის.