საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებობს მისი აუდიოჩანაწერი, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს. ამის შესახებ პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც, ფაქტობრივად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტების ჭარბი მოხმარება დასახელდა.
"საქმეში ნამდვილად მოიპოვება როგორც ვიდეო, ისე აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები [აუდიოჩანაწერი], სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით დასრულებაზე", - თქვა პროკურორმა.
მანვე განმარტა, რომ მოპოვებული მასალები ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ მდგომარეობას მოწმობს.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.