საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიასა და პროკურატურას "სატელიტური ფოტოები" დამონტაჟებული სახით წარუდგინა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება.
"ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე... ვინაიდან სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება", - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის არგუმენტები გავრცელებულ ფოტომასალაზე:
- "ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი - „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან";
- "მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით. ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში".
8 სექტემბერს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა "ფორმულას" ეთერით სატელიტური ფოტოები გაასაჯაროვა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ, იქ არ იყო და მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილის ცხედრით, სხვა პირებმა მიიყვანეს საავტომობილო გზის ნაპირას ტყის სიახლოვეს. ადვოკატი ამ მასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მან წყაროს გამხელისგან თავი შეიკავა.
რამდენიმე დღეში კი Zoom Earth-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც ადვოკატის მიერ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობა უარყო.
"სქრინშოტი ტოტალურად გაყალბებულია. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები/ღრუბლები. შენობების/მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია [ჩვენს პლატფორმაზე]", - წერდა Zoom Earth.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.