გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იქნება სიაში.
ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში. ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად, ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. მე პირადად რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც ტალღამ ისე, დემოკრატიულმა [ტალღამ] დაარტყა ყველაფერთან ერთად, 2012 წელს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" ეთერში და დაამატა, - „მე პირადად, ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“.
სამ აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. „მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, - დაწერა მერაბიშვილმა „ფეისბუკზე".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 31 ოქტომბერს.