ისრაელის საჰაერო ძალებმა 16 სექტემბერს იერიში მიიტანეს სამიზნეებზე ღაზის სექტორში, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პალესტინელთა ამ ტერიტორიიდან ექსტემისტებმა ისროლეს რაკეტა, რომელიც ისრაელის სანაპირო ქალაქ აშდოდში დაეცა და ორი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
საპასუხო დარტყმა დილით განხორციელდა, წინა დღეს კი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ვაშინგტონში გააფორმეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს ისრაელთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას.
ისრაელის თავდასხმა განხორციელდა ორ სამიზნეზე, მათ შორის, ექსტრემისტული ჯგუფის, ჰამასის საწვრთნელ ბაზაზე, - იუწყებიან თვითმხილველები. ღაზას ჰამასი აკონტროლებს. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.
ისრაელის არმიას არ დაუდასტურებია საპასუხო თავდასხმის ფაქტი, თუმცა, როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" წერს, ამის შესახებ განაცხადეს პალესტინელთა უშიშროების ძალებმა.
თეთრ სახლში 15 სექტემბერს აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილ ხელშეკრულებებს პალესტინელები აღიქვამენ მათი ბრძოლის ღალატად. ხელშეკრულებებში არაფერია ნათქვამი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტზე პალესტინელებსა და ისრაელს შორის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხელშეკრულებებს უწოდა "მშვიდობის ახალი განთიადის ნიშანი". ხელშეკრულების გაფორმებით სპარსეთის ყურის ორი ქვეყანა გახდა მესამე და მეოთხე არაბული სახელმწიფო, რომელიც ისრაელს აღიარებს, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ.