ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 120 მობინადრეს და 70 თანამშრომელს PCR-ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც 14 სექტემბერს, 5 მობინადრეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღებული ყველა ტესტის პასუხი 15 სექტემბრის დილის მონაცემებით უარყოფითია, ამის თაობაზე ბათუმის სათნოების სახლ „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას.
„გუშინ ტესტირება ჩაგვიტარდა ყველას და დღეს დილით მოვიდა პასუხი, რომ არც ერთ მობინადრეს და არც თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. გვაქვს მანამდე გამოვლენილი 5 შემთხვევა. განმეორებითი კვლევა ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს. გუშინ მოსულები იყვნენ ეპიდემიოლოგები. მოგვცეს რეკომენდაციები და სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოზმა, იოანე ბარამიძემ.
მისივე სიტყვებით, სავანე დახურულია და გამოცხადებულია კარანტინი. შემთხვევები აქ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც რამდენიმე დღის წინ ორ მობინადრეს 37.5 გრადუსი ტემპერატურა აღმოაჩნდა. დაწესებულების ექიმმა პაციენტების შემოწმების შემდეგ, ეპიდემიოლოგები გამოიძახა ტესტირების ჩასატარებლად.
მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარებს შორის ყველა ახალგაზრდა 55 წლისაა, არიან ღრმად მოხუცებულებიც.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ და იქ მობინადრეებს და პერსონალს ჩაუტარდათ მიზნობრივი PCR-ტესტირება: „ახლა ინკუბაციის პერიოდში უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს. დადასტურებული შემთხვევების პაციენტები კი გადაყვანილნი არიან კლინიკაში“.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 124 მოქალაქეს დაუდასტურდა. რეგიონში სულ 414 კოვიდპაციენტია. აქედან 285 მკურნალობას გადის სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.
დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.