საოკუპაციო ძალები უკანონო „ბორდერიზაციას" ნიქოზსა და ატოცში აგრძელებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

განცხადების თანახმად, უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე.