ჩვენი „11 სექტემბერი“ - კრწანისის ბრძოლა

1795 წლის 11 სექტემბერს, ცუდი დღე გაუთენდა თბილისს. ცა ქალაქის თავზე ბნელი და შავი იყოო, წერს ისტორიკოსი, საწვიმრად ემზადებოდაო. ცა კიდევ უფრო მეტად გაშავდება, გაშავდება დენთისა და გადამწვარი ქალაქიდან ავარდნილი კვამლით. დღის ბოლოს წვიმაც წამოვა, თუმცა მანამდე წვიმის წყალზე მეტი სისხლი დაიღვრება. კაცების, ქალების, ბავშვების სისხლი. აღა-მაჰმად-ხანი - „ღვარძლიანი საჭურისი“, როგორც მას პოეტი უწოდებს, არავის დაინდობს, არ დაინდობს თვით ქალაქსაც, მის კედლებს, სასახლეებს, ეკლესია-მონასტრებს, აბანოებს, სახელოსნოებს და საცხოვრებელ სახლებსაც კი. „უბრძანა მხედრობასა თვისსა განძარცვად ყოველთა ნივთთა და საუნჯეთა მეფისათა და შემდგომად მისსა უბრძანა რათა ეკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად...“

„კრწანისის სევდა“

ერთბაშად დაიქუხეს ყოშაყალის ზარბაზნებმა. მეტეხმაც ბანი მისცა. კრწანისის ბრძოლა დაიწყო. წინ ძლიერი მტერი იდგა, უკან კი - განაბული ტფილისი. შემხვდურ შეუტიეს ჩვენებმა. აქაც იმარჯვა დავითმა, სპარსელებს თავზარი დასცა და გააბრუნა, ისევ შავნაბადას კლდე-ხრიოკებს შეეხიზნა მტერი. ქართველებიც უკან თავის სანგრებში დაბრუნდნენ. ახლა დაიწყო ზარბაზან-ზამბულაკების ორმხრივი გრგვინვა. მეტეხიდან მტკვრის ნაპირებს უშენდნენ, ხოლო ყოშაყალიდან - შავნაბადას ახლო მისადგომებს. მალე ქედზე მტრის ახალი ურდოები გადმოეფინენ. ჩვენი მაშველი კი არსად ჩანდა, - ასე აღწერს მწერალი ლევან გოთუა კრწანისის ბრძოლას მოთხრობაში „კრწანისის სევდა“.

ბრძოლა „განგრძელდა დილისა დაწყებითგან შვიდისა ჟამით, ვიდრე საღამოსა მეხუთესა ჟამამდეო“, - წერს თეიმურაზ ბაგრატიონი „მეფე ერეკლეს მოკლე ბიოგრაფიაში“, თუმცა „ჩვენი მაშველი“ არც ამ დღეს გამოჩნდება და არც მომდევნო თვეების განმავლობაში. რუსეთი არ შეასრულებს ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებას და, არაერთი წერილობით თხოვნის მიუხედავად, არ მიაშველებს ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს, ქვეითთა ერთ ბატალიონსაც კი.

ბრძოლის წინა დღე

აღა-მაჰმად-ხანი, როგორც მირიან ბატონიშვილი წერს, თბილისს 1795 წლის 10 სექტემბერს მოადგა.

ჯარი, რომელიც ძირთადად ცხენოსნებისგან შედგებოდა, განჯიდან დაიძრა და 120 ვერსი, რომელიც მას ტფილისიდან აშორებდა, ძალიან სწრაფად დაფარა.

„ბანაკმა მძიმე სვლით მეოთხე დღეს მიაღწია თბილისს, ერთი ასპარეზის დაშორებით ერთ მინდორში, ვგონებ, სოღანლუღისა, მტკვრის პირას დაიბანაკა და მეორე დღეს ბანაკმა დაიწყო გადასვლა თბილისისკენ“, - წერს იაკობ ბებუთოვი (ჟურნალი „ივერია“. 1885 წ., N02 „თბილისის აღება აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წ. მოთხრობა თვალით მნახველისა“), რომელიც აღა-მაჰმად-ხანის ცხენოსანი ნაწილების ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო.

იასე ცინცაძე, ისტორიკოსი

აღა-მაჰმად-ხანმა, როგორც ჩანს, ძალების მოსინჯვისა და პოზიციების შესწავლის მიზნით, 10 სექტემბერსვე მიიტანა იერიში ქართველების პოზიციებზე.

ბრძოლის უშუალო მონაწილის დავით ბაგრატიონის თქმით, „დღესა მას მხნედ იყვნენ ქართველნი, რომელთა ძალით იძლივნენ სპარსნი“.

ბრძოლაში დაიღუპა ირანელების წინამძღოლი მელიქ მეჯლუმი (ყარაბაღელი), რომელიც თავის ცხენოსნებიანად დავით ბატონიშვილის არტილერიას გაუნადგურებია.

ისტორიკოს იასე ცინცაძის ვარაუდით, ამ ბრძოლით აღა-მაჰმად-ხანმა დაზვერა ქართველთა ძალები და თბილისის დაცვის სისტემა, თუმცა 10 სექტემბრის მარცხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აღა-მაჰმად-ხანმა იმ დღეს ძირთადი ძალების ჩაბმა ვეღარ გაბედა,

თბილისის დამცველები კი იმედიანად განეწყვნენ.

ძალთა ბალანსი

„პირველად ყოველ ბანაკს ძლიერ უხაროდა და სიხარულით მოვდიოდით საქართველოზედ. საქართველოს სიმდიდრე და უმეტესად მცხოვრებთ მშვენიერების ანბავი საჩქაროთ გავრცელდა...“ - იხსენებს იაკობ ბებუთოვი, - „მაგრამ როდესაც შევედით მათ მიწაში, შიში დღე და დღე ასუსტებდა ჩვენს გულსა. სხვადასხვა ჯაშუშისგან ამბავი გვესმოდა, რომ ერეკლე ხანს ორმოცი ანუ ორმოცდაათი ათასი კავკასიის მცხოვრებნი შეუკრებიაო და ყოველი სიმაგრეები უჭირავსო და განზრახვა აქვსო, რომ ჩვენ უკან მოგვექცესო და თავს დაგვესხასო“.

იაკობ ბებუთოვი და აღა-მაჰმად-ხანის სხვა საველე მეთაურები მალე დარწმუნდებიან, რომ „ერეკლე ხანის“ განკარგულებაში ბევრად ნაკლები ჯარისკაცი იყო.

ერეკლე II

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, „ჰყვეს მეფესა სოლომონს თანა მხედარი იმერთანი, კაცნი ვითარ 2 ათასი ოდენ. და მეფე ირაკლის თანა იყვნეს მაშინ ორი ათას შვიდასამდე მხედრობა თვისი, ცხენოსანნი და ქვეითნი. ამათ შორის იყვნეს ქიზიყელნიცა და არაგველნი მცირედნი მაგრამ კაცნი გულოვანნი ფრიად“.

სოლომონის ლაშქრიანად ერეკლეს 4-5 ათასი კაცი უნდა ჰყოლოდა. კრწანისის ომის უშუალო მონაწილე ვახტანგ ბატონიშვილი ამის გამო ამბობს („ისტორიებრი აღწერა“), „იყო ფრიად მწუხარე მეფე ირაკლი დიდად, სიმცირისათვის სპათაო“.

რუსი ისტორიკოსის პეტრე ბუტკოვის თქმით, ქართველების განკარგულებაში 35 ზარბაზანი ყოფილა, ხოლო აღა-მაჰმად-ხანს, მისი თქმით, „2-3 უვარგისი ზარბაზანი ჰქონდა“.

რაც შეეხება ირანელთა ცოცხალ ძალას, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი ძირითადად ცხენოსნებისგან შედგებოდა, თუმცა რაოდენობის თაობაზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. თეიმურაზ ბატონიშვილს აღნიშნული აქვს, აღა-მაჰმად-ხანმა 70 ათასი კაცი შეაგროვაო. ბრიტანელი ისტორიკოსი და დიპლომატი ჯონ მალკოლმი კი გადმოგვცემს, აღა-მაჰმად-ხანმა საქართველოზე ლაშქრობის წინ არდებილში 60 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავიო, თუმცა ისტორიკოსები იმასაც შენიშნავენ, რომ გამოცდილი მხედართმთავარი საქართველოზე ისე არ გაილაშქრებდა, ზურგში - ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და სომხეთში - თავისი ჯარის ნაწილები არ დაეტოვებინა.

ისტორიკოს იასე ცინცაძის მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის ნაწილი დატოვა ერევანთან და შუშასთან, თბილისისკენ კი 20-25-ათასიანი ლაშქრით გამოემართა.

„განჯის და შაქის ხანებიც მიემხრნენ და ლაშქრობაში თავიანთი ჯარებით გამოჰყვნენ, რამაც აღა-მაჰმად-ხანის ჯარი 30-35 ათასამდე გაზარდა“.

ბაგრატ ბაგრატიონიც ამ რიცხვს ასახელებს. „წარმომართული აღა-მაჰმად-ხანი მოვიდა და დაბანაკდა 30 ათასის კაცითა სოღანლუღსა შინაო“.

„საჭურისი ღვარძლიანი...“

ვინ იყო აღა-მაჰმად-ხანი?

აღა-მაჰმად-ხანი ირანის სახელმწიფოში ყაჯართა (მომთაბარე თურქულ ტომთა) დინასტიის ფუძემდებელია. მისი პაპა თაჰმაზ-შაჰის სარდალი იყო, რომელსაც ღალატში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. დევნას დაექვემდებარა აღა-მაჰმად-ხანის მამაც, რომელმაც გაქცევით უშველა თავს, მაგრამ დაატყვევეს მისი შვილები, მათ შორის 6 წლის აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც არ მოკლეს, მაგრამ დაასაჭურისეს. გარკვეული დროის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი მოახერხებს ტყვეობიდან თავის დახსნას და მამასთან ერთად შეებრძოლება მტერს, თუმცა დამარცხდება, მამამისი კი, მაჰმად-ჰუსეინი, თვითმკვლელობით დაამთავრებს სიცოცხლეს. კვლავ ტყვედ ჩავარდება და კიდევ ბევრი ამბავი გადახდება თავს, ვიდრე 1779 წელს მაზანდარანში ჩასულს თანატომელნი ბელადად არ გამოაცხადებენ.

აღა-მაჰმად-ხანი

ინგლისელი დიპლომატი და ისტორიკოსი ჯონ მალკკოლმი ასე აღწერს აღა-მაჰმად-ხანს:

„შორიდან იგი 14-15 წლის პატარა ბიჭი ეგონებოდა ადამიანს, ისეთი გამხდარი და პატარა ტანის იყო. დასაჭურისების შედეგად დამახინჯებულ, დანაოჭებულ, უწვერულ მის სახეს მიხრწნილი დედაბრის იერი ჰქონდა, სახის გამომეტყველება საზიზღარი ჰქონია საერთოდ, ხოლო მრისხანების დროს - საშინელი. როცა ვინმე მის სახეს ცნობისმოყვარეობით დააცქერდებოდა, ეს მას საშინლად აღელვებდა, ვერ ითმენდა ამას. ლაშქრობის დროს ისვენებდა თავის ოფიცრებთან ერთად და იმავე საჭმლით იკვებებოდა, რაც ლაშქარს გააჩნდა. თუ საგანგებო შემთხვევა არა, უბრალოდ იცვამდა და ვინც მის ცხენსა და მას პირადად არ იცნობდა, სხვებისგან ძნელად გამოარჩევდა“.

რაც შეეხება აღა-მაჰმად-ხანის სისასტიკეს. 1794 წელს, როცა, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაამარცხებს ქალაქ ქერმანში გამაგრებულ ლუთფ-ალი-ხანს, ამ უკანასკნელს თავისი ხელით დასთხრის თვალებს, მაგრამ ამას არ დასჯერდება და ქალაქის მცხოვრებლებსაც იმასვე დამართებს: მეომრები თავიანთ საჭურის მბრძანებელს 20 ათას წყვილ დათხრილ თვალს მიართმევენ.

კრწანისის ბრძოლა

ბრძოლა 11 სექტემბერს დილის 7 საათზე დაიწყო...

ქართველების მეწინავე ნაწილები შებმიან მტერს, დიდი სიმტკიცეც გამოუჩენიათ, მაგრამ, როგორც ისტორიკოსი ამბობს, მტერი მაინც შეტევაზე გადადიოდა ახალი ძალებით.

„და ბრძოდეს მეწინავენი მხედრობანი მეფისანი საკვირველად“, - წერს თეიმურაზ ბატონიშვილი.

აღა-მაჰმად-ხანის ძირითადი ბანაკი სოღანლუღში იდგა, ერეკლეს კი თავისი ლაშქარი სეიდაბადის ბაღების ბოლოს ჰყავდა დაბანაკებული.

ერეკლეს ჯარი 5 ნაწილად ჰყავდა დაყოფილი: მარჯვენა ფრთას სარდლობდა მეფის შვილიშვილი, დავით გიორგის ძე ბატონიშვილი, რომელიც იცავდა თბლისში შემომავალი გზების შესაყარს („გზანი სოლოლაკისანი და ტაბეხმელისანი“). მის განკარგულებაში იყო 6 საშუალო და მცირე ყალიბის ზარბაზანი; მარცხენა ფრთას იოანე მუხრან-ბატონი სარდლობდა; ბრძოლის ველის ცენტრსა და მთელ ფრონტს ერეკლე ხელმძღვანელობდა.

ცენტრში მეომრების უკან იდგა ორი რაზმი, რომელთაგან ერთს ვახტანგ ბატონიშვილი, ხოლო მეორეს ოთარ ამილახვარი ხელმძღვანელობდა და ისინი მეფის უშუალო განკარგულებაში იყვნენ.

იმერელი მხედრები, ზურაბ წერეთლის თავკაცობით, მთავარსარდლის მარჯვნივ იდგნენ. ერეკლეს შვილიშვილი იოანე კი მეწინავე რაზმს - ავანგარდს - სარდლობდა.

ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზანი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი

არტილერიის უდიდესი ნაწილი თავმოყრილი იყო მარცხენა მხარეს, საიდანაც კარგად სწვდებოდა მტერს. ამ უბნის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს ირანელებმა, მაგრამ უშედეგოდ. ქართველები სხვა მიმართულებებზეც წარმატებით იცავდნენ თავს, რაზეც მეტყველებს ომის დასრულების შემდეგ ერეკლეს მიერ გენერალ გუდოვიჩისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსი:

„სამჯერ დავამარცხეთ მისი ლაშქარი, მაგარმ ჩვენც მოკლული ძალიან ბევრი გვყავდა, ჯარი იმას ჩვენზე მეტი ჰყავდა და ბოლოს ჩვენი ჯარი გაანადგურა და თბილისი აიღო“.

თბილისის აღებაში ლომის წილი დაიდო თვითონ აღა-მაჰმად-ხანმა, რომელმაც ადიდებული მტკვარი გადაცურა.

„ვისაც შაჰის თავი უყვარს და ვაჟკაცია, მოვიდეს შაჰთან და თუ მე მტკვარმა წამიღოს, ეცადნეთ ჩემი გვამი შეიპყრათ, წაიღოთ და დაფლათ“, - 3 ათასი ცხენოსანი შეჰყვა ადიდებულ მტკვარში (300-მდე მხედარს დინება გაიტაცებს და დაახრჩობს) აღა-მაჰმად-ხანს, რომელმაც მშვიდობით გააღწია მდინარის მარცხენა ნაპირზე.

თბილისის დამცველებმა რომ დაინახეს მტკვარზე გადასული ჯარი, იფიქრეს, ალყაში გვაქცევენო და უკან დაიხიეს, მესამე სანგარში გადავიდნენ, ირანელებმა კი წინ წაიწიეს და ბაღები დაიკავეს.

ერეკლემ უკან დახევის ამბავი არ იცოდა და სანგრის მახლობლად გორაზე მყოფმა ჯარით შეუტია შაჰს, რომელიც ორთაჭალის ფონით კვლავ მარჯვენა ნაპირზე დაბრუნებულიყო. ისტორიკოს იასე ცინცაძის თქმით, ირანელებსაც ეს უნდოდათ, მოწინააღმდეგის გორიდან დაბლა ჩამოყვანა.

გაჩაღდა მთავარი ძალების ომი. ამ დროს წვიმაც დაიწყო. შაჰს ცხენი მოუკლეს. ერეკლემ გამაგრება ვერ შეძლო და მრავალი ჯარის ხოცვით სანგარში შევიდა. ამ პოზიციებზეც საათზე მეტი იბრძოდნენ ქართველები ერეკლესა და ვახტანგ ბატონიშვილის სარდლობით. მერე ბრძოლით დაიხიეს უკან და მეოთხე სანგართან დაიკავეს პოზიცები, სადაც კიდევ ერთი საათი იბრძოდნენ.

ერეკლე II და დარეჯან დედოფალი

„მეფესა კვალად არა ნებავდა უკან ქცევაი, არამედ მახლობელთა და ერთგულთა მისთა მოახსენეს რჩევით რათამცა მორიდოს მეფემან და არა მისცეს თავი თვისი სიკვდილსა და განსაცდელსა“.

ერეკლემ 150 მებრძოლთან ერთად დატოვა თბილისი. ქალაქში აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარებმა დაიწყეს შესვლა.

„ვიწრო იყო ის გზა, რომელიც მიდიოდა ქალაქისაკენ. ორსავე მხარეს ბაღები იყო და შაჰმა ვერ გაბედა მაშინვე უკან ედევნა გაქცეულებისათვის, არამედ ნახევარ საათამდის მოითმინა, ვიდრე უკან დარჩენილი ჩვენი ჯარი არ შეერთდა და დაიწყო შესვლა ქალაქში. თვალწინ წარმოგვიდგა ეკლესიები, სასახლეები, მცხოვრებთა სახლები და აბანოები, რომელნიც შეიძლებოდა თითო-თითო დაგვეთვალა“, - იხსენებს აღა-მაჰმად-ხანის ერთ-ერთი საველე მეთაური, იაკობ ბებუთოვი.

რატომ არ გვიშველა „ტრახტატმა“

გალაკტიონ ტაბიძე ვრცელ პოემაში „აკაკი წერეთელი“ წერს:

„...მუდმივ მტრების სარბიელო,

უმწეო და უმფარველო,

დახმარებას რუსეთისგან

ეძებს სუსტი საქართველო.

ამ ამბავმა აღძრა სხვანი;

საჭურისი ღვარძლიანი,

მბრძანებელი სპარსეთისა,

იგი აღა-მაჰმად-ხანი...“

მართალია პოეტურად, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცა გალაკტიონმა XVIII საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც მოვლენების შუაგულში მყოფი ერეკლე II ასე აღწერს 1795 წელს რუსეთში მყოფ არქიმანდრიტ გაიოზისათვის მიწერილ წერილში:

“თურქები, დაღესტნელები და ირანელები გვაყვედრიან რა რუსეთის მფარველობაში შესვლას, საგრძნობ ზიანს გვაყენებენ და მომავალშიც მათი თავდასხმა საფიქრებელი და სადარდებელი გვაქვს. თურქები ჩვენს საწინააღმდეგო მოქმედებას და სამაგიეროს მოზღვევას, რა თქმა უნდა, თავს არ დაანებებენ და აღა-მაჰმად-ხანს შეუთანხმდებიან ჩვენს საწინააღმდეგოდ“.

იასე ცინცაძის მიხედვით, აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე თავდასხმის საფრთხე ჯერ კიდევ 1791 წელს დაუნახავთ და ამის შესახებ გრიგოლ პოტიომკინისთვის უცნობებია სულხან თუმანიშვილს.

საქართველოზე თავდასხმის საფრთხეზე წერს ერეკლე რუსეთში მყოფ შვილს, მირიანს, 1793 წელს:

„გიბრძანებთ შენ, ვითარცა მშობელი, გამოიჩინო ერთგულება და ჩემი თხოვნა გრაფ პლ. ზუბოვის შუამდგომლობით მის უდიდებულესობას მიართვა... რათა რაიმე საშუალებით აგრძნობინოს მტერს, რომ საქართველო ასეთ დიდი მონარქის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამ გზით შეშინებულმა მტერმა იქნებ გადაიფიქროს თავდასხმა“.

ეკატერინე II

1795 წლის 6 ივნისს დარეჯან დედოფალი წერილს უგზავნის ეკატენირე II-ს:

„დამჭირნეობა ესოდენთა ქრისტიანეთა მაიძულებს მე ვედრებად უდიდებულესისა თქვენისადმი, რათამცა აღთქმისაებრ უმოწყალესისა ტრახტატისა ინებოთ შეწევნა ჩვენი აღა-მაჰმად-ხანს ზედა, რომელიც მახლობლად ჩვენდა მდგომარე არს არმიითა თვისთა და ცდილობს დაპყრობასა ქვეყნისა და ჩვენისასა, რომლისათვისაც ცრემლით გევედრები, უდიდებულესო ხელმწიფეო... რათა მოგვეცეს შეწევნა უძლეველითა მხედრობითა“.

1795 წლის 20 ივნისს ერეკლე II გარსევან ჭავჭავაძეს სთხოვს იშუამდგომლოს დედოფალთან და მოზდოკში გენერალ გუდოვიჩთან შეხვედრის ნებართვა მიიღოს, რათა რუს გენერალს გააცნოს ირანის საქართველოზე თავდასხმის გეგმა, რომელიც ქართველ მზვერავებს ჩაუვართად ხელში, თუმცა ეს შეხვედრაც არ შედგება.

გარსევან ჭავჭავაძე

1795 წლის ივლისში გარსევან ჭავჭავაძე ულტიმატუმის ტონში უგზავნის წერილს ალექსანდრ ბეზბოროდკოს - რუსეთის იმპერიის საგარეო უწყების ფაქტობრივ ხელმძღვანელს:

„სპასეთის ახლანდელი მბრძანებელი, აღა-მაჰმად-ხანი, მიისწრაფის შაჰად იქნეს ცნობილი და საქართველოზე თავდასასხმელად ემზადება. ჩემი თანამდებობისამებრ, მე უმდაბლესად გთხოვთ გვაუწყოთ: ინებებს თუ არა რუსეთის უმაღლესი კარი ტრაქტატით გათვალისწინებულ დახმარებისა და მფარველობის აღმოჩენას. ვთხოვთ თქვენს ბრწყინვალებას ამ ჩემს წარდგინებაზე სწრაფად მომცეთ პასუხი. ჩვენ ახლა უკიდურესად გვჭირდება ამისი ცოდნა“.

იასე ცინცაძის თქმით, ქართლ-კახეთის დიპლომატიამ რუსეთის სამეფო კარს დროულად მიაწვდინა ხმა, თუმცა რუსეთის ღალატის ტოლფასი ბიუროკრატიზმის გამო, საქართველოს ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო.

ალ. ბეზბოროდკო. რუსი სახელმწიფო მოღვაწე

ეკატერინე II მხოლოდ 1795 წლის 4 სექტემბერს, თბილისზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე, მოაწერს ხელს რესკრიპტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს გენერალმა გუდოვიჩმა.

დოკუმენტის პირველ მუხლში წერია, რომ რუსეთი, ღირსებისა და ინტერესების შესაბამისად, ვალდებულია ქართლ-კახეთის მეფესა და რუსეთის ვასალს აღმოუჩინოს დახმარება აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმის შემთხვევაში... „რათა გავაძლიეროთ ქართლის მეფე ხანის წინააღმდეგ ბრძლაში, ტრაქტატის პირობების შესაბამისად გავუგზავნოთ ქვეითთა ორი ბატალიონი სრული შემადგენლობით და ასევე მივაწოდოთ ადრე დაპირებული რამდენიმე ზარბაზანი“.

გენერალი გუდოვიჩი ამ რესკრიპტს 1 ოქტომბერს მიიღებს, როცა თბილისი მიწასთან იქნება გასწორებული, ხოლო აღა-მაჰმად-ხანი - ორი კვირის წასული საქართველოდან.

შვილები სად არიან?

ალექსანდრე ორბელიანი, ერეკლეს შვილიშვილი და 1832 წლის შეთქმულებრვი მოძრაობის მონაწილე, ამტკიცებს (ალ. ორბელიანი „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში, 1895 წ.“ ჟურნალი „მოამბე“), რომ აღა-მაჰმად-ხანი 10 სექტემბრის შეტაკების შემდეგ აპირებდა აყრას და სპარსეთისკენ წასვლას.

„სწორედ ასეც მოხდა... მაგრამ არტემ (არუთინ) არარატცკიმ ელჩი ორშაფათს ღამეს გააპარა, თვითონ უბელადა და თელეთისკენ იმან გაიყვანა“.

იგულისხმება აღა-მაჰმად-ხანის ელჩი, რომელიც თბილისში ჰყავდათ დატყვევებული. ალ. ორბელიანი წერს:

„აღა მაჰმად ხანმა, ეტყობა ერეკლეს დიდი ჯარი ჰყავს ხევებში დამალული და მე კი განგებ ცოტას მაჩვენებსო. მე ვხედავ, მეფე ირაკლი ასეთს საქმეს მიპირებს, თუ არ წავედი, ბოლოს ვინანებო. ელჩმა ფიცით დაარწმუნა, მეფეს ირაკლის მაგთენი ჯარი არა ჰყავსო... და ირანში გასაბრუნებლად აყრილი ბანაკი ისევ შეტევაზე წამოიყვანა“.

თუმცა იასე ცინცაძე, ავტორი წიგნისა „აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე“, ამბობს, რომ ალ. ორბელიანის გარდა ასეთ ამბავს არავინ ადასტურებს. ალექსანდრე ორბელიანი ერეკლეს დიდი პატრიოტი და, როგორც ჩანს, ამ ნიადაგზე ზომაზე მეტად ტენდენციური მკვლევარია, რომელიც ღალატში ადანაშაულებს ერეკლეს ლამის მთელ გარემოცვას, შვილების ჩათვლით.

სად იყვნენ ბატონიშვილები და რას აკეთებდნენ ბრძოლის დროს?

ტახტის მემკვიდრე გიორგი მეფის განკარგულებით კახეთის თავდაცვას ედგა სათავეში, მაგრამ გავრცელებულია აზრი, თითქოს განსაცდელის დროს ტახტის მემკვიდრე უდარდელად ცხოვრობდა სიღნაღსა და თელავში. პლატონ იოსელიანი გენერალ იოანე ანდრონიკაშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ „გიორგის არა ჰქონდა ბრძანება ირაკლისა არცა ჯარის შეგროვებისა და არცა მოსვლისა თბილისად“.

გიორგი ბატონიშვილი

ალ. ორბელიანს არც იულონის ქცევა მოსწონს: „ქართლს რომ განაგებდა სამუხრანოდან, რატომ 10 ათასი მეომარით არ მიეხმარა მამამისს? ამის მაგივრად დაუჯდომელს ვერ მოშორდა, ხელში ეჭირა და ილოცამდა. ეს იყო იმის ხელობა“.

არადა, ალექსანდრე და იულონ ბატონიშვილები მამასთან ერთად იყვნენ თბილისში და მეფის დავალებებს ასრულებდნენ.

მირიან ბატონიშვილი რუსეთში იმყოფებოდა, ანტონი პატრიარქი იყო, ლევან ბატონიშვილი ამ დროს გარდაცვლილია, ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი სახელდახელოდ შეკრებილი რაზმით გვერდში უდგას მამას და კრწანისის ბრძოლის შუა ცეცხლში ტრიალებს.

დავით ბაგრატიონი

„ასაკში მყოფი შვილიშვილები, დავით და იოანე, გვირგვინოსან პაპას არ მოსცილებიან და თუ კრწანისის ბრძოლაში მეფეს სიცოცხლე შერჩა ამათი წყალობით. იოანე ბატონიშვილმა ალყაშემორტყმული მეფე ბრძოლის ცეცხლიდან იშვიათი გმირობითა და მოხერხებით გამოიყვანა“, - ვკითხულობთ იასე ცინცაძესთან.

დარეჯან დედოფალიც 8 სექტემბრამდე მეუღლესთან იყო და რუსეთშიც სულ დახმარების მოთხოვნით გაჟღენთილ წერილებს გზავნიდა.

ალ. ორბელიანი აღწერს ასევე ერეკლეს გეგმებს (როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, აღწერს თავისი მდიდარი ფანტაზიით), რომელთა მიხედვითაც, ერეკლეს თითქოს იმედი ჰქონდა, რომ უზარმაზარ ჯარს შეკრებდა: 25 ათასი ჯარი მოდიოდა ლეკებიდან; 16 ათასი კახეთიდან და ქიზიყიდან; 10-10 ათასი იმერეთიდან, ქართლიდან, არაგვიდან, ჩერქეზეთიდან, ბორჩალოდან და 2 ათასი რუსეთიდან.

ალექსანდრე ორბელიანი

იასე ცინცაძე ვარაუდობს, რომ ალ. ორბელიანი ამას იგონებს მოღალატეების მხილებისთვის. რომ არა მოღალატეები, ერეკლე გამოიყვანდა 80 ათას კაცს და აღა-მაჰმად-ხანს დაამარცხებდაო. არადა, ცინცაძის თქმით, კრწანისის მარცხის მიზეზი უფრო ღრმა არის, ვიდრე ღალატი და ქართველთა გაუტანლობა, რისი წარმოჩენაც სურდათ არტემ არარატელს, გენერალ გუდოვიჩს და რუს ისტორიკოსსა და სახელმწიფო მოხელეს, პეტრე ბუტკოვს.

საქართველოს სამეფოში სამხედრო საქმე ჩამორჩენილი ფეოდალური წესით იყო ორგანიზებული; „მორიგე ჯარიც“ მოშლილი იყო ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო შეკრებილი ჯარი ორი-სამი კვირის შემდეგ იშლებოდა, რადგან მისი რჩენა შეუძლებელი იყო.

თბილისი - ცეცხლის ალით პკურებული

გენერალ ივან გუდოვიჩის მტკიცება, რომ ქართველებმა თბილისი უბრძოლველად მიატოვეს და აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი ქართველების უნიათობის შედეგად აიღო, სანამდვილეს არ შეესაბამება. ამას ამტკიცებს იაკობ ბებუთოვის მოგონებები, რომლის მიხედვითაც, თბილისის აღების შემდეგ, როცა ტახტზე მჯდომი მილოცვეს იღებდა, აღა-მაჰმად-ხანს უთქვამს: „მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვნია, მაგრამ ყველაზე დიდი ეს არის“.

იაკობ ბებუთოვი აღა-მაჰმად-ხანთან ერთად შევიდა თბილისში და ამის გამო ღირებულია მისი მოგონებები:

„მახსოვს როდესაც მივედით აბანოებთან ასეულნი მაჰმადიანნი რამდენისამე მოლებით წინ მოგვეგებნენ. ყურანები ხელში ეჭირათ და ცხვრები სამღვთოთ მოიყვანეს და შაჰის ცხენის ფეხის ქვეშ დაჰკლეს. აქ ერთი პატარა ვიწრო ხიდი იყო (განჯის ხიდი) და შაჰი მაზედ განვიდა და ჯარმაც დაიწყო წვრილს ბაზრებში შესვლა და გაიფინენ მთელ ქალაქში. შაჰი ერეკლეს პალატაში წავიდა და ჩამოხდა. გათენებამდის ჯარი არ დაცხრა ქალაქში თავიანთი უსჯულო მოქმედებით“.

ჯარის უსჯულო მოქმედება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. აღა-მაჰმად-ხანმა „უბრძანა მხედრობასა თვისსა განძარცვად ყოველთა ნივთთა და საუნჯეთა მეფისათა და შემდგომად მისსა უბრძანა, რათა ეკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად...“

გენარალი ი. გუდოვიჩი

აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი 20-21 სექტემბერს დატოვა, მანამდე კი (16 სექტემბერს) ერეკლეს, რომელიც „მთიულეთს კაიშაურის კარს“ იმყოფებოდა, გაუგზავნა წერილი და მოითხოვა მძევლად ერთ-ერთი უფლისწული, „მოღალატე ყარაბაღელების“ გადაცემა, „თეთრი ალმასი“, რომელიც აზად-ხანის ბრძოლაში ერგო ერეკლეს და პოტიომკინის ნაჩუქარი საათი, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ გაათავისუფლებდა 30 ათას ტყვეს, აღადგენდა დანგრეულს და დადებდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

ერეკლე წერილის შინაარსს ატყობინებს გენერალ გუდოვიჩს, თან ეუბნება: თუ 8 დღეში პასუხი არ მივიღეთ, მეტ წინააღმდეგობას ვერ გავწევთ, ხანის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ და ქრისტიანებს ვიხსნითო.

გენერალი ივანე გუდოვიჩი პასუხს ვერ იძლევა, 4 სექტემბრის საქართელოსათვის დახმარების რესკრიპტს მხოლოდ 1 ოქტომბერს მიიღებს. საქმე ისე მიდის, რომ ზავის დადება ერეკლესა და აღა-მაჰმად-ხანს შორის გარდაუვალი ხდება, მაგრამ, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ზავს ჩაშლის განჯის ხანი ჯავათი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ქართველი მეფე არ აპატიებდა ღალატს. სწორედ ჯავათმა დაარწმუნა აღა-მაჰმად-ხანი, რომ ერეკლე ჩერქეზეთიდან დიდძალ ჯარს უყრიდა თავს, რუსეთიდანაც მოისწრაფოდა ზარბაზნებით აღჭურვილი ჯარი და კახელებიც მზად იყვნენ საბრძოლველად - ასე რომ, ერეკლე დროის მოგებას ცდილობს, რათა თავს დაგესხასო.

აღა-მაჰმად-ხანი 20-21 სექტემბერს დატოვებს საქართველოს. რუსეთიდან გამოგზავნილი რაზმი პოლკოვნიკ სიროხნევის მეთაურობით სამი თვის შემდეგ, 1795 წლის დეკემბერში, ჩამოვა.

თავი აქა, ტანი იქა

აღა-მაჰმად-ხანი კიდევ ერთხელ აპირებდა თბილისზე გამოლაშქრებას. ამისათვის რუსეთის ჯარის გასვლას და ხელსაყრელ მომენტს ელოდა, თუმცა არ დასცალდა. 1797 წლის 11 ივნისს ერეკლემ მიიღო გარსევან ჭავჭავაძის წერილი, საიდანაც შეიტყო, რომ შუშაში მისული შაჰი მესამე დღეს, ხუთს ივნისს, თავის მოსამსახურეთ მოუკლავთ.

ისტორიამ შემოინახა მკვლელთა სახელები: სადიღი და ხუდადი, რომლებსაც უმნიშვნელო თანხის დაკარგვის გამო ჩხუბი მოსვლიათ შაჰის მოსასვენებელი ოთახის კართან, რამაც საშინლად განარისხა აღა-მაჰმად-ხანი. სასჯელიც რისხვის შესაბამისი ყოფილა: სიკვდილით დასჯა! თუმცა იმის გამო, რომ ხუთშაბათი ღამე იყო და განაჩენი პარასკევის ლოცვის დასრულებამდე ვერ აღსრულდებოდა, ხანმა სასჯელი იმით შეარბილა, რომ მისი აღსრულება პარასკევისთვის გადადო ისე, რომ „დამნაშავეების“ დატუსაღება არც კი უფიქრია.

მსახურები, რომლებსაც დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ, შუაღამით შევიდნენ შაჰის საძინებელში.

„აღიღეს დანაი მისი დიდი, რომელი ერტყა მარადის წელსა მისსა, ჩვეულებისამებრ სპარსთა... ევედრა მრავალსა, გარნა არა შეიწყალეს იგი, არამედ განგმირეს მახვილითა მით ღლიასა ქვეშე და მოკლეს და დაბურეს მას საბურველი საბანნი“, - წერს ისტორიკოსი.

პლატონ იოსელიანი

პლატონ იოსელიანი ამტკიცებდა, რომ სადიღა ქართველი ყოფილა, შუშის ციხიდან თბილისში დაბრუნებულა, კვლავ ქრისტიანობა მიუღია (ნათლიად ფარნავაზ ბატონიშვილი ჰყოლიაო) და 1800 წელს გარდაცვლილა... სხვა ვერსიით, მკვლელები სიკვდილით დასაჯა აღა-მაჰმად-ხანის ძმისშვილმა, აბაბ ხანმა. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ეს ბოლო ამბავი უფრო სარწმუნოა.

აღა-მაჰმად-ხანის მოკვლის შემდეგ შუშელები აჯანყდნენ, შაჰს თავი მოჰკვეთეს და ლეკეთში გახიზნულ იბრეიმ-ხანს ბელაქანში გაუგზავნეს. ჭარელი ლეკების ბელადებს ეს ამბავი არ მოეწონათ და რომ არ გაეღიზიანებინათ ირანელები, შაჰის თავი დიდი პატივით დაკრძალეს „ზაქათალის მეჩითში“, სადაც ასევე მარხია საქართველოს დაუძინებელი მტერი, ომარ ხანი, რომელსაც ცოლად აბაშიძის ქალი ჰყავდა.

რაც შეეხება აღა-მაჰმად-ხანის სხეულს, „იგი წარიღეს სპარსეთს და მიიღეს თეირანს, და მუნით წარიღეს ბაღდადს ბაბილონისასა დიდისა პატივით“.

„კრწანისის ომის შემდეგ...“

კრწანისის ომმა მძიმე კვალი დაამჩნია თბილისს, საქართველოს, მის განვითარებას. ბედის ირონიით, დაუძლურებულმა და რუსეთს დანდობილმა ქართლ-კახეთის სამეფომ სწორედ კრწანისის ომის წლისთავზე, 1801 წლის 12 სექტემბერს, დაკარგა სუვერენიტეტი ალექსანდრე I-ის „უმაღლესი მანიფესტით“.

ერეკლე II-ის საფლავი სვეტიცხოველში

რუსეთთან მიერთებაც კრწანისის ომის შედეგი იყო დიდ მატერიალურ ზარალთან, მიწასთან გასწორებულ ქალაქთან და უზარმაზარ მსხვეპლთან ერთად, თუმცა კრწანისის ომში განცდილმა მარცხმა მაინც ვერ დაუსვა წერტილი საქართველოს არსებობას. პოეტ ოთარ ჭელიძეს რომ დავესესხოთ, ეს უფრო სისხლიანი მრავალწერტილი იყო:

„კრწანისის ომი როცა დამთავრდა,

არ ატეხილა გრგვინვა დაფდაფთა...

სიკვდილის ველზე თანასწორადა

ცხელი თავები თავმოწყვეტილი

ეყარა, როგორც „ქართლის ცხოვრების“

ბოლო ფურცელზე მრავალწერტილი...“