1500-მდე შემოწმებული სკოლიდან 81-მა ვერ დააკმაყოფილა უსაფრთხოების კრიტერიუმები

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა რეაბილიტაციის პროცესში. 24 აპრილი, 2019 წელი

სასწავლო წლის შენობებში დაწყების წინ ინსპექტირების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, რომლის თქმითაც, მისი უწყება და სხვა საზედამხედველო ორგანოები 15 სექტემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულებაში მოასწრებენ შემოწმებისთვის მისვლას და სასწავლო პროცესის დაწყება არ გადაიდება.

"შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, [გახსნის] ნებართვა გავეცით 614 სკოლაზე, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, ხოლო დანარჩენი პროცესშია, შემოწმებულია ასევე 10-ზე მეტი უნივერსიტეტი", - თქვა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, დღეს მთელი უწყება 400-მდე ინსპექტორით მობილიზებულია იმისათვის, რომ შესაბამისი ნებართვები გაიცეს სასწავლო დაწესებულებებისთვის, სწავლის დაწყების შემდეგ კი ინსპექცია გეგმურ შემოწმებებს განახორციელებს სხვა ტიპის ეკონომიკურ სუბიექტებზე.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი რომ არ გახდება, ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, იმ სკოლებს, რომლებსაც გახსნის ნებართვა ამ დროისთვის არ აქვთ, მიეცათ რეკომენდაციები და მითითებები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.