მორაგბე დავით კაჭარავამ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა

საქართველოს სარაგბო ნაკრების გამოცდილმა წევრმა დავით კაჭარავამ სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ 35 წლის სპორტსმენმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით აცნობა.

„გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის! მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში. მადლობა კლუბ „ყოჩებს“ და მის პრეზიდენტ გუგა გეგენავას. მადლობა მწვრთნელებს! განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება. მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდითაც მითამაშია. მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი, მისი წარმატებისთვის მებრძოლა. რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე! მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები... თქვენს გვერდით ვიქნები ბიჭებო, რითიც და როგორც შემეძლება... წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს! რაგბი ჩვენი თამაშია! მადლობა!“ - დაწერა კაჭარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე.

დავით კაჭარავამ საქართველოს ნაკრებში 2006-2020 წლებში 122 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 125 ქულაა.