მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები, რაც გულისხმობს ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს, 10 სექტემბრიდან იკრძალება. შეზღუდვები ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით დახურულ სივრცეში ამ დრომდეც მოქმედებდა და გულისხმობდა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების დაუშვებლობას დახურულ სივრცეში.
“სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
არსებული შეზღუდვები არ ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილ აქტივობებს.
საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა კიდევ ერთი შეზღუდვის შესახებ, რაც გულისხმობს კინოთეატრების, თეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის თარიღის გადაწევას 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.