გორში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მატულობს

ჯერ მუხრუჭების ხმაურმა, შემდეგ კი დარტყმის ხმამ შინდისის გზატკეცილზე მცხოვრებლები შემთხვევის ადგილზე შეყარა, სადაც ორი მოზარდი მანქანიდან მოშორებით ასფალტზე იწვა. მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ერთი მოზარდი ფეხის მოტეხილობით კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, მეორე კი, მრავალი დაჟეჟილობით, - ჰოსპიტალში. მშვიდობის გამზირის მცხოვრებლებმა იქვე გამოთქვეს აღშფოთება მანქანების მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო. მშვიდობის გამზირი გორის ერთ -ერთი ცენტრალური გამზირია, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ამ ხალხმრავალ უბანში კი მანქანები სწრაფად მოძრაობენ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ლიზა ყაზიშვილმა თავად ნახა, როგორ დაეჯახა სწრაფად მიმავალი მანქანა ფეხით მოსიარულე მოზარდებს. მისი აზრით, ხალხმრავალ უბნებში აუცილებელია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება.

შინდისის გამზირის მცხოვრებლები იმასაც ამბობდნენ, რომ ხშირად პოლიციაც ხედავს, როგორ ეჯიბრებიან ავტომანქანების მძღოლები ერთმანეთს, მაგრამ ამაზე რეაქცია არა აქვთ. მათი აზრით, პოლიცია უნდა გააქტიურდეს, რათა გზებზე და ქუჩებში მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

კლინიკა “გორმედის” ექიმი, დავით გასიტაშვილი, ამბობს, რომ მათთან მიყვანილი არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაეყვანა.

ბოლო თვეების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. კვირაში რამდენიმე შემთხვევა მაინც არის. წუხანდელ შემთხვევამდე ორი დღით ადრე ერთ -ერთ სოფელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამ შვილი კალთაში ჩაისვა და თითქოს ასე ასწავლიდა მანქანის მართვას, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მანამდე კი ცენტრალურ მაგისტრალზე ერთ-ერთ მოქალაქეს ერთბაშად რამდენიმე მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდა ამისა, ქალაქის გარეუბნებში ღამის საათებში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა ავტორბოლები. ამ უბნებში მცხოვრებლებს ხშირად მკვეთრი დამუხრუჭების ხმები აწუხებთ. ისინი მოითხოვენ, რომ საპატრულო პოლიცია გააქტიურდეს და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევების მიმართ მკაცრი ზომები გატარდეს.