„ქართველებს არა ჰყავთ მეზარბაზნეები“! - ფილმ „მაია წყნეთელში“ ამ სიტყვებმა აღა-მაჰმად-ხანის წასასვლელად გამზადებული ლაშქარი უკანვე შემოაბრუნა და მაყურებელიც დააჯერა, რომ 225 წლის წინ თბილისი მეზარბაზნეების არაარსებობის გამო აოხრდა. ისტორიული რეალობა კი სულ სხვაა, ერეკლე მეორეს ყველაზე ნაკლებად სწორედ მეზარბაზნეები უჭირდა.
ერეკლე მეორე პირველი ქართველი მეფე იყო, რომელმაც ზარბაზნების წარმოებას სერიოზულდ მოჰკიდა ხელი. ამისთვის არც ფული ენანებოდა და არც ხალხი. მეფემ 1749 წელს საარტილერიო ქარხანა ააშენებინა, სადაც სხვა იარაღთან ერთად ზარბაზნებსაც ასხამდნენ. ქარხანა თბილისის ცენტრში მდებარეობდა.
იმის გამო, რომ ქართველების ჯარი მუდმივად მცირერიცხოვანი იყო, ერეკლე მეორე არტილერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ჯერ კიდევ 1747 წელს ოსმალური ზარბაზნით აიღო თბილისი, თაბორის ციხე და ნარიყალა - „გორიდამაც შთამოიტანა ზარბაზანი იგი დიდი ბოჭორმისად წოდებული“, მოგვიანებით კი თავადაც „დია ჩინებული არტილერია გამართა“. ისტორულ წყაროებში ხშირად ვხვდებით, რომ საქართველო ზარბაზნების წარმოებით რეგიონში მოწინავე ქვეყანა იყო და ერეკლე ომებს ხშირად სწორედ არტილერიის მეშვეობით იგებდა.
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში ნათქვამია, რომ გენერალმა ტოტლებენმა, ერეკლეს თხოვნით, რუსეთში მოღვაწე პოდპოლკოვნიკი სიმონ ჩოლოყაშვილი და ანტონ თარხან-მოურავი გამოგზავნა, ქართველებისთვის ზარბაზნებისა და მორტირების (მცირე ზარბაზანი) გაკეთება რომ ესწავლებინათ. ერეკლემ ოსმალეთიდან გადმოიყვნა, ასევე, მადნის ბერძენი ოსტატები. მათ ახტალასა და ალავერდში სპილენძისა და ვერცხლის წარმოება განავითარეს. ქარხანა სპილენძით სწორედ აქედან მარაგდებოდა.
ერეკლე მეორემ საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთში პაატა ანდრონიკაშვილი გაგზავნა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ არტილერიის უფროსობა მიიღო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი საქმე გაბრიელ არეშიშვილმა და გიორგი გურამიშვილმა გააგრძელეს.
თოფისწამლის დანაყვის უფლება
ისტორიკოსი მამუკა წურწუმია ამბობს, რომ 1770 წელს ერეკლე მეორემ დენთის დამზადებაზე მონოპოლია აიღო. თავდაპირველად მან მხოლოდ თაყუაშვილების გვარს უბოძა „თოფისწამლის დანაყვის“ უფლება. თაყუაშვილებმა თოფისწამლის დამამზადებელი ქარხანა ავლაბრის ციხესთან ააშენეს, თუმცა მალევე, საახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მეფემ მათ ქარხანა ჩამოართვა და სახელმწიფო საკუთრებაში დაიტოვა.
რუსები ამბობდნენ, რომ ქართველები დენთს არასწორი თანაფარდობით ამზადებდნენ და ცუდი გამოდიოდა, თუმცა 1788 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოცემული ბროშურის ანონიმი ავტორის შეფასებით, თბილისის ქარხნის დენთი იყო Very Good.
400 მეზარბაზნე
1790-1794 წლებში ერეკლე II-მ იარაღის ქარხნის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზარდა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი, მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტი და ქარხანა ინგლისურ წესზე გადაიყვანა. ამ საქმეში მონაწილეობდა ავსტრიელი ოსიპ ვეტინგიც. მოგვიანებით ეკატერინე მეორემ ერეკლეს 24 ზარბაზანი გამოუგზავნა, მაგრამ ნახევარი გზაში დაიკარგა და საქართველომდე მხოლოდ 12-მა მოაღწია. უკვე კრწანისის ბრძოლაში თბილისს 35 ზარბაზანი იცავდა.
რაც შეეხება მეზარბაზნეებს, ციციანოვისადმი მიწერილ წერილში თავადი ორბელიანი იტყობინება, რომ ერეკლე II-ის დროს სამეფოში 400 მეზარბაზნე (თოფჩი) იყო და ისინი გათავისუფლებული იყვნენ რიგი სამეფო ვალდებულებებისაგან.
„ეტყობა, მართლაც, „მაია წყნეთელისგან“ გავრცელდა ეს ლეგენდა, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა. რეალურად, ჯარის მცირერიცხოვნობაზე თუ მიუტანეს ამბავი [აღა-მაჰამად-ხანს], სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ შეატყობინებდნენ“, - ამბობს მამუკა წურწუმია და ამატებს, რომ „ერეკლემ სწორედ არტილერიაზე გააკეთა აქცენტი, რადგანაც ხალხი ბევრი არ ჰყავდა“.
„ვიდრეღა ძალ ედვათ მათ, ბრძოდეს“
1795 წლის 8 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, გაჩერდა. ამ დროს ქართული ჯარი მხოლოდ რამდენიმე ათას კაცს ითვლიდა. მიუხედავად ამისა, 10 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში ხანის არმია დამარცხდა, მაგრამ მეორე დილას შემობრუნდა და თბილისი აიღო.
თეიმურაზ ბაგრატიონი თბილისელ არტილერისტებზე წერს: „ესენი იყვნეს ბრძოლასა შინა ფრიად გამოცდილნი და ამათ ძლიერად და ფიცხლად ამოქმედნეს არტილერია მეფისა და შეაძრწუნვესცა სპარსნი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნეს ზარბაზანთა მიერ და ფრიადისა ღვაწლითა ვიდრეღა ძალ ედვათ მათ, ბრძოდეს“.
აღა-მაჰმად ხანმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. დაუმარხავი გვამების გამო თბილისში შავმა ჭირმა იფეთქა. რაც შეეხება ზარბაზნების ქარხანას, „აღა-მაჰმად-ხანმა ქარხანა დაშალა, გადაწვა და ხელოსნები თან წაიყვანა“, - ამბობს მამუკა წურწუმია.
უკვე შემდეგ ქართული იარაღის წარმოება რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებში აღარ შედიოდა. შესაბამისად, ქართული ქვემეხების ჩამოსხმზე აღარავის უზრუნვია.