რადიო თავისუფლებამ მაუწყებლობა განაახლა უნგრეთში

8 სექტემბერს უნგრეთის ტერიტორიაზე მუშაობა განაახლა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უნგრულენოვანმა სამსახურმა, რომელმაც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეწყვიტა მაუწყებლობა.

ამ მოვლენის ფონია პრესის თავისუფლების ინდექსის გაუარესება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა, განაცხადა, რომ მაუწყებელი ბრუნდება უნგრეთში „ყველაზე თანამედროვე პროგრამებითა“ და რთე/რთ-ის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებით, რომ „ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს აუდიტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებით“.

რადიო თავისუფლების უნგრეთის სამსახურს ხელმძღვანელობს გიულა ჩსაკი, წარსულში „ევრონიუსის“ პროდიუსერი და რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი.

უნგრეთში მედიალანდშაფტის დრამატული შეზღუდვის გამო, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მაუწყებლობის აღდგენის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის შემოდგომაზე.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ პირდაპირ თუ ირიბად კონტროლი დაამყარა ქვეყნის მედიასაშუალებების უმრავლესობაზე.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების უნგრულენოვანმა სამსახურმა (Szabad Európa Rádió), რომელიც ცივი ომის განმავლობაში მიუნხენიდან მაუწყებლობდა, მუშაობა 1993 წელს შეწყვიტა.

უნგრეთში რადიო თავისუფლების მაუწყებლობის განახლებას წინ უძღოდა 2019 წელს ოფისების გახსნა ევროკავშირის კიდევ ორ ქვეყანაში - ბულგარეთსა და რუმინეთში.