ომბუდსმენი: დაიწყოს გამოძიება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარაზე

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ მუქარაზე.

"ასევე [შსს-მ] შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად", - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

1 სექტემბერს პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახმეტის მერიის ორგანიზებულ აქციაზე რადიოს დარბევით ემუქრებოდნენ.

5 სექტემბერს რადიო „ვეი“-ს შენობასთან გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გაიმართა აქცია რამდენიმე ადგილობრივის მონაწილეობით. მათი აზრით, მთივლიშვილი ხეობაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად და პროვოკაციულად აშუქებს.

კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "პანკისის სათემო რადიოს" დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ.

საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ხოლო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა მუქარით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ასევე ნახეთ: "მუქარების მიუხედავად, არ ვაპირებთ იქიდან გამოსვლას ან მუშაობის გაჩერებას. პანკისის სათემო რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას"