პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ აქციები მოეწყო 29 აგვისტოსა და 5 სექტემბერს. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის მიუხედავად, რადიო მაუწყებლობას აგრძელებს, თუმცა, გარკვეული აქტივობების გადაგეგმვა მოუხდა:
Your browser doesn’t support HTML5
„შსს-ს დღემდე არ დაუწყია გამოძიება ორი აქციის დროს გამოთქმულ ღია, დაუფარავ, ძალადობისა და მუქარის შემცველ განცხადებებზე.
პირველ შემთხვევაში, როცა 29 აგვისტოს გაიმართა აქცია, ჩვენ პირდაპირ დაგვემუქრნენ სათემო რადიოს დარბევით და ჩემი იძულებით, რომ არ მომცემენ ხეობაში მუშაობის საშუალებას.
მეორე აქციაზე, რომელიც გაიმართა შაბათს, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ სხვა საინფორმაციო საშუალებიდან როცა ჰკითხა აქციის მონაწილეებს, როგორ შემიშლიან ხელს მუშაობაში და რა ფორმით არ მომცემენ ხეობაში თავისუფალი გადაადგილებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, აქციის მონაწილეებმა დააკონკრეტეს, რომ დამამხობენ რადიოსთან ერთად და ფიზიკურად გამიწევენ წინააღმდეგობას.
ბუნებრივია, ამ მუქარების კვალობაზე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ პანკისის ხეობაში ჩასვლისგან. შესაბამისად, გაჩერებულია გადაცემა, რომელიც 1 სექტემბრიდან უნდა გაგვეახლებინა რადიოეთერში და რომელსაც მე თვითონ ვაკეთებ. გარდა ამისა, გავაუქმეთ რამდენიმე მივლინება ჩვენი ორგანიზაციის სხვა ოფისებიდან, რადგან შეიძლება იქ ადგილობრივ თანამშრომელს თავს არ დაესხან, ვინც უშუალოდ თემის წარმომადგენელია, მაგრამ ჩვენი რადიოს სახელით ვინც შევა გარედან, ვფიქრობთ, მათ მიმართ შეიძლება იყოს გარკვეული წინააღმდეგობა და ძალადობა, ამიტომ გარკვეული მივლინებები ჩვენ უკვე გავაუქმეთ.
ამ ეტაპზე მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო მოახდენს გარკვეულ რეაგირებას სწორედ იმის გამო, რომ მათ საპროცესო კანონმდებლობით ევალებათ მედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება, მაგრამ არ დაიწყეს. გარდა ამისა, მედიაადვოკატირების კოალიციამაც მოუწოდა შსს-ს, რომ გამოძიება დაეწყოთ დანაშაულის ნიშნების შემცველ განცხადებებზე. არც ამ შემთხვევაში დაიწყეს. ამიტომ, 4 სექტემბერს მე წერილობით, განცხადებით მივმართე გენერალურ პროკურორს და მოვითხოვე გამოძიების დაწყება, თუმცა ჯერჯერობით არანაირი წინსვლა არ გვაქვს ამ კუთხით.
მე ეს არ მიკვირს. ჩვენ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ ამ პროცესში ჩართულია ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) ადგილობრივი თანამშრომლების მეშვეობით და ბუნებრივია, ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს გაბედავენ, მით უფრო მედიის წინააღმდეგ, თუ მათ არ ექნებათ ცენტრიდან მხარდაჭერა და თანხმობა. ამავე დროს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ ამ პროცესში და ეს არის რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ მართული პროცესი.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამის ხაზგასმა ჩემგან სწყინს ხეობის ზოგიერთ მცხოვრებს, ვინც გუშინწინაც მოაწყო აქცია და გამოთქვამდნენ პროტესტს რატომ გვადანაშაულებს სუს-თან და სხვა უწყებებთან ალიანსშიო, მაგრამ მე მკვეთრად და ცხადად ვფიქრობ, რომ ეს არის ასე“.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლებს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის განხორციელების „საფუძვლიანი შიში“ აქვთ, თუმცა მედიასაშუალება არ აპირებს თავისი მთავარი ფუნქციის დათმობას:
„ამას არ ვამბობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს დაკავება ან პასუხისგებაში მიცემა გვინდა. ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი: ჩემი იქ არჩასვლა, მივლინებების გაუქმება, მათ შორის რადიოს იქაური თანამშრომლების ლიმიტირება მხოლოდ რადიოსტუდიაში მუშაობით და ველზე არგასვლა სწორედ იმისთვის არის, რომ ამ დაძაბულობის კვალდაკვალ ვინმეს რაიმე საფრთხე არ შევუქმნათ.
იქ არის ორმაგი სტანდარტი: ერთი მხრივ, აქციის ზოგიერთი მონაწილე და ორგანიზატორი ამბობს, რომ პირველი აქციის შედეგად მათ მიიღეს უარყოფითი გამოხმაურება და რეაქცია დანარჩენი საზოგადოების მხრიდან, მათ შორის საბედნიეროდ, შიგადაშიგ პანკისის ზოგიერთი მცხოვრებისგანაც, რომლებიც არა საჯაროდ, მართალია, მაგრამ ვიცი, რომ თემის შიგნით ამ ძალადობისკენ მოწოდებებსა და მუქარას გაემიჯნენ. ამიტომ, მეორე აქციაზე ტაქტიკა შეცვალეს აქციის მონაწილეებმა და თქვეს, რომ არ არიან სათემო რადიოს მუშაობის წინააღმდეგი, მაგრამ პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილები და გვადანაშაულებენ გარკვეულწილად შუღლის გაღვივების მცდელობაში და ამის არგუმენტად მოჰყავთ [სხვადასხვა მოვლენის გაშუქების] შემთხვევეები.
ჩვენ არ დაგვიმალავს არც ერთი ფაქტი, როცა თუნდაც შორტებით ქუჩაში გამოსვლის გამო ადამიანების მიმართ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და თუკი ისინი ამას ეძახიან შუღლის გაღვივების მცდელობას, ცხადია, ამაზე ვერასდროს შევთანხმდებით, რადგან რადიო არის იქ იმისთვის, რომ გააშუქოს როგორც პოზიტიური ამბები, ასევე უარყოფითი, ანუ არ დამალოს არც კარგი და არც ცუდი და თუკი ვინმეს, რაღაც ჯგუფს, ვიტყოდი რადიკალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფს იქ აღელვებს, რომ ჩვენ არ ვმალავთ არაფერს და მესმის, სათემო რადიოა და ყველა სხვა მედიასაშუალებასთან შედარებით უფრო ინტენსიურად გვიწევს როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბების გაშუქება, ეს არის მედიის მთავარი ფუნქცია და ჩვენ ამას ვერ გადავუხვევთ.
ამ მუქარების მიუხედავად, ვიდრე რადიო იმუშავებს, და ჩვენ არ ვაპირებთ იქიდან გამოსვლას ან რადიოს მუშაობის გაჩერებას, რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რადგან გვწამს, რომ არ ვღალატობთ პროფესიულ სტანდარტებს მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ჯგუფებს, თუნდაც ხეობის მოსახლეობის რაღაც ნაწილს როგორ მიაჩნია ეს.
თუ ვინმეს აქვს პრობლემა პროფესიულ სტანდარტებთან მიმართებით, არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თუ ვინმეს ცილს ვწამებთ არასწორად, არსებობს სასამართლო. შეუძლიათ ეს ცივილიზებული მეთოდები გამოიყენონ და არა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა".
გელა მთივლიშვილი „დილის საუბრებში“ ყვება ადგილობრივი თემის ნაწილის მხრიდან მისი და მისი ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილი აგრესიის მიზეზებსა და ისტორიაზე:
„ეს არ დაწყებულა ახლა და მიზეზი, როგორც შეიფუთა სათემო რადიოს მიმართ დაწყებული წინააღმდეგობა, რომ თითქოს არის შენობასთან დაკავშირებული საკითხები, არის მხოლოდ იმისთვის, რომ ეს მთავარი მიზეზები, რის გამოც იქ გვებრძვიან და გვავიწროებენ, არ იყოს წინა პლანზე წამოწეული.
ივლისის ბოლო რიცხვებში სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ იმ შენობის გააყიდვას აპირებენ, რომლის მეორე სართულის ერთ მცირე ნაწილში არის შესული იჯარის საფუძველზე სათემო რადიო. ლაპარაკია 89 კვადრატულ მეტრზე, რომელიც იჯარით გვაქვს აღებული ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2015 წლიდან. პირველი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, იჯარა გაგრძელდა 2022 წლის თებერვლის ჩათვლით. შესაბამისად, ჯერჯერობით იქიდან გამოძევების საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენმა წყაროებმა, ძალიან სანდო ადამიანებმა, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიიდან, გვითხრეს, რომ მერსა და “როდი სკოტის ფონდს” [2002 წელს ჩეჩნეთში მოკლული ბრიტანელი ჟურნალისტის სახელობის ფონდი] შორის მიღწეული შეთანხმებით, იგეგმება ამ შენობის, არ ვიცი ჯერ, პირდაპირი წესით თუ აუქციონზე საჯაროდ გამოტანის წესით მიყიდვა ფონდისთვის. ლაპარაკია მთლიან შენობაზე და ამ შეთანხმების პირობებით (ზეპირი შეთანხმება იგულისხმება), ჩვენ 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, იქიდან არავინ გაგვაძევებდა, თუმცა შემდეგ კონტრაქტის გაგრძელება აღარ მოხდებოდა. ჩვენთვის ეს, ბუნებრივია, არ არის უმტკივნეულო საკითხი, რადგან საკუთარი რესურსებით შევძელით მთლიანად იავარქმნილი შენობის რეაბილიტაცია, რაც სათემო რადიოსთვის საკმაოდ დიდი ხარჯია. ლაპარაკია, დაახლოებით 60 ათას ლარზე და ჩვენ იგივე ფუფუნება და ამდენი შრომა, რაც იქ ჩავდეთ, შეიძლება აღარ გვქონდეს.
დავინახეთ რეალური საფრთხე, რომ რადიო დარჩენილიყო ოფისის გარეშე. ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერიისგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით მოვითხოვეთ განმარტება თუ ვინ იყო დაინტერესებული პირი, ვინც ამ შენობის შესყიდვას აპირებდა. ეს ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში მერიისგან ვერ მივიღეთ, რის გამოც შემდგომ მერიაში წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი და ასევე განვაცხადეთ, რომ, თუ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზეც ვერ მივიღებდით ინფორმაციას - ვინ იყო შენობის შესყიდვით დაინტერესებული პირი, მივმართავდით სასამართლოს ამ ინფორმაციის მისაღებად.
გაიგეს რა ამის შესახებ და ნახეს რა ადმინისტრაციული საჩივარი, მეორე დღეს მოგვწერა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, რომ შენობის შესყიდვით დაინტერესებული იყო „როდი სკოტის ფონდი“.
ეს ფონდი მუშაობს კერძო შემოწირულობებით, დონორების მხარდაჭერით და აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს პანკისში, სამართლიანობა მოითხოვს, ეს აღვნიშნოთ, რომ წლების განმავლობაში ისინი სასკოლო ასაკის ბავშვებს უფასოდ ასწავლიან ინგლისურ ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არასდროს ჩვენ ამისი წინააღმდეგი არ ვყოფილვართ და ნორმალური ადამიანი ვერ იქნება ამის წინააღმდეგი. ვინმეს არ ეგონოს, რომ აქციებით შემაშინეს და ამ პოზიციას ამიტომ გამოვხატავ . არა. შეუძლებელია ადამიანი იყოს ბავშვების განათლების წინააღმდეგი და მით უფრო, სათემო რადიო და ჩვენ“.
გელა მთივლიშვილის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა პანკისის სათემო რადიოს დაინტერესება შენობის გასხვისების პროცესით, ფონდს ხელისუფლებამ უარი უთხრა შენობის გადაცემაზე:
„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შემდგომ უარი უთხრა „როდი სკოტის ფონდს“ შენობის გადაცემაზე და ფონდის ხელმძღვანელი პირველ აქციაზე საჯაროდ აღნიშნავს, რომ გელა რაც ჩაერია, ეს პროცესი ჩაიშალა, თორემ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო შენობის გადაცემაზე და იქ გვწყევლის მეც და რადიოს თანამშრომლებსაც, რაც საწყენია ნამდვილად.
პირველ აქციაზე, ნახეთ, რომ იყო ძალიან ბევრი ქალი და ბავშვი. აბსოლუტურად გადამოწმებული ზუსტი ინფორმაციით, „როდი სკოტის ფონდის“ ხელმძღვანელმა მოუწოდა თავის პედაგოგებს, თუ 20-20 ბავშვსა და ზრდასრულს არ მიიყვანდნენ აქციაზე, ემუქრებოდათ ორგანიზაციიდან გათავისუფლება. ასე შეკრიბეს ეს ადამიანები და აქციის ბევრმა მონაწილემ პირველად ადგილზე შეიტყო, რომ ეს აქცია ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული.
ხაზი მინდა გავუსვა, შენობის შესყიდვით ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ. გვინდა, რომ რადიომ ის ოფისი, ფართის მცირე ნაწილი მეორე სართულზე შეინარჩუნოს და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. არავინ არავის იქიდან გაძევების მომხრე არ არის, მით უფრო ბავშვების, რომლებიც ინგლისურ ენას სწავლობენ და ჩვენი რესურსებით თუკი შეგვიძლია, რომ რამენაირად მხარი დავუჭიროთ მათ, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას“.
„დილის საუბრების“ სტუმარი იხსენებს არაერთ სხვა ეპიზოდს, როცა პანკისის სათემო რადიოს მუშაობა საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პრობლემური აღმოჩნდა იმის გამო, რომ ის ნეგატიურ მოვლენებსაც აშუქებდა. პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ხელისუფლებას დროულად რეაგირებისკენ მოუწოდეს.
Your browser doesn’t support HTML5