როგორი მტკიცებულებებით წარდგება სასამართლოში შაქარაშვილის საქმის ბრალდება და დაცვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

სწორედ 10 სექტემბერს უნდა იმსჯელოს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილი 12 ტომისგან შედგება.

რა მტკიცებულებებით გაამყარებს ბრალდება საკუთარ პოზიციას და როგორ მტკიცებულებებს დაუპირისპირებს დაცვა პროკურორებს, ამ დეტალების შესახებ ადვოკატები ვერ ლაპარაკობენ. თითქმის ერთი თვის წინ, მათ საქმის ახალ მასალებზე, გაუთქმელობის პირობას მოაწერეს ხელი.

მას შემდეგ, მედიასაშუალებები, ისევე როგორც რადიო თავისუფლება, პერიოდულად ცდილობენ, სხვადასხვა წყაროდან მოიპოვონ ინფორმაცია, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში არსებული ახალი მასალების შესახებ.

სწორედ ასე მოიპოვა რადიო თავისუფლებამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ბოლო, მეხუთე ჩვენება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და საყრდენი გახდა ბრალდებისთვის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, 5 ბრალდებულისთვის, „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი წაეყენებინა.

ასევე ნახეთ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება: გაგნიძემ მკითხა „როგორც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?“

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ასევე საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიება ამტკიცებს, რომ ხუთი მდევრიდან ორმა, გიორგი შაქარაშვილის არაგვის ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა და სწორედ ამიტომ გახდა ის იძულებული, მოასფალტებული გზიდან გადაეხვია და ციცაბო ბილიკზე, მდინარე არაგვის მიმართულებით გაქცეულიყო.

გამოძიება, ცხადია, ირწმუნება, რომ საქმეში ასევე დევს სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 19 წლის ფეხბურთელი სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით გარდაიცვალა. გამოძიების მტკიცებითვე, ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებს ის დაზიანებები, რომლებიც ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს. ბრალდების განცხადებითვე, საქმეში ასევე დევს ვიდეო-ჩანაწერები, „რომლებიც დროის კომპონენტთან დაკავშირებით იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას“.

ასევე ნახეთ პროკურატურა: ბრალდებული პირების წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს

მიუხედავად იმისა, რომ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის ახალ მასალებს გაუთქმელობის პირობა ბოჭავს, მედიისთვის ამ საქმეში არსებული კიდევ რამდენიმე მტკიცებულების შესახებ გახდა ცნობილი. მათ შორისაა, მაგალითად, ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ყოფილი თანამესაკნის, კობა ჩიტიძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მან გამოძიებას 14 აგვისტოს მისცა და სადაც ყვება, თუ როგორ გაუზიარა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მას 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში მომხდარი ინციდენტის დეტალები, ანუ, ფაქტობრივად, გაენდო „კამრის“ მგზავრების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

საკნებში გადაღებული ფარული კადრები


ერთ-ერთი ბოლო მტკიცებულება კი, რომელიც მედიამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში არსებული მასალებიდან მოიპოვა, ფარული ვიდეო-კამერებით გადაღებული კადრებია. ეს ჩანაწერები 5 სექტემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, კადრები გლდანის ციხეშია გადაღებული და მასზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირია ასახული. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის თქმით, ფარული ვიდეო-კამერები სხვადასხვა საკანში იყო დამონტაჟებული. ჩანაწერები კი ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვიდეო, ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანშია გადაღებული. გამოძიება სწორედ მას ედავება გიორგი შაქარაშვილისათვის გზის მოჭრის ფაქტს. ვიდეო-ჩანაწერში ისმის, რომ ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, რევაზიშვილი ამბობს, რომ უნდა იპოვოს ადამიანები, რომლებიც დაემუქრებიან, მისი ყოფილი თანამესაკნის, კობა ჩიტიძის ცოლს. ასევე, სავარაუდოდ, რევაზიშვილი, ამბობს, რომ "ნერვიულობდა, დნმ-ზე რამე არ ექნათ".

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, ტელეკომპანიის ცნობით, ის გაკეთებულია საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს კამერაში. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, რომ თუ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მამამისი აუცილებლად იძიებს შურს.

ტვ პირველის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად, კადრში, სავარაუდოდ, კვლავ ზ.ხ. ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ზ.ხ. ამბობს, რომ ვერ ხვდება, „კამრის“ მეექვსე მგზავრს, უფრო ზუსტად კი მძღოლს, ვასილ მახარაძეს, რატომ არ წაუყენებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით, მაშინ, როცა, ზ.ხ.=ს თქმით, ის და მახარაძე, 19 ივნისის ღამეს ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა, ბრალი მხოლოდ მას დაუმძიმეს.

"შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით წამოდით-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდნენ", - ისმის ვიდეოში, თუმცა, კადრში არ ჩანს, ვინ ამბობს ამას და ზუსტად რას გულისხმობს.

კიდევ ერთი ბრალდებულის საკანშია გადაღებული მეოთხე ჩანაწერი. თუმცა, ვინ არის ეს ბრალდებული, უცნობია. ამ ჩანაწერში, ერთ-ერთი პირი ახსენებს იუბილარ, ანა გაბაჩევას (ინციდენტი, რომელსაც გიორგი შაქარაშვილს მკვლელობა მოჰყვა, დაბადების დღის წვეულებაზე, მცხეთაში დაიწყო). საკანში მყოფის თქმით, ანა გაბეჩავა შეხვდა დაბადების დღის მონაწილეებს და ფულის შეგროვება მოსთხოვა, რადგან პანდემიის დროს წვეულების მოწყობისთვის აჯარიმებდნენ.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საკნებში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადება გენერალურმა პროკურატურამ მალევე გაავრცელა. მათი თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. უწყების ცნობითვე, ჩანაწერები ახალ საქმეს თან დაერთო და დაცვის მხარეს 3 სექტემბერს.

გიორგი გელხაური, არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამამართლებელი მტკიცებულებებია. მისი თქმით, ამ ჩანაწერების საქმეში დამაგრებით, პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები შექმნა. გიორგი გელხაური დარწმუნებულია, რომ გამოძიებამ მხოლოდ იმიტომ შეუფარდა დაკავებულებს პატიმრობა, რომ საკნებში დამონტაჟებული ფარული კამერებით, მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები შეექმნა, რაც არ გამოუვიდა:

„საბოლოოდ, ამ ჩანაწერებით დადგინდა, რომ არცერთ ბრალდებულს არანაირი შემხებლობა არ აქვს განზრახ მკვლელობასთან. მეორე, თუკი განჩინებაში ჩავიხედავთ, ბრალდებულებს პატიმრობა იმიტომ აქვთ შეფარდებული, რომ არ გაანადგურონ მათ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. თუკი ამ ხაზს გავყვებით, პროკურატურამ პატიმრობა იმიტომ მოითხოვა, რომ მათ საქმეში არ ჰქონდათ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მტკიცებულებების შექმნა უნდოდათ, კერძოდ, კამერაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით. მათ ისე შეუფარდეს ამ პირებს 109-ე მუხლი, რომ ამის მტკიცებულებები არ ჰქონდათ. ამ გზით კი მათ გადაწყვიტეს მტკიცებულებების მოპოვება, დაამონტაჟეს კამერები, შეუგზავნეს ჩანერგილი ხალხი, მოწმეებს დააწერინებს ცრუ ჩვენებები და ასე შექმნეს ე.წ. მტკიცებულებები. ახლა კი ამ ჩანაწერების საქმეში დამაგრებით, პროკურატურამ შექმნა დაცვის მტკიცებულება“.

კიდევ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერები ადვოკატებმა სასამართლოს უკვე წარუდგინეს, როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები, რადგან ამით ბრალდების მხარეს აღარ ექნება საშუალება, რომ ეს მტკიცებულებები მოხსნას საქმიდან და დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალება წაართვას.

ვასილ მამულაშვილი აპირებს წარადგინოს სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებად იმ ექსპერტიზის პასუხები, რომლებზეც ბრალდებამ უარი თქვა. ლაპარაკია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული სხვადასხვა ექსპერტიზის პასუხებზე, რომლის თანახმადაც, ვასილ მამულაშვილის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულების ტანსაცმელზე გიორგი შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი. ისინი ბრალს არ აღიარებენ.