რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაკეტილი მოზარდები დანარჩენ საქართველოში სასწავლო პროცესს, სავარაუდოდ, დაგვიანებით შეუერთდებიან.
გამონაკლისის სახით, სოხუმმა მხოლოდ მათთვის გახსნა დღეიდან პანდემიის მიზეზით 6 თვის წინ ჩაკეტილი ე. წ. საზღვარი ენგურის ხიდზე, თუმცა ახალგაზრდებს ზუგდიდში სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი პანდემიის მიზეზით დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტიდან ჩაკეტა. შეზღუდვების გამო გალში ჩაკეტილმა აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათთვის გამონაკლისი დაუშვა და ისინი უგამოცდოდ მიიღო უმაღლეს სასწავლებლებში. ახლა სტუდენტები სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან.
როგორც რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა სტუდენტმა განუცხადა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში ექნებათ საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლება მხოლოდ სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. ამასთან, გადაადგილების შესაძლებლობა მათ ცალმხრივად ეძლევათ აფხაზეთიდან მხოლოდ სამეგრელოს მიმართულებით.
ენგურის ხიდთან განთავსებულ დე ფაქტო გამშვებ პუნქტში ახალგაზრდების სია აქვთ, რომლის მიხედვითაც მათ ეტაპობრივად გაატარებენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტი გალელი სტუდენტია, რომელიც ჩაწერას ანონიმურობის დაცვით დაგვთანხმდა. ის დანარჩენ საქართველოში მიმდინარე კვირაში აპირებს ჩამოსვლას:
„დღეს გადმოჰყავთ ბავშვები, ოთხშაბათს სტუდენტები და ვინც გადავა, ყველა მიჰყავთ კარანტინში. ვაპირებ გადასვლას. რომც გადმოვიპარო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, უნივერსიტეტში არ დაგვიშვებენ ისე, კარანტინი რომ არ გავიაროთ. 15-დან 20 რიცხვამდე უნდა დაიდოს ჩვენი უნივერსიტეტების სია, თუ სად ვართ ჩარიცხული, და შემდეგ უკვე გაგვანაწილებენ. ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება ჩვენთვის, აფხაზეთის ბავშვებისთვის, სწავლა“, - განაცხადა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა სტუდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.
რადიო თავისუფლების კიდევ ერთი გალელი რესპონდენტი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზზე მშობელს მხოლოდ პატარა ბავშვთან ერთად ატარებენ. სტუდენტები ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან: „პატარა ბავშვებს უშვებენ მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად. სტუდენტები მარტო გადადიან“, - ამბობს ის.
ზუგდიდში გადმოსვლის სურვილი მარტო მოზარდებს არ აქვთ. საოკუპაციო ხაზზე დაწესებულმა გადაადგილების შეზღუდვამ გალელები დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს და ოჯახის წევრებს მოსწყვიტა. 6 თვეა, ისინი ჯანდაცვის სერვისის მისაღებად თუ მედიკამენტების შესაძენად ვერ მოდიან. საოკუპაციო ხაზზე ე. წ. მესაზღვრეები მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს ატარებენ.
როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი, არავინ იცის. ენგურის ხიდი, რომელიც გალის რაიონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, ახლა თითქმის ცარიელია.
მარტის შუა რიცხვების შემდეგ ამ ხიდზე ხალხმრავლობა 4-ჯერ იყო, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოში მყოფ მოქალაქეებს „საზღვარი“ დროებით და ცალმხრივად გაუხსნა, ამას „ჰუმანიტარული დერეფანი“ დაარქვა და განაცხადა, რომ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ მისცა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.