მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Georgia -- Mariana Choloiani

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში ჩვენების იძულებით მიცემა, რაც გულისხმობს სასჯელს 2-დან 5 წლამდე ვადით.

"3 წელი არ არის ცუდი, მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის [მარიანა ჩოლოიანი] იყო უდანაშაულო და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა საქმეში" - თქვა გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ის გაივლის ადვოკატთან ერთად კონსულტაციებს და მას შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ სასჯელის უფრო მაღალ ზომას.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკლინიკაში იმყოფებოდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორჯერვე მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.

ლუკა სირაძეს სკოლის კედლების მოხატვის ფაქტი სამართალდამცველებთან არ უღიარებია. არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათია გამოძიების წარმართვას მართებულად მიიჩნევდა წამების მუხლით. ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, რომ პოლიციის შენობაში ყოფნიდან მოკლე დროში სუიციდის გადაწყვეტილება მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების ეჭვებს აჩენს.

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

“ოჯახის მთავარი მოთხოვნა იყო ყველა იმ პირის დასჯა, რომელიც მონაწილეობდა ამ პროცესში. რასაც ვუყურებდი ამ პროცესებს, როგორც მიმდინარეობდა, მაქვს მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. გარდაცვლილის დედის სურვილია, რომ სასჯელის მაქსიმუმი მიესაჯოს [მარიანა ჩოლოიანს] - 5 წელი, რაც არის ამ სასჯელის მაქსიმუმი” - უთხრა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ოჯახის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ რადიო თავისუფლებას.

ამავე თემაზე: 11 კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არის