რა არის საბჭოთა მემკვიდრეობა? არსებობს საერთოდ? ვიღაცას შეიძლება საბჭოთა მემკვიდრეობა საბჭოთა სიმბოლოები ეგონოს და მათ ბრძოლა გამოუცხადოს. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ლიბერალების მოგონილი ზღაპარია და მოწინააღმდეგეთა სტიგმატიზაციისთვის გამოიყენება. საბჭოთა მემკვიდრეობა მატერიალურია. ხელშესახებია. სტრუქტურულია. ის არსებობს სტრუქტურებში, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირში და საბჭოთა სახელმწიფოზე იყო მორგებული და დღესაც ისე აგრძელებს სიცოცხლეს, რომ მას ვერც კი ვამჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველდღე ჩვენ თვალწინაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პრეტენზიას აცხადებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებაზე. სინამდვილეში თავისი ორგანიზაციული ფორმით ის ახალი წარმონაქმნია და დღევანდელი სახით არსებობს 1937 (1945) წლიდან. ის საბჭოთა ეპოქის პროდუქტია და ატარებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მაშინდელი ურთიერთობის ისტორიულ კვალს. მისი დღევანდელი ფორმა ტრადიციული არაა ქართული ეკლესიისთვის და საქართველოს ისტორიაში პარალელები არ მოეძებნება.
1811 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რომ ფეოდალური საქართველოს ეკლესია დავუკავშიროთ თანამედროვე საქართველოს ეკლესიას, რომელიც მოექცა ჯერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, შემდეგ სსრკ-ს (საბჭოთა საქართველოს) და შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოს სეკულარიზებული სახელმწიფოს ჩარჩოებში, სამაგიეროდ შეიძინა პოლიტიკური ფორმა, რომელიც იქამდე არ ჰქონია.
თანამედროვე ეკლესიაზე, შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ 1917 წლიდან, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
XVIII საუკუნის საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის მოდელი რუსულ თარგზე იჭრებოდა და იკვეთებოდა ტენდენცია: ეკლესიის სამართლებრივი ფორმა უფრო მკაფიო ხდებოდა სახელმწიფოსგან მისი დაშორების პროპორციულად. ერთი მხრივ, ეკლესია იღებდა უფრო მკაფიო სამართლებრივ ფორმას, მეორე მხრივ, ეკლესიაზე საერო ხელისუფლების კონტროლი იზრდებოდა. ეს ტენდენცია გაგრძელდა 1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
1917-დან 1945 წლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და დაუახლოვდა დღევანდელ ფორმას. ის შეიცვალა ფართო, დემოკრატიულად არჩეული და დემოკრატიულად (არჩევითი სტრუქტურების: საეკლესიო კრების და საკათალიკოსო საბჭოს მიერ) მართული დაწესებულებიდან, სადაც კათალიკოსი იყო პირველი თანასწორთა შორის (1917-1937) კათალიკოს-პატრიარქის მიერ ფაქტობრივად ერთპიროვნულად მართულ დაწესებულებამდე დემოკრატიულობის მინიმალური ხარისხით (1937 წლიდან 1995 წლამდე). 1995 წლიდან კი კათალიკოს-პატრიარქის ერთპიროვნული მმართველობა კიდევ უფრო განმტკიცდა დემოკრატიული ელემენტების სრული ეროზიის ხარჯზე.
სრულიად საქართველოს I-მა საეკლესიო კრებამ 1917 წლის სექტემბერში მიიღო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. ამ დებულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოფოდა ეპარქიებად, ეპარქიები - ოლქებად, ოლქები კი - სამრევლოებად. დავით ბატონიშვილის პროექტისა და რუსული მმართველობისაგან განსხვავებით, ეპარქიების რაოდენობა ოთხიდან ცამეტამდე იყო გაზრდილი. გაყოფილი იყო მცხეთისა და თბილისის ეპარქიები.
1917 წლის დებულებით ეკლესია საბაზისო დემოკრატიაზე დამყარებული დაწესებულება იყო. მისი მთავარი გამგებლობის ორგანო იყო საეკლესიო კრება, რომელშიც შედიოდნენ „ეკლესიის სრულწლოვან წევრთა წარმომადგენლები, განურჩევლად სქესისა, თანამდებობისა და ხარისხისა, თითოეული ოლქიდან ოთხ-ოთხი კაცი“ და ყველა მოქმედი მღვდელმთავარი. თუ კრებას უზენაეს საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოდ მივიჩნევთ, ეკლესიის აღმასრულებელი ორგანო იყო საკათალიკოსო საბჭო. საბჭოს 12 წევრი ჰყავდა, წევრად შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო კაციცა და ქალიც ხუთი წლის ვადით. შესაძლებელი იყო ხელმეორედ არჩევა. საბჭოში აუცილებლად შედიოდა ორი ეპისკოპოსი ორთვიანი როტაციის პრინციპით. კრებასაც და საბჭოსაც თავმჯდომარეობდა კათალიკოსი (ან მისი მოსაყდრე). გადაწყვეტილება მიიღებოდა უბრალო უმრავლესობით, თანაბარი განაწილებისას უპირატესობა ჰქონდა თავმჯდომარის ხმას. ხაზს გავუსვამ, რომ აღმასრულებელი ხელისუფალი ეკლესიისა სწორედ საკათალიკოსო საბჭო იყო და კათალიკოსი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. საბჭოს ჰქონდა როგორც სამსახურებრივი, ისე დისციპლინარული ზედამხედველობის კომპეტენცია. სამსახურებრივი თვალსაზრისით მას ექვემდებარებოდა ყველა სასულიერო პირი და ეკლესიის თანამშრომელი, დისციპლინარული თვალსაზრისით კი - საქართველოს ეკლესიის ყველა წევრი. ეკლესიის საჭეთმპყრობლად ითვლებოდა მცხეთის ეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რომელსაც პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ირჩევდა საქართველოს ეკლესიის ყველა სრულწლოვანი წევრი. კათალიკოსად შეიძლებოდა არჩეულიყო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიზიკური და ზნეობრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდა საეკლესიო კანონთა მოთხოვნებს, მიღებული ჰქონდა უმაღლესი საზოგადო განათლება და მიღებული ჰქონდა შესაბამისი საეკლესიო მომზადება. ბერობა კათალიკოსობის აუცილებელი პირობა არ იყო. მეთერთმეტე მუხლი სპეციალურად აღნიშნავდა, რომ კათალიკოსი იყო პირველი თანასწორთა შორის.
ანალოგიური მმართველობის სტრუქტურა ჰქონდათ ეპარქიებს, ოლქებს და სამრევლოებს. ოლქი 10-15 სამრევლოსაგან შედგებოდა. ეკლესიის მმართველობის ლეგიტიმაცია პირამიდულად მოდიოდა სამრევლოებიდან საკათალიკოსო საბჭოებამდე და კათალიკოსამდე. მრევლად ითვლებოდა ყოველი მორწმუნე, რომელიც ეკუთვნოდა განსაზღვრულ სამრევლოს, შეტანილი იყო სამრევლო წიგნში და მონაწილეობას იღებდა ყველა ხარჯებში, რომლებსაც სამრევლო ეწეოდა. შესაბამისად, ეკლესიას ინახავდა მრევლი და ის იყო ეკლესიის მმართველობის ლეგიტიმურობის წყაროც. რამდენადაც სამრევლო „მორწმუნეთა საზოგადოება“ იყო, სწორედ ეს მორწმუნეთა საზოგადოება აძლევდა ლეგიტიმაციას საეკლესიო მმართველობას. 1917 წლის მოდელით ეკლესია დემოკრატიული დაწესებულება იყო. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა ყველა დონეზე საბჭოების საქმე იყო და მასში ერთპიროვნულად ვერ ერეოდა ვერც მღვდელი, ვერც ეპისკოპოსი და ვერც კათალიკოსი. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არსებობდა ობერპროკურორის თანამდებობა, რომელიც საკათალიკოსო საბჭოში სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის გარეშე წევრი იყო და ხმის უფლებით არ სარგებლობდა და, შესაბამისად, დებულებაში არ მოიხსენიება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას სეკულარული საეკლესიო პოლიტიკა ჰქონდა. სკოლაში აიკრძალა საღვთო სჯულის სწავლება, საეკლესიო დღესასწაულების ხარჯზე შემცირდა უქმე დღეები და საეკლესიო რეგისტრაციის ნაცვლად შემოიღეს სამოქალაქო აქტები. სახელმწიფომ უარი გამოაცხადა ეკლესიის დაფინანსებაზე და სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა ისტორიული მნიშვნელობის საეკლესიო საგანძური. 1921 წლის კონსტიტუციით მკაცრად გაიმიჯნა ეკლესია და სახელმწიფო. კონსტიტუციის VI თავი (§142-144) შემდეგნაირად აწესრიგებდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას: სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო, არცერთ სარწმუნოებას არ ენიჭებოდა უპირატესობა და აკრძალული იყო სახელმწიფო ხაზინიდან (ცენტრალური ბიუჯეტიდან) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ბიუჯეტებიდან სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის თანხების გაღება.
საქართველოს ეკლესიის მეორე კრებამ (1920) გარკვეული ცვლილებები შეიტანა 1917 წლის დებულებაში, ოღონდ არ შეჰხებია ეკლესიის პრინციპულ სტრუქტურას. ოდნავ გაძლიერდა კათალიკოსის როლი, ის ახლა მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი იყო და არა მარტო მცხეთისა. ამის შედეგად ეპარქიათა რაოდენობა თორმეტამდე, ხოლო საეკლესიო კრების დელეგატთა რაოდენობა ოთხიდან ორამდე შემცირდა. აქედან ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე შეიძლებოდა ყოფილიყო სასულიერო პირი. ასევე კრებას დაემატა „თითო წარმომადგენელი დედათა და მამათა მონასტრებისა და თითო წარმომადგენელი სასულიერო უმაღლეს და სასულიერო სასწავლებელთაგან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. საბაზისო დემოკრატიული სტრუქტურა ამით არ გამქრალა, მაგრამ ოდნავ შესუსტდა, სამრევლოების გავლენა ეკლესიის საქმეებზე შემცირდა, სასულიერო პირებისა კი გაიზარდა. პერიოდულ კრებათა შორის ეკლესიას ხელმძღვანელობდა თორმეტწევრიანი საკათალიკოზო საბჭო, აქედან ნახევარი უნდა ყოფილიყო სასულიერო პირი. შემცირდა საბჭოს წევრთა ვადა, ახლა ისინი ხუთის მაგივრად სამი წლით ირჩეოდნენ, რაც მათ კათალიკოსთან მიმართებაში ოდნავ ასუსტებდა. გაიზარდა (თუმცა არა პრინციპულად) თავმჯდომარის (კათალიკოსის) როლი. კათალიკოსს კლავ ირჩევდა საეკლესიო კრება, ოღონდ არჩევის წესიდან ამოვარდა სიტყვები „პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი“ და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ფარული“. კათალიკოსად არჩევის კრიტერიუმები არ შეცვლილა. ეკლესიის შემოსავლის მთავარ წყაროდ კვლავაც რჩებოდა სამრევლო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიას თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა და ცდილობდა მის დაქვემდებარებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღია ანტისაბჭოთა პოლიტიკა დამთავრდა კათალიკოს ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ. კათალიკოსი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) საბჭოთა ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალური აღმოჩნდა. მის სახელს უკავშირდება ეკლესიაში გარკვეული რეფორმების გატარების მცდელობა (ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლა ამ რეფორმის მხოლოდ ერთი, ყველაზე ზედაპირული ნაწილია), რომელზეც ახლა დაწვრილებით ვერ შევჩერდები. ამ თვალსაზრისითაც, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია. 1927 წელს ჩატარდა IV საეკლესიო კრება (21-27.06.1927), რომელმაც აღიარა საბჭოთა ხელისუფლება და გარკვეული ცვლილებები შეიტანა ეკლესიის მართვა-გამგეობის საქმეებში. გაგრძელდა ეკლესიის დემოკრატიული ბაზის ეროზია. ეკლესიის მთავარ განმგებელ ორგანოდ, მართალია, ისევ რჩებოდა საეკლესიო კრება, მაგრამ ამ კრებას შეადგენდნენ უკვე არა სამრევლოს დელეგატები, არამედ ეპარქიებისა (ოთხ-ოთხი დელეგატი). ამას გარდა, თბილისი აგზავნიდა 12 დელეგატს, ხოლო დანარჩენი ქალაქები, ბერძნული და რუსული ეკლესიები - ორ-ორს. კრების წევრებად ითვლებოდა ასევე ყველა მღვდელმთავარი, სინოდის წევრები, კათალიკოსი და მისი ქორეპისკოპოსი. ეპარქიათა და ქალაქების დელეგატების ნახევარი სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო. ეპარქიების რაოდენობა, მართალია, 15-მდე გაიზარდა, მაგრამ რეალურად მოქმედი მხოლოდ 9 იყო. შემცირდა საკათალიკოსო საბჭოს გავლენა, რომელსაც დაერქვა სინოდი. ახლა მასში შედიოდა კათალიკოსი, ყველა ეპისკოპოსი და ექვსი წევრი, რომელთაგან ნახევარი სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო. სინოდს კვლავ ეკლესიის პერიოდული კრება ირჩევდა. 1927 წელს დაემატა სინოდის გაფართოებული კრებები წელიწადში ორჯერ. აქ წყდებოდა ეკლესიის მნიშვნელოვანი საკითხები და შეიძლებოდა შეცვლილიყო სინოდის ჩვეულებრივი კრების გადაწყვეტილებები. მეორე კრებასთან შედარებით უცვლელი დარჩა კათალიკოსის არჩევის წესი და კრიტერიუმები. ზოგადად, საბჭოთა პერიოდში განუხრელი იყო ეკლესიის დემოკრატიული პრინციპის მოშლის, ცენტრალიზაციის და პატრიარქის ავტოკრატიის გაძლიერების ტენდენცია.
ეკლესიის სტრუქტურაში რადიკალური ცვლილებები მოხდა 10 წლის შემდეგ, 1937 წელს, VIII საეკლესიო კრებაზე, როდესაც ეკლესიამ ფაქტობრივად დღევანდელი სახე მიიღო. 1945 წლის 28 მარტს ეკლესიამ მიიღო „დებულება საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობისათვის“, რომელიც ეყრდნობოდა VIII საეკლესიო კრებას და რომელმაც რადიკალურად შეცვალა ეკლესიის შიდა სტრუქტურა და მთლიანად მოშალა მასში დემოკრატიული ელემენტი. 1940-იან წლებში რადიკალურად შეიცვალა საბჭოთა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკა, დაიწყო ეკლესიის გამოყენება საბჭოთა ინტერესებში. ეკლესია პროპაგანდის მძლავრ იარაღად იქცა. 1943 წელს რუსეთის ეკლესია სინოდურისაგან კვლავ გადაიქცა საპატრიარქო ეკლესიად, XVIII საუკუნის შემდეგ პირველად აირჩიეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. შეიცვალა ეკლესიის სახელიც: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია გახდა. იმავე 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რაზეც უარს აცხადებდა 1917 წლიდან. რუსეთის ეკლესია დაექვემდებარა „რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს“, საბჭოთა სტრუქტურას, რომელიც 1943-1965 წლებში მოქმედებდა, 1965 წლიდან კი - რელიგიათა საბჭოს.
1937 საეკლესიო კრების და 1945 წლის დადგენილებით ეკლესიას კვლავ მართავდა საეკლესიო კრება, ოღონდ რადიკალურად შეიცვალა მისი შემადგენლობა და ფაქტობრივად გაქრა დემოკრატიული ელემენტი. ახალი წესით საეკლესიო კრების წევრები იყვნენ ეპისკოპოსები და საქართველოს ეკლესიის ქორეპისკოპოსი, „მღვდელმთავართა მიერ მოქმედი ეპარქიებიდან მოწვეული თითო სასულიერო და საერო პირი“ და „იმდენივე სასულიერო და საერო პირი“ მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან, რამდენიც დანარჩენი ეპარქიებიდან. თუ 1917 წელს საეკლესიო კრებაზე 400-ზე მეტი არჩეული დელეგატი იყო, 1937 წლიდან საეკლესიო კრების წევრთა რაოდენობა რადიკალურად შემცირდა. საეკლესიო კრების წევრებს აღარ ჰქონდათ დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ისინი კი არ აირჩეოდნენ, არამედ ეპისკოპოსების მიერ მოწვეული წევრები იყვნენ. კიდევ უფრო რადიკალური იყო ეკლესიის „აღმასრულებელი ხელისუფლების“ ცვლილება. კოლეგიალურმა ორგანომ, თუნდაც უკვე დამცრობილი სინოდის ფორმით, მოქმედება შეწყვიტა. ეკლესიის ერთპიროვნულ მმართველად კათალიკოსი იქცა. არ შეცვლილა კათალიკოსის არჩევის წესი და კრიტერიუმები, მაგრამ შემცირებული კრების პირობებში უკიდურესად შეიზღუდა დემოკრატიულობის ხარისხი. კათალიკოსი, განსხვავებით წინა დადგენილებებისაგან, პასუხისმგებელი იყო მხოლოდ კრების წინაშე. ეკლესიის „აღმასრულებელი ხელისუფლება“ კრებათა შორის იყო არა საკათალიკოსო საბჭო ან სინოდი, არამედ ერთპიროვნულად კათალიკოსი. სინოდი კოლეგიალური ორგანოს მაგივრად გახდა პატრიარქის საკონსულტაციო ორგანო. ის ახლა „კათალიკოს-პატრიარქთან არსებული“ იყო, მისი წევრები კი იყვნენ მღვდელმთავრები და კათალიკოსის ქორეპისკოპოსი. შემცირდა ეპისკოპოსთა ავტონომიაც, ამიერიდან ისინი მოიხსენიებიან „ეპარქიაში კათალიკოს-პატრიარქის თანაშემწეებად“.
1917-დან 1945 წლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურა დემოკრატიული რესპუბლიკური მოდელიდან არადემოკრატიულ მონარქიულ მოდელზე გადავიდა. მისი ახლანდელი ფორმა არსებითად სტალინური სსრკ-ს პროდუქტია და ასახავს სტალინიზმისათვის დამახასიათებელ ანტიდემოკრატიულ და ავტოკრატიულ პრინციპებს. პატრიარქის და სინოდის როლი ეკლესიაში ფაქტობრივად იმეორებს საბჭოთა სახელმწიფოში ცკ-ს გენერალური მდივნისა და პოლიტბიუროს როლს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიის სტალინური ფორმა არა თუ არ შეცვლილა, კიდევ უფრო გამძაფრდა. 1995 წლის 18-19 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს ეკლესიის XIII გაფართოებული კრება, რომელმაც მიიღო ახალი დებულება. ეპარქიების რაოდენობა გაიზარდა 27-მდე (ეპარქიათა ზრდის ტენდენცია მოგვიანებითაც გაგრძელდა). სრული საკანონდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მიენიჭა საეკლესიო კრებას, მაგრამ საეკლესიო კრება გაუიგივდა წმინდა სინოდს. სრულიად მოისპო სინოდის და, შესაბამისად, კრების არჩევითობა: სინოდის წევრები არიან „საქართველოს ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები“. სინოდს იწვევს კათალიკოსი წელიწადში ორჯერ, ხოლო სინოდის სხდომებს შორის ერთპიროვნულად მართავს ეკლესიას.
ძველი საეკლესიო კრების რუდიმენტი შემორჩა „საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების“ სახით, რომელშიც, სინოდის წევრების გარდა, შედის ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თითოეული მონასტრიდან, სემინარიიდან და აკადემიიდან მოწვეული 2-2 დელეგატი (4 გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან), ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წევრი, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან. ასეთი კრება მოიწვევა ორ შემთხვევაში: ახალი კათალიკოსის არჩევისას და ახალი დებულების დამტკიცებისას.
შეიცვალა და გამკაცრდა კათალიკოსის არჩევის წესებიც, მათში შეაღწია არადემოკრატიულმა და ეთნონაციონალისტურმა საწყისებმა. ახალი დებულებით კათალიკოსობის კანდიდატი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის გამოცდილება, ასაკით იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა, უნდა იყოს ბერი. კათალიკოსი ანდერძით ადგენს თავის მოსაყდრეს, რომელიც ეკლესიას მართავს ახალი კათალიკოსის არჩევამდე.
1995 წლის დებულება აფუძნებს ახალ ორგანოს, რომელიც აქამდე საქართველოს ეკლესიის სტრუქტურაში არ გვხვდება, ესაა საპატრიარქო, რომელსაც დებულების V თავი ეძღვნება. საპატრიარქო „ეწოდება იმ დაწესებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უშუალოდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ექვემდებარებიან“ და ფაქტობრივად პატრიარქის აპარატს წარმოადგენს. საეკლესიო სახსრებს მთლიანად განკარგავს საპატრიარქო და სინოდი.
1917 წლის ეკლესიის საბაზისო დემოკრატიული მოდელიდან 1945 წლის და 1995 წლის ეკლესია იქცა მთლიანად ცენტრალურად მართულ ავტოკრატიულ დაწესებულებად ყოველგვარი დემოკრატიულობის გარეშე და ფაქტობრივად სარკისებურად იმეორებდა ერთპარტიული პოლიტიკური მმართველობის სტრუქტურას. ეკლესიის მმართველობიდან და ეკლესიის საქმეში მონაწილეობისაგან მთლინადაა მოშორებული მრევლი, ეკლესიის წევრები. თუკი 1917 წელს მრევლი აფინანსებდა ეკლესიას და აძლევდა მას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, ეკლესიის წევრობა ფორმალური იყო და სამრევლო წიგნში შენატანით დასტურდებოდა, 1995 წელს ეკლესიის წევრებად ავტომატურად ცხადდება საქართველოში მცხოვრები „ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი“ და ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები „მართლმადიდებელი ქართველები“, რომელებიც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა იურისდიქციაში არ არიან მოქცეულები.
როგორც ვხედავთ, ეკლესიის დღევანდელი ფორმა ვერანაირად ვერ ჩაითვლება ტრადიციულად არა თუ ფეოდალური, თანამედროვე საქართველოს ეკლესიისთვისაც კი. საქართველოს საპატრიარქო, რომელიც დღეს ეკლესიის სახელით ლაპარაკობს, არსებობს 1995 წლიდან და მისი ანალოგიური სტრუქტურა იქამდე საქართველოს ეკლესიას არ ჰქონია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდელი ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებს იმდენად არ აგრძელებს, რამდენადაც რადიკალურად უარყოფს. მისი ფორმა, პარადოქსულად, სეკულარულია და წარმოადგენს არათუ ეკლესიის და სახელმწიფოს გაყოფის შედეგს, არამედ იშვა დეკლარირებულად ანტირელიგიურ სახელმწიფოში, სადაც ეკლესია უშუალოდ ექვემდებარებოდა მმართველი პარტიისა და სპეცსამსახურების კონტროლს. ეკლესიის ახალ, პოსტსაბჭოთა ფორმას შესაბამისად სჭირდება საეკლესიო და საერო ისტორიის ხელახალი გამოგონება, რომელიც გაამართლებდა მის სავსებით არატრადიციულ, სტალინურ სსრკ-ში ჩამოყალიბებულ და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განმტკიცებულ ფორმას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დღევანდელი ეკლესია არის არა მორწმუნეთა ერთობლიობა, როგორიც ის იყო 1917 წელს, არამედ პატრიარქი და მისი აპარატი, მთლიანად მოწყვეტილი ყოველგვარ დემოკრატიულ საწყისს.
თუ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში ეკლესია არსებული პოლიტიკური წესრიგის და კულტურის პარალელურად ვითარდებოდა, საბჭოთა კავშირის ნგრევას ეკლესიაში არ გამოუწვევია პარალელური დემოკრატიზაციის ტენდენციები. მისი ვექტორი სახელმწიფოს თუ ფაქტობრივი არა, დეკლარირებული დემოკრატიზაციის საწინააღმდეგო იყო.
ჩემი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიდემოკრატიულობა ქრისტიანობიდან და მართლმადიდებლობიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ მისი ანტიდემოკრატიული, სტალინის დროინდელი ფორმიდან და ამ ფორმის შენარჩუნების და გამყარების აუცილებლობიდან გამომდინარე შინაარსებიდან.
ფორმალური თვალსაზრისით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1937/1945 წლებში ჩამოყალიბებული დაწესებულებაა, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპზე, რაც მას ჰქონდა ავტოკეფალიის აღდგენისას 1917 წელს, და საბაზისო დემოკრატიული და კოლეგიალური სტრუქტურიდან გადაიქცა დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე ავტორიტარულ დაწესებულებად. თუ საბჭოთა კავშირში ეკლესიის ავტორიტარული ფორმა პირდაპირ კორელაციაში იყო სახელმწიფოს ასევე ავტორიტარულ სტრუქტურასთან და სახელმწიფო იერარქიაში თავისი, დაქვემდებარებული ადგილი ეჭირა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეკლესიამ შეინარჩუნა ავტორიტარული ფორმა, მაგრამ გამოვიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან და სახელმწიფოში ფაქტობრივად ავტონომიური სტატუსი შეიძინა. სტალინიზმის დროინდელი ფორმის შენარჩუნება და განმტკიცება ეკლესიისათვის შესაძლებელი გახდა, როგორც ჯერ არაფორმალური, შემდეგ კი ფორმალიზებული საფასური სახელმწიფო გადატრიალების, გარდამავალი მთავრობის, შემდეგ კი მყიფე პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭებისათვის.
შინაარსის თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ეკლესია იგონებს ისტორიას არატრადიციული ფორმის გასამართლებლად. მეორე მხრივ, ის ავსებს სსრკ-ს დანგრევის შემდეგ გაჩენილ იდეოლოგიურ ვაკუუმს. ამ ვაკუუმს ეკლესია ავსებს არა რელიგიით, არამედ რელიგიურ ფორმაში მოქცეული სეკულარული იდეოლოგიით. ეკლესიის ექსპანსიის სახელით პატრიარქმა ილია II-მ გზა გაუხსნა (დისკურსულადაც და პრაქტიკულადაც) ნაციონალისტურ პოპულიზმს, რომელიც რთულად თუ შეესაბამებოდა მართლმადიდებლობას ან ზოგადად ქრისტიანობას. ის, რასაც საპატრიარქო დღეს ქადაგებს, სინამდვილეში პოპულარული ან პოპულისტური ნაციონალიზმია, რომელიც რელიგიის გარეგნული ფორმით და სტალინური ეკლესიის საორგანიზაციო სტრუქტურით სარგებლობს.
პოსტსაბჭოთა საქართველომ თავის არქიტექტურაში დაუშვა და ფაქტობრივად თავის თანასწორად აღიარა პრინციპულად ანტიდემოკრატიული დაწესებულება, რომელსაც მან ფართო უფლებამოსილება და ფაქტობრივი შეუვალობა მიანიჭა. ეკლესია, მისი დღევანდელი, სტალინური ფორმით, პრინციპულად შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, ამიტომ მან დემოკრატიზაციის გზა უნდა გაიაროს, გახდეს ისეთი, როგორიც ის იყო 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, და ჩაეწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს არქიტექტურაში, ან დემოკრატიული სახელმწიფო საკუთარი სტრუქტურული პრინციპების შესაბამისად გარდაქმნას.