შს სამინისტროს თანახმად, ამ ეტაპზე დგინდება, რომ:
„2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.
ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით“.
მართალია, შსს არ აკონკრეტებს ქვეყანას, რომლის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულადაც თვლის კიბერთავდასხმას, ფაქტის კომენტირებისას ასეთ ქვეყნად ყველა ანალიტიკოსი, პოლიტიკოსი, ექსპერტი ასახელებს რუსეთის ფედერაციას.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთის ავტორობაში ეჭვი არ ეპარება კიბერტექნოლოგიების სპეციალისტ ანდრო გოცირიძესაც, რომელიც 4 სექტემბერს „დილის საუბრების“ სტუმარი იყო:
„ნამდვილად საგულისხმო და საინტერესო ინციდენტია. პირდაპირ იკითხება რუსული სპეცსამსახურის ხელწერა.
ბუნებრივია, შსს ჯერჯერობით ქვეყანას არ ასახელებს, რადგან, ალბათ, ელოდება ტექნიკური მტკიცებულებების გამოქვეყნებას. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გახლავთ რუსული სპეცსამსახურის ხელწერა, კერძოდ, სამხედრო დაზვერვასთან ასოცირებული, აი, იმ დესტრუქციული კიბერაქტორების, რომლებიც არაერთხელ გამოჩნდნენ ასპარეზზე თუნდაც აშშ-ის არჩევნებში ჩარევისას, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც ძალიან აქტიურები არიან (უკანასკნელი შეტევა საქართველოზე, მოგეხსენებათ, იყო გასული წლის ოქტომბერში).
ეს არის ძალიან მარტივი სქემა კიბერშეტევებისა, როცა: კიბერშპიონაჟის საშუალებით ხდება ინფორმაციის მოპარვა ოფიციალური არხებიდან; შემდგომ მისი ფაბრიკაცია იმგვარად, რომ გამომუშავდეს დეზინფორმაციული კონტენტი, ძალიან ჰგავდეს ნამდვილს, იყენებდეს სახელმწიფო უწყებებისა თუ სხვადასხვა დაწესებულებების ატრიბუტიკას, მაგრამ კონტენტი იყოს გაყალბებული ან აქცენტი დასმული რუსეთისთვის სასარგებლო თემატიკაზე; შემდგომ ეს კონტენტი ქვეყნდება სხვადასხვა საიტზე, უკვე თითქოსდა შემთხვევით, თითქოსდა ჟურნალისტური წყაროებიდან.
სინამდვილეში, სპეცსამსახურების ენაზე ეს არის „კონტროლირებადი გაჟონვა“, როცა ზუსტად ხდება გამოქვეყნება იქ, საიდანაც მას აიტაცებენ მასმედიის საშუალებები, არცთუ სპეცსამსახურების დახმარების გარეშე - იგივე ტროლების ინსტიტუტით, ამის გაპიარებით, ზემოთ ამოწევით, რადგან სოციალური ქსელის სპეციფიკა ასეთია და ხშირად ამას თან ერთვის ოფიციალური პირების განცხადებები, როგორც საქართველოს შემთხვევაში გვქონდა, დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება იყო [„ნოვიჩოკის“ საქართველოსა და აშშ-ში დამზადების შესახებ].
რას შეიძლება ეს ყველაფერი ემსახურებოდეს? როცა ასეთი სპეცოპერაცია ტარდება კიბეროპერაციის მეშვეობით, ამას რამდენიმე შედეგი აქვს. რეალურად ეს არის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულება, ფსიქოლოგიური ზემოქმედება (საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის). უბრალოდ, ახლა მედია შეიცვალა და ამ გარემოში გაცილებით ბრუტალურია ეს ყველაფერი, რადგან მეტ ადრესატს აღწევს და არ არის აუცილებელი, „ვრემიას“ ვუცქერდეთ, ნებისმიერ საიტზე შევხვდებით რუსული პროპაგანდის ამ შხამიან წარმონაქმნებს.
სინამდვილეში, ეს ერთი მხრივ ემსახურება საქართველოს დისკრედიტაციას, მოსახლეობაში გარკვეული ნიჰილიზმის დათესვას, თუმცა მეორე მხრივ გათვლილია რუსეთის მოსახლეობაზე იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გაამართლოს შემდგომი დანახარჯები საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის - რატომ ებრძვის საქართველოს. იმიტომ ებრძვის საქართველოს, რომ: „იქ მზადდება შხამი“, რომ „ლუგარის ლაბორატორია რაღაც ღამურებზე ნადირობს“, რომ „საწყალი საკუთარი თანამოქალაქეები ოსები და აფხაზები გაანადგურა“, რომ „იმპერიაა“ (სახაროვი რომ გავიხსენოთ), - ვციტირებ რუსეთის გზავნილებს. ეს ყველაფერი „ამართლებს“ რუსული იმპერიის ამ განსაკუთრებულ „ყურადღებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
ეს შეიძლება იყოს აგრეთვე ისრების გადატანაც, რადგან ნავალნისთან დაკავშირებული თემატიკა წამოვიდა ოფიციალურ დონეზე - სტოლტენბერგიის განცხადება იყო, გერმანიის მთავრობის და ა.შ..
და მესამე, ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტორი: ბუნებრივია, საქართველოში არავის სჯერა, რომ „ნოვიჩოკი“ ჩვენთან მზადდება. ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ასეთი შხამები რუსული სპეცსამსახურის საშტატო შეიარაღებაზეა, ხან „პოლონიუმის“ სახით და ხან სინთეზური შხამების. ეს გასაგებია, მაგრამ, როცა რაღაც სპეკულაციები მიმდინარეობს ლუგარზე და ეს არ არის ერთჯერადი, წლებია გრძელდება - ხან გიორგაძის განცხადებები, ხან თვითონ პუტინმაც გააკეთა განცხადება, გენშტაბიდანაც იყო განცხადებები (ცხადია, არავინ იჯერებს „ნოვიჩოკის“ თემას), ყოველთვის ჩნდება სპეკულაციისთვის ის არეალი, სადაც მავანი იტყვის - აი, იქ რაღაც საიდუმლო ხდება, რაღაც ბაქტერიებზე მუშაობდნენ და გაექცათ. შეიძლება, კოვიდიც გაექცათ, ან რაღაც სხვა, - პირობითად ვამბობ ამას.
არჩევნების წინ, გასაგებია, აკადემიური განათლების მქონე ადამიანს ამის არ სჯერა, მაგრამ ყოველთვის არის ის სეგმენტი საზოგადოების, რომლისთვისაც ეს შემდგომ გადაიზრდება ვაქცინის მიმართ უნდობლობაში, გადაიზრდება ბაქტერიოლოგიური ომის თეორიებში და ყოველთვის ასუსტებს ნდობას ჩვენი პროდასავლური კურსის მიმართ.
მოგეხსენებაათ, ფიზიკის კანონია - როცა იქმნება ვაკუუმი, მას აუცილებლად შეავსებს რაღაც სუბსტანტი. ეს სუბსტანტი, ჩემი აზრით, იქნება ზუსტად რუსული განწყობები, რომ „თუკი ამერიკელებს პლუს ქართველები ამზადებენ ბაქტერიოლოგიურ იარაღს“ და თან „ეპარებათ“ კიდეც, ჯობია, ჩრდილოეთისკენ ავიღოთ გეზი".
სწორედ ეს არის არჩევნებში ჩარევა და არამც და არამც ის, რომ მაინცდამაინც ვიღაც კანდიდატისთვის ჩაყარონ ბიულეტენები“.
ანდრო გოცირიძე „დილის საუბრებში“ აღწერს რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობის მრავალმხრივ ხასიათს და ერთ შედარებას იხსენებს, როცა ერთ-ერთი ავტორი რუსეთის პროპაგანდას მითიურ მრავალთავიან ურჩხულს ადარებს:
„ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი, საქართველოს მეგობარიც, ექსპერტი, თავის პუბლიკაციაში ამბობს, რომ რუსული პროპაგანდის ჰიდრის თავები შეიძლება იყოს როგორც ტელევიზია „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“, ასევე კიბერშეტევები, ასევე მოსყიდული დასავლელი ჟურნალისტების საგაზეთო პუბლიკაციები. ანუ, ეს არის მრავალგანზომილებიანი ზემოქმედების საშუალება, რომელსაც, ბუნებრივია, საქართველოშიც ბევრი აქტორი ჰყავს და, საბედნიეროდ, მოქალაქეები, მოსახლეობა ამაში შესანიშნავად ერკვევა“.
„დილის საუბრების“ სტუმარი კიბერუსაფრთხოებას ქვეყნის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად განიხილავს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დრო რუსეთის მოქმედებებისთვის საქართველოს მოსახლეობაზე ზეგავლენის მოსახდენად:
„არჩევნებიც და ყველაფერი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჯერ ერთი, საქართველოში ყოველ წელს არჩევნებია, როგორც ყველგან დემოკრატიულ საზოგადოებაში. რუსეთი ყველა სიტუაციას იყენებს მოქალაქეებზე არაჯანსაღი ზემოქმედებისთვის, რისი მიზანიც არის პრორუსული ელიტის მომძლავრება ისე, რომ შეიცვალოს აქ დისპოზიცია, ძალთა ბალანსი და უკეთეს შემთხვევაში, აღმასრულებელ სტრუქტურაშიც ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები, რომლებიც, რასაკვირველია, ლეგიტიმაციას მოახდენენ ან ამ პროცესების, ან უკვე ოკუპაციის პირობებში აიღებენ საკუთარ თავზე ქვეყნის მმართველობას.
არც ამაზე დაიხევს [რუსეთი] უკან, თუკი ამისთვის კრიტიკული მასა ეყოლება საქართველოში. ვფიქრობ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ადგილი უჭირავს კიბერუსაფრთხოებას ზოგად უსაფრთხოებაში“.
ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლების ეთერის სტუმარი იყო, როცა საქართველოს დასავლელი პარტნიორების დახმარებით გასული წლის ოქტომბრის კიბერთავდასხმაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები გამოქვეყნდა და მის ჩამდენად კონკრეტულად დასახელდა რუსეთის ფედერაცია. ოქტომბრის ამბავზე რაიმე დამატებითი დეტალები აღარ გავრცელებულა, თუმცა, „დილის საუბრების“ რესპონდენტი საჭიროდ თვლის ერთ განმარტებას:
„ტექნიკური ანგარიში არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ეს კიბერშეტევა, დანარჩენი კიბერშეტევების ციკლში ჯდება ყველანაირად. მაშინ შეტევა განხორციელდა ჰოსტინგ-პროვაიდერზე. მაშინაც, თქვენს ეთერშიც გამოვთქვით ვარაუდი და სხვა ეთერებშიც, რომ სავსებით შესაძლებელია, ეს ყოფილიყო ყურადღების გადამტანი მანევრი.
დაუკვირდით შსს-ს ახლანდელ განცხადებას. გაურკვეველია, რა ითვლება კიბერშეტევის თარიღად. მე ასე აღვიქვი, მაგალითად, რომ... 1 სექტემბერი არის, როცა გამოქვეყნდა, მაგრამ როდის მოპარული ინფორმაცია გამოქვეყნდა 1 სექტემბერს, ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ კიბერშპიონაჟი რამდენ ხანს მიმდინარეობდა?
ტექნიკურად ეს ხორციელდება ასე: ვაღწევ თქვენს კომპიუტერში, შესაძლებელია მქონდეს წვდომა წლების მანძილზე და მოპარული ინფორმაცია მაშინ გამოვაქვეყნო, როცა ეს ოპერაცია დასრულებული მაქვს, რადგან თუ მანამდე გამოვაქვეყნებ, გადაკეტავთ ყველა არხს.
მაგალითად, 2016 წელს, როცა ჰილარი კლინტონის ფოსტა გამოაქვეყნეს, ერთი წლით ადრე ჰქონდათ წვდომა - მინიმუმ 2015 წლიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ იმ კონტექსტს განვიხილავთ, ოქტომბრისას - მაშინაც რაღაც მოხდა და თავისით შეწყდა, შეიძლება ის ყოფილიყო ყურადღების გადამტანი. გადაერთნენ იმაზე სამსახურები და, შესაბამისად, შემოვიდა სხვა არხიდან ეს ჯაშუშური პროგრამა ან back door-ი შექმნა.
ეს ძალიან ხშირია ხოლმე. ამიტომ ყველა თავდასხმა უნდა იყოს ჩვენთვის გაკვეთილი. გასაგებია, რომ ჩვენს სამსახურებს უჭირთ ამ თემატიკაზე მუშაობა, რადგან რუსეთი ძლიერი და სერიოზული აქტორია. გასაგებია, ბევრ ინციდენტს ისე აღვკვეთთ ხოლმე, რომ საერთოდ არც ჩნდება. მე არ ვამცირებ მათ როლს, მაგრამ ალბათ ცოტა უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო სტრატეგიულ დონეზე, რადგან ტაქტიკურ დონეზე შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს და ტექნიკური საშუალებებიც არსებობს“.
Your browser doesn’t support HTML5