ბაჩალიაშვილის საქმეში, გარდაცვლილის youtube-ის გვერდიდან ჩამოწერილი 16 ვიდეო დევს

გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე საუბრისას პროკურორმა დავით გუმბერიძემ თქვა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქმეში არსებობს ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოფაილები, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ვიდეოების ნაწილი (16 ვიდეო) იუთუბზე თამარ ბაჩალიაშვილის პირადი არხიდან არის ჩამოწერილი, ნაწილი კი (3 ვიდეო) მისი ტელეფონიდან არის ამოღებული.

“ყველა ვიდეოში ასახულია თამარ ბაჩალიაშვილი და მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს”, - თქვა პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელმაც არ დააკონკრეტა ვიდეოჩანაწერების შინაარსი და სხვა დეტალები, მათ შორის არც ის, თუ რა ხანდაზმულობისაა ეს ვიდეოები.

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი არხის არსებობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მისი ოჯახის ინტერესების დამცველმა, მიხეილ რამიშვილმაც, რომელიც თვლის, რომ ეს ვიდეოები ამ სისხლის სამართლის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ნაწილში თამარი სევდიანი და მოწყენილია, ზოგან ტირის კიდეც, სხვა ვიდეოებში კი მომავლის გეგმებზე საუბრობს განსხვავებულ განწყობაზე მყოფი.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის იუთუბის არხზე ისაუბრა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მისმა მეგობარმა დეა კაპანაძემაც, რომელმაც თქვა, რომ არხი დახურული იყო და მისი ერთადერთი გამომწერი თამარის ყოფილი შეყვარებული იყო, რომელსაც მას შემდეგ დაშორდა, რაც არხზე ატვირთა ვიდეო, სადაც მისი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გეჯაძის ცალმხრივ და უიმედო სიყვარულზე საუბრობდა. ნიკოლოზ გეჯაძე კომპანია “ზეგ”-ის ყოფილი დირექტორია, სადაც თამარი გარდაცვალებამდე მუშაობდა.

“გულჩათხრობილი ადამიანი იყო, დეპრესიულიც იყო. ზოგჯერ ცუდად იყო, საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს. ბევრჯერ ისიც უთქვია, ცუდად რომ ხარ, ვიდეო გადაიღე, შენ თავს გადაუღე ვიდეო და რამდენიმე დღის შემდეგ უყურე ამ ვიდეოს და დამშვიდდები, ფსიქოლოგიური მომენტი არისო”, - ჰყვება დეა კაპანაძე. მისი თქმით, ვიდეო ნიკოლოზ გეჯაძის სიყვარულის შესახებ თამარმა 2018 წელს ატვირთა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ:

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროვა

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველს გენერალურმა პროკურორმა უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ერთვება