ნიკა ლალიაშვილი "იმედის" დირექტორი გახდა

ნიკა ლალიაშვილი, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში "იმედში" მუშაობდა, ამავე ტელევიზიის დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს და საჯარო რეესტრში დოკუმენტი უკვე დარეგისტრირდა.

"იმედში" მუშაობის დროს მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმი, რომელსაც "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ერქვა. არხის თანამშრომლები ფილმს ეთერში გასვლის შემდეგ გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ მიუღებელი იყო რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის შესახებ გამოთქმული ვერსია.

ლალიაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არხის დირექტორი ელდარ მდინარაძე იყო. მდინარაძე "იმედში" გასული წლის ივლისში დაინიშნა. ის წლების წინ, "ვარდების რევოლუციამდე" ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, მე-9 არხში მუშაობდა. წლების შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანიაში, "მზეში" დირექტორის თანამდებობა ეკავა.