კონკრეტული ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა კარანტინის გავლა აღარ დასჭირდეთ

მთავრობის ნორმატიული აქტები, რომლებიც კარანტინის გავლას ავალდებულებს იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებთანაც საზღვარი უპირობოდ არის გახსნილი, შესაძლოა, გადაიხედოს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა მოქმედი შეზღუდვის შესახებ. მისი ინფორმაციით, რეგულაციის გადახედვაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„ვიცი, რომ ამ დიფერენცირებაში არის უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ ახლა. მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ. მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს“, - თქვა გამყრელიძემ.

ასევე ნახეთ კიდევ ერთი სარჩელი კარანტინის გამო მთავრობის წინააღმდეგ

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა საზღვრები და, ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეუძლიათ, თუმცა ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები, 12-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.