პროკურატურა: შაქარაშვილს დაზიანებები სიკვდილამდე 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში მიაყენეს

გენერალური პროკურატურა აქვეყნებს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გამოძიებამ დამატებით კითხვებზე პასუხების გასაცემად ივლისში მიმართა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მოწვეულ ექსპერტებთან და ექიმებთან ერთად, 14 კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი.

მათ ნაწილს, ექსპერტიზამ პასუხი აგვისტოს დასაწყისში გასცა. დარჩენილი 6 კითხვის პასუხი 3 სექტემბერს გახდა ცნობილი.