პანკისის რადიო: ახმეტის მერიის ორგანიზებულ აქციაზე დარბევით გვემუქრებიან

პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ აქციაზე, რომელიც ახმეტის მერიის ორგანიზებით მათ წინააღმდეგ იმართებოდა, დარბევით დაემუქრნენ. როგორც მედიასაშუალება წერს, აქციის მონაწილებს უნდათ, მათმა ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა პანკისში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე თქვას უარი.

"ეგ მთივლიშვილი აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა", - "პანკისის სათემო რადიოს" ინფორმაციით, ეს კომენტარი დუისში მცხოვრებ თამაზ მარგოშვილს ეკუთვნის, რომელიც აქციაზე იყო.

მედიასაშუალება აცხადებს, რომ აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაინტერესდნენ, მუნიციპალიტეტი ვისზე ასხვისებდა იმ შენობას, სადაც რადიოა განთავსებული. იგეგმებოდა, რომ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ოფისის დატოვება მოეთხოვათ.

"სინამდვილეში რა მოხდა, მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაცია მოვითხოვეთ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელს ლია მარგოშვილს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ [მიყიდდნენ]. მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა", - ვკითხულობთ "პანკისის სათემო რადიოს" განცხადებაში.

თავად ახმეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი "პანკისის სათემო რადიოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება იმ შენობასთან დაკავშირებით, სადაც რადიოა განთავსებული, არ გამართულა.

"იმდენი საქმე მაქვს მუნიციპალიტეტში, ნამდვილად არ მაქვს დრო, გელა მთივლიშვილზე გავაკეთო კომენტარი... შემოვიდა განცხადება, განმცხადებელი ითხოვდა, რომ შენობა გატანილიყო ღია აუქციონზე... სრული სიცრუეა, შენობის გასხვისებაზე შეხვედრა და მოლაპარაკება არავისთან გვქონია", - უთხრა მერმა რადიო თავისუფლებას.

კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "პანკისის სათემო რადიოს" დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ. საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა მუქარით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ელოდება.